საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივით 13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულებისთვის დაიწყო თანხების შეგროვების კამპანია, რომელიც ვებ პლატფორმა „Ammado.com“-ზე მიმდინარეობს. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ადამიანსა თუ კომპანიას, რომელსაც სურვილი აქვს სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს შეუმსუბუქოს მდგომარეობა. კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ვებ გვერდს www.redcross.ge, ასევე Facebook-ის გვერდზე „Georgia Red Cross Society“ განთავსებულ ბმულს: https://www.facebook.com/GeorgiaRedCross/app_11539044547

„Ammado“ უნიკალური გლობალური პლატფორმაა, რომელიც საშუალებას იძლევა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ინტერნეტის მეშვეობით შეგროვდეს თანხები არამომგებიანი ორგანიზაციებისათვის, რომლებიც, თავის მხრივ, საჭიროების მქონე ადამიანებს დაეხმარებიან. ფულადი გადარიცხვები შესაძლებელია 75 ვალუტაში, 20-ზე მეტი გადახდის მეთოდის გამოყენებით. დონაციის პლატფორმას სასურველი ენის შერჩევის ვარიანტიც გააჩნია.

„Ammado“ რეკომენდირებულია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მიერ როგორც ფონდების მოძიების ეფექტური ინსტრუმენტი. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების უმეტესობა უკვე დიდი ხანია სარგებლობს „Ammado“-ს უნიკალური შესაძლებლობით. ვებ პლატფორმით ასევე სარგებლობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიც არის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ და UNHCR.

ცოტა ხნის წინ „Ammado“-მ მომხმარებლებს შესთავაზა ახალი შესაძლებლობა, რომლის მიზანია კატასტროფის დადგომიდან რამდენიმე წუთში დაიწყოს თანხის მოძიების კამპანია და შეგროვდეს თანხები სპეციალურად სტიქიით დაზარალებული ადამიანებისათვის. აღნიშნული სიახლე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების მუშაობის პრინციპებსა და მეთოდიკას ითვალისწინებს.

„Ammado“-ზე ფონდის მოძიებისა და შეგროვების პროცედურა გამჭვირვალეა. ყველა შემომწირველს აქვს საშუალება მიუთითოს შემოწირული თანხა, საკუთარი ან კომპანიის სახელი. ასევე ვებ პლატფორმის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ თვალი ადევნონ კამპანიის მსვლელობას, აკონტროლონ თანხები და შემომწირველების ვინაობა. შემოწირული თანხები „Ammado“-ს ანგარიშზე გროვდება და თვეში ერთხელ ირიცხება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შემოწირულობის ანგარიშზე.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტის, ნათია ლოლაძის განცხადებით,  „Ammado“ თანხების მოძიების ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რადგან განჭვირვალობიდან გამომდინარე, მის მიმართ ნდობა ძალიან მაღალია. „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ 8-14 მაისის კვირეულში ჩაატარა საქველმოქმედო აქცია – „სასურსათო კალათა 2015“, ჰიპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“-ს და თბილისის მერიის მხარდაჭერით, რომელიც გულისხმობდა საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის ერთჯერად დახმარებას სურსათით. ეს აქცია იყო „Ammado”-ს დებიუტი. ფონდების მოძიება მიმდინარეობდა, როგორც ჩვენი უკვე აპრობირებული ინსტრუმენტის „შემოწირულობის ყუთი“-ს მეშვეობით, ასევე „Ammado“-ს პლატფორმითაც, რამაც საგრძნობლად გაზარდა საქველმოქმედო ფონდის თანხები“.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო რეგულაციების თანახმად, არსებობს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ფონდების მაძიებელთა ეთიკისა და პროფესიონალური ქცევის კოდექსი „Code of Ethics and Professional Conduct for Red Cross and Red Crescent Fundraisers“, ასევე არსებობს კატასტროფების ზიანის შემცირების ფონდი,  „Disaster Relief Emergency fund/ DREF“, რომელიც არის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის კატასტროფებზე რეაგირების საგანგებო ფონდი. მისი მიზანია კატასტროფების შედეგებზე სწრაფი რეაგირება. ფონდი ეფუძნება საერთაშორისო რეგულაციებს და სტანდარტებს. საერთაშორისო ფედერაცია განაცხადის სახით რეგულარულად მიმართავს ეროვნულ საზოგადოებებსა და სახელმწიფოებს ფონდისთვის საჭირო თანხების მობილიზებისათვის.

შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს თბილისში მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 3 ითვლება დაკარგულად. რამდენიმე ასეული ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. ისინი დროებით თავშესაფრებში არიან გადაყვანილი და მუდმივად საჭიროებენ საკვებით, მედიკამენტებით, პირველად მოხმარებისა და ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფას. ამ ეტაპზე დაზარალებულ ოჯახებს ამის საშუალება არ გააჩნიათ.