თავდაცვის სამინისტროსგან გავრცელებული ინფორმაციით, 29 აგვისტოს, შოვში სამძებრო სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, 50 წლის სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
მანამდე, 7 აგვისტოს, ასევე შოვში სამაშველო-სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობისას, ასევე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა 48 წლის პოლიციელი.
სტიქიის ზონაში მაშველთა დაღუპვის ფაქტებს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება და ამბობს, რომ პრობლემა შრომითი უსაფრთხოების დაუცველობაა.
„მოხდა ტრაგედია, დაგვეღუპა სამაშველო სამუშაოების დროს ორი ადამიანი. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ მათ გვერდში ფსიქოლოგი რომ ჰყოლოდა, ეს არ მოხდებოდა. მაგრამ შრომის (სამუშაო მოვალეობების შესრულების) დროს ადამიანების ტრაგიკული გარდაცვალების თავიდან ასაცილებლად ფსიქოთერაპია, როგორც მეთოდი, არ არის შესაბამისი.
და რა არის შესაბამისი, კარგად არის ცნობილი – შრომის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების დაცვა და პერსონალზე ზრუნვა, რაც ნოლზეა საქართველოში და ამის გამო ყოველ წელს გვეღუპება თანამემამულეები. თუმცა, ეს პრობლემა მხოლოდ მაშინ ხდება ხოლმე მსჯელობის საგანი, როცა ურემი გადაბრუნდება, და თან ხშირად არასწორი მსჯელობის საგანი ხდება.
ახლაც, ფსიქოლოგიურ დახმარებაზეა საუბარი, ნაცვლად იმისა, რომ შრომის უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვაზე ზრუნვა მოვთხოვოთ სახელმწიფოს.
კეთილი ნება თუ იარსებებს, კარგად არის ცნობილი, სინამდვილეში, რა უნდა კეთდებოდეს:
ველზე ასეთ ტრაგიკულ, ემოციურად მძიმე სიტუაციაში სამუშაოდ პერსონალის გაგზავნამდე საჭიროა ამ პერსონალის რეგულარულად მომზადება-გადამზადება, მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მუდმივი მეთვალყურეობა და მასზე ზრუნვა; ზრუნვა, სანამ ტრაგედია მოხდება.
ტრაგედია რომ მოხდა, ველზე სამუშაოდ გაგზავნამდე საჭიროა პერსონალის კვლავ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, და ამას გარედან მისული მოხალისე ფსიქოლოგი ვერ გააკეთებს – არ მიუშვებს უწყება.
უშუალოდ ველზე მუშობა უნდა რეგულირდებოდეს – ექვემდებარებოდეს როტაციას. არ შეიძლება, რომ ადამიანი ასეთ ფიზიკურად და ემოციურად უმძიმეს სამუშაოს 10 დღე მიყოლებით აკეთებდეს. და თუ როტაცია არ ხდება, ფსიქოთერაპიით ვერ ვუშველით ამ პრობლემას.
შრომითი უსაფრთხოების დაცვაა აქ თანამშრომლების დაკარგვის თავიდან აცილების მეთოდი. ისევე, როგორც სამხედრო სამსახურში; პერსონალი როტაციით უნდა იცვლებოდეს, ერთმანეთს უნდა ცვლიდნენ.
ადგილზე უშუალოდ უნდა იყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას არ სჭირდება ფსიქოლოგის და ფსიქიატრის, გინდა ფსიქოთერაპევტის განათლება – ამაში მთელი პერსონალი უნდა იყოს გადამზადებული, და თანატოლი თანატოლს პრინციპით მიდიოდეს დახმარება. გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება თვითონ ამ სამსახურის ნაწილი უნდა იყოს.
ველზე გარკვეული დღეების მუშაობის მერე ასევე სპეციალური ზრუნვაა საჭირო, და ფსიქოლოგს და ფსიქოთერაპევტს მანდ ნაკლებად აქვთ როლი, ეს პერსონალზე ზრუნვის შიდაუწყებრივი სტრატეგია უნდა იყოს.
აქ პრობლემა შრომითი უსაფრთხოების არდაცვაა. სამაშველო სამუშაოებისას და მშენებლობაზე მუშაობისას ჩვენი თანამოქალაქეების დაღუპვა ერთი რიგის მოვლენებია, ერთი რიგის ტრაგედიაა“, – ამბობს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზამთრისთვის
მანანა ტაბაშიძე – ამ სახელისა და გვარის გაგონებისას ბევრს
იმერული ღვინის კონკურსში – Imeretian wine Challenge 2024
დღეს, 4 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის