ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ლატვიაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, სპექტაკლით – „მაცეკვე ტანგო“.
საერთაშორისო ფესტივალი „თამაშები სიამოვნებისთვის“ წელს მეჩვიდმეტედ იმართება და მასში ლიეტუას, ლატვიის, საქართველოსა და დანიის თეატრები მონაწილეობენ. საქართველოს ამ ფესტივალზე ხარაგაულის თეატრი წარადგენს.
ლატვიის ქალაქ ლიმბაჟში ეს ფესტივალი 15-17 სექტემბერს გაიმართება.
„ფესტივალის შინაარსიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ სპექტაკლი „მაცეკვე ტანგო“ დაგვედგა, – ამბობს ხარაგაულის თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე, – ძალიან ძნელია უცხოელი მაყურებლისთვის თამაში. ამ სპექტაკლის თემატიკა ისეთია, რომ უფრო ადვილად გასაგებია მათთვის; თუმცა უნდა ითქვას, რომ ლატვიელმა მაყურებელმა გასულ წლებში შესანიშნავად აღიქვა ჩვენი სპექტაკლები „თანამდევი სული“, „დარისპანის გასაჭირი“, და „ორნი“.
პირველად ამ ფესტივალში ხარაგაულის თეატრი 1991 წელს ჩაერთო. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2015 წელს, ფესტივალზე ისევ მიგვიწვიეს. წელს ჩვენი თეატრი ამ ფესტივლში მეხუთედ ერთვება.
ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თეატრის დასის წევრებისთვის მხოლოდ სამგზავრო ბილეთები შეგვიძინეს; ყველა სხვა ხარჯს (სასტუმრო, კვება და ა.შ.) ფესტივალი აფინანსებს.
„თამაშები სიამოვნებისთვის“ მაღალი დონის საერთაშორისო ფესტივალია, რომელშიც მონაწილეობენ ბალტიისპირეთის ქვეყნები; წლების განმავლობაში ფესტივალში ერთვებოდნენ შვედეთის, დანიის, უკრაინის თეატრები. საქართველოდან ამ ფესტივალში ყოველთვის ხარაგაულის თეატრი მონაწილეობს.
გველოდებიან დიდი სიყვარულით. ამდენი წლის განმავლობაში თითქმის კვირა არ გავა, რომ არ შევეხმიანო ჩემს მეგობრებს ლატვიაში. ისინიც ყოველთვის ინტერესდებიან ჩვენი თეატრის ცხოვრებით. ჩვენი ლატვიელი კოლეგები არიან ნამდვილი პატრიოტები საკუთარი ქვეყნისა და იმ საქმის, რომელსაც ემსახურებიან. ვფიქრობ, მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.
ორშაბათიდან ფესტივალისთვის ინტენსიურ მზადებას ვიწყებთ. საჭიროა, სპექტაკლი ცოტა შევკვეცოთ, დავამატოთ ისეთი ელემენტები, რაც უფრო ეფექტური იქნება უცხოელი მაყურებლისათვის.
„მომღერალ თეატრს“ გვეძახიან და დიდი სიხარულით ვამზადებთ ხოლმე ლატვიურ სიმღერებს. ფესტივალის გახსნასა და დახურვაში ყოველთვის სიმღერებით ვმონაწილეობთ, ვმღერით ლიეტვურ და ქართულ სიმღერებს.
დიდი მადლობა ყველას, ვინც შეგვიწყო ხელი, რომ ამ ფესტივალში ჩავერთოთ. ფესტივალი ჩვენი სპექტაკლით იხსნება ლიმბაჟში, ახალგაზრდობის სასახლეში. დეკორაციებს ლატვიელი კოლეგები გვახვედრებენ, რადგან ტრანსპორტირებას ვერ ვახერხებთ. ჩვენი დეკორაციების ფოტოები გავაგზავნე და დარწმუნებული ვარ, მცირე დეტალების ჩათვლით, ყველაფერს გამზადებულს დაგვახვედრებენ.
ეს არის უდიდესი სიყვარულის გამოხატულება და ამ სიყვარულს უნდა გამართლება, მოფრთხილება და შენარჩუნება. დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც ხარაგაულში კიდევ ერთხელ ჩამოვა ეს არაჩვეულებრივი დასი და ვფიქრობ, ამაში ისევ დაგვიჭერენ მხარს, როგორც ეს მოხდა 2018 წელს“.
სპექტაკლის „მაცეკვე ტანგო“ პრემიერა ხარაგაულში 2022 წლის ივნისში გაიმართა. პიესა ეკუთვნის ნინო მირზიაშვილს, ხოლო სპექტაკლის რეჟისორია ირინე ჩხეიძე.
თამთა გოგოლაძე
ასევე დაგაინტერესებთ: ხარაგაულის თეატრი ლატვიაში მიემგზავრება
ხარაგაულისა და ლიმბაჟის მეგობრობა უნდა გაგრძელდეს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი