ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „უბისი“ ბულგარეთის ქალაქ ნესებრში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „შავი ზღვის მარგალიტი“ გრან-პრი დაიმსახურა. ფესტივალის შესარჩევ ტურში შვიდი ქვეყნის (საქართველო, ბულგარეთი, უკრაინა, სერბეთი, რუმინეთი, პოლონეთი, სკოვაკეთი) 30-მდე ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობდა. დასკვნითი კონცერტისთვის ჟიურიმ 15 ანსამბლი, – მათ შორის „უბისი“ – შეარჩია.
ანსამბლი „უბისი“ (ქორეოგრაფები ზაზა და ელისო ლურსმანაშვილები) მაყურებლებისა და ჟიურის წინაშე „ქალ-ვაჟთა მთიულურით“ წარსდგა. ცეკვამ მქუხარე აპლოდისმენტები და ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ „უბისი“ ამავე ქალაქში დაგეგმილ სხვა ფესტივალის გახსნაზე სტუმრის სტატუსით მიიწვიეს, სადაც „უბისელები“ მაყურებლის წინაშე ასევე წარმატებით წარსდგნენ.
„ემოცია და ყიჟინა არ წყდება, სიხარულით ხვდებიან ჩვენს მოცეკვავეებს, ქართული ცეკვით ცეცხლი დაანთეს ჩვენმა ბავშვებმა, გრან-პრი ჩვენია“, – ემოციებს გვიზიარებს ანსამბლ „უბისის“ წევრის, თამარ ებანოიძის, მშობელი მაია ბერაძე.
„ფესტივალზე გამომსვლელებს შორის „უბისის“ ცეკვა განსაკუთრებით გამოირჩეოდა. სრულიად უცხო ადამიანები მოდიან „უბისელებთან“ და სამახსოვრო ფოტოებს იღებენ; დადებით ემოციებს ვერ მალავენ და გვეუბნებიან – „საქართველო“, „გამარჯობა“, „გენაცვალე“; – ამბობს ანსამბლ „უბისის“ წევრის ვაჩე კურტანიძის მშობელი მარიკა ხარატიშვილი.
„გილოცავთ, ზაზა და ელისო, ამ გამარჯვებას. ბევრ შრომობთ ჩვენი შვილებისთვის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იკისრეთ, რომ „უბისის“ მოცეკვავეებისთვის ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გეჩუქებინათ. ჩვენი შვილები გაეცვნენ სხვა ქვეყნების ქორეოგრაფიას, კულტურა. ეს მართლაც დაუვიწყარი დღეებია ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. მიხარია „უბისის“ წარმატება“, – ამბობს ანსამბლის წევრის, ნოდარ ალავიძის, მშობელი მაკა ბუაჩიძე.
„23 ივლისს გავემგზავრეთ ბულგარეთში. მგზავრობა დამღლელი იყო, თუმცა, ყველამ ვიცოდით, რომ საქართველოს სახელით მივდიოდით და არავის გვქონდა მოდუნების უფლება, – ამბობს ანსამბლ „უბისის“ წევრი ნიკოლოზ მეიფარიანი, – კონცერტის დღეს, მიუხედავად ბევრი ნერვიულობისა, ზაზა და ელისო მასწავლებლის დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და ცეკვის დასასრულს უწყვეტი ტაში, აპლოდისმენტები, ფოტოების გადაღების მსურველთა რიგები დავიმსახურეთ… გრან-პრის გადმოცემისას დავრწმუნდი, რომ ერთწლიანი ინტენსიური შრომა დაგვიფასდა.
ბულგარეთში ფესტივალზე მიღებულმა დაუვიწყარმა ემოციებმა სამომავლოდ მოტივაცია გამიძლიერა. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ შრომას ყოველთვის გამოაქვს შედეგი და სწორედ ეს შედეგი არასდროს დამავიწყდება“.
ათი დღის განმავლობაში „უბისის“ მოცეკვავეების ჯანმრთელობაზე მედდა ლია გიორგაძე ზრუნავდა.
„დამთავრდა ჩემი ბულგარული არდადეგები. მადლობა ელისო და ზაზა ლურსმანაშვილებს პროფესიონალიზმისთვის. მადლობა ბავშვებს, ისინი საუკეთესოები არიან. მადლობა მათ მშობლებს ასეთი კარგი აღზრდისთვის,“ – ამბობს ლია გიორგაძე.
„საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა ჩვენი ანსამბლის მოცეკვავეებისთვის უდიდესი გამოცდილებაა, – ამბობს „უბისის“ ქორეოგრაფი ზაზა ლურსმანაშვილი, – ფესტივალზე საქართველოდან მხოლოდ ჩვენი ანსამბლი მონაწილეობდა. ჩვენი ცეკვის განმავლობაში ოვაციები არ წყდებოდა. ორგანიზატორებმა გრან-პრი რომ გადმოგვცეს, ყველა მონაწილე ანსამბლი გვილოცავდა და გვეუბნებოდა, რომ ჩვენ ამას ვიმსახურებდით.
ფესტივალის მოთხოვნების შესაბამისად, თითოეულ ანსამბლს ან ორი 5-5 წუთიანი ნომერი უნდა შეესრულებია, ან ერთი – 10 წუთიანი. ჩვენ ცეკვა „მთიულურის“ სხვადასხვა მონაკვეთების ნაკრები შევასრულეთ.
ჩვენი ცეკვით აღფრთოვანებულმა, მეორე ფესტივალის ორგანიზატორმა მიგვიწვია კონცერტში მონაწილეობის მისაღებად. იმ ფესტივალზე საქართველოდან გურჯაანისა და თბილისის ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ. სამი დღის განმავლობაში ყოველ დღე ვცეკვავდით, თუმცა „უბისის“ მოცეკვავეების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თითოეულმა მათგანმა არაჩვეულებრივად იცეკვა და საქართველო ასახელა.
იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში საერთაშორისო ფესტივალებში უფრო მეტი ჩვენი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას“.
ბულგარეთის ქალაქ ნესებრში გამართულ წლევანდელ ფესტივალში „უბისის“ 50-მდე მოცეკვავიდან მხოლოდ 29 მოსწავლის ოჯახმა შეძლო ფესტივალში მონაწილეობისთვის საჭირო თანხების გადახდა. გასულ წლებში „უბისის“ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც ფინანსდებოდა. წლევანდელი ფესტივალის ხარჯები მთლიანად მშობლებმა დააფინანსეს.
ანსამბლი „უბისი“ ბულგარეთის ქალაქ ნესებრში გამართულ არტ-ფესტივალზე გრან-პრით 2016 წელსაც დაჯილდოვდა.
თამთა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.