სლოვენიაში ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას, 28 აგვისტოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა 2030 წლისთვის გაფართოების „მკაფიო მიზანი“ უნდა დასახოს.

„ვფიქრობ, 2030 წლისთვის გაფართოებისთვის ორივე მხარე მზად უნდა ვიყოთ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის მომდევნო გრძელვადიან ბიუჯეტში საჭირო იქნება ჩვენი საერთო მიზნების შეტანა. ეს არის ამბიციური, მაგრამ აუცილებელი მიზანი, რაც საკითხისადმი ჩვენს სერიოზულ დამოკიდებულებას ასახავს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

პრეზიდენტ მიშელის თანახმად, ეს რეფორმების გატარებას დააჩქარებს და ინვესტიციებს შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, გაუმჯობესდება ურთიერთგაგება ევროკავშირსა და მის მომავალ წევრ სახელმწიფოებს შორის.

„შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა. და ჩვენ შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ამიტომ ევროკავშირის ლიდერები გაფართოებას ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრებზეც განიხილავენ. ჩვენ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე მტკიცე პოზიციას დავიკავებთ. გარდა ამისა, მე მოველი, რომ დღის წესრიგში ბოსნია და ჰერცეგოვინისა და საქართველოს საკითხებიც დაბრუნდება“, — აღნიშნა შარლ მიშელმა.

თუმცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ წევრობა არის და იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. „ეს ნიშნავს სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. და ბრძოლას კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან. ეს ასევე ნიშნავს ეკონომიკურ მზადყოფნას, კერძოდ, ევროკავშირის ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის (EU acquis) მიღებას. და ჩვენ მხარეს დგომას საგარეო პოლიტიკაში – რაც დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – დაურთო პრეზიდენტმა მიშელმა.