„ხარაგაულში ნიჭიერი თაობა იზრდება, – აღნიშნა ხარაგაულის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ სამუსიკო სკოლაში გამართულ კონცერტზე „მონატრებული მელოდიები“, – დღევანდელი ღონისძიების მონაწილე ბავშვებმა რამდენიმე ხნის წინ შესანიშნავად იცეკვეს ანსამბლ „უბისის“ კონცერტზე, მანამდე კი არაჩვეულებრივად ითამაშეს სპექტაკლში. ისინი ყოველმხრივ ნიჭიერები არიან. დიდი მადლობა მასწავლებლებს. ჩვენს წინ გააცოცხლეთ უსაყვარლესი ფილმები და მონატრებული მელოდიები.“

ხარაგაულის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად შეასრულეს პოპულარული მელოდიები ქართული და უცხოური ფილმებიდან. ღონისძიებას ალამაზებდა სამუსიკო სკოლის გოგონათა ანსამბლის მიერ შესრულებული სიმღერები კინოფილმებიდან. სამუსიკო სკოლის ყოფილმა მოსწავლემ გიორგი მუხურაძემ შეასრულა რამდენიმე მელოდია კინოფილმიდან „ვერის უბნის მელოდიები“. პედაგოგმა დარეჯან გვაძაბიამ მოსწავლეებთან ერთად წარმოადგინა ნაწყვეტი მიუზიკლიდან „კონკია“.

სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ აღნიშნა, რომ ხარაგაულში აქტიური კულტურული ცხოვრებაა და წარმატებებიც სახეზეა. მან სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს გადასცა დიპლომები და სიგელები სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებებისათვის.

თამთა გოგოლაძე

kinomusika