

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 163-ე სეზონის დახურვა თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დახმარებას მიეძღვნა.
ზაქარია ფალიაშვილის სამმოქმედებიან ოპერაში „დაისი“ კიაზოს არია ცნობილმა ბარიტონმა, ხარაგაულელმა მამუკა ლომიძემ შეასრულა.
ბრავო მამუკა!… – შთაბეჭდილებები გააზიარა სოციალურ ქსელში პროფესორმა მამუკა ცუხიშვილმა, – ამ ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა მთელი საქართველო შეძრა. ტრაგედიას სიხარული მოსდევს და ასეთი დღე იყო დღეს, – განსაკუთრებულად ამაღლებული, საოცრად ლამაზი და აღმაფრთოვანებელი.
ზაქარია ფალიაშვილმა თავისი ულამაზესი ქმნილება „დაისი“ უძღვნა გმირულად დაღუპული მარო მაყაშვილის ხსოვნას. არაერთხელ დადგმულია ქართულ და მსოფლიო სცენებზე ფალიაშვილის „დაისი,“ არაერთ დიდებულ და გამოჩენილ საოპერო შემსრულებელს მოუჯადოვებია საზოგადოება და მსმენელი თავისი ხმით.
კულმინაცია მძაფრდება მეორე მოქმედების დროს, როცა დღესასწაული ეკლესიის ეზოში გრძელდება. ცანგალამ კიაზოს მაროსა და მალხაზის შეხვედრის ამბავი შეატყობინა. შურისძიების გრძნობით ანთებული კიაზო ღვინოს ეძალება. მარო აღელვებულია, რადგან მეტოქეების შეხვედრას ელის. ნანო შეყვარებულებს კიაზოს მოახლოებას ატყობინებს. მაროსა და ნანოს თხოვნით მალხაზი მათ გაეცლება. მოულოდნელად განგაში იწყება. სამშობლოს მტერი შემოესია და კიაზო ხალხს ბრძოლისაკენ მოუწოდებს.
კიაზოს არიას კრიჟანოვსკისეული პირველი შესრულებიდან 92 წელი გავიდა. „დაისის“ პირველი წარმოდგენა ყოფილა საოცრება, თავისი მნიშვნელობითა და ფასეულობით.
მამუკა ლომიძის კიაზომ განსაკუთრებულად მოგვაჯადოვა, ბრავო მამუკა!..
გვიხარია, სიამაყით ვივსებით.
ბრავო მამუკა!
მამუკა ლომიძე სპექტაკლსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება:
-ჩემთვის, რა თქმა უნდა, დიდი პატივი და ბედნიერებაა, რომ ამ წლის სეზონის დახურვაზე მომიწვია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა. სეზონი, ტრადიციულად, ყოველთვის ზ. ფალიაშვილის დიდებული ქმნილებით „დაისი“ იხურება. ამ სეზონის დახურვა ისტორიული ფაქტია. ოპერის თეატრის შენობა, რამდენიმე წელია, რემონტდება. წლევანდელი სეზონი კი დაიხურა თეატრის გახსნის მოლოდინითა და ახალი დიდი სამომავლო გეგმებით.
სპექტაკლი დიდებულად წარიმართა, მე ტრადიციულად კიაზოს როლი შევასრულე. გვერდით მყავდნენ ძალიან კარგი მომღერლები, – მაროს შემსრულებელი ნინო ჩაჩუა, – ჩემი პირველი მარო, – ვისთანაც ზუსტად 13 წლის წინ შევასრულე დებიუტი კონსერვატორიაში სტუდენტობის დროს. მალხაზის როლს ასრულებდა ოქროსხმიანი ტენორი არმაზ დარაშვილი. ნანოს როლს ასრულებდა ირინა ალექსიძე, – ამ მომღერალს ხარაგაულის საზოგადოება კარგად იცნობს, არაერთხელ იყო ჩვენი სტუმარი ხარაგაულში გამართულ კონცერტებზე.
სპექტაკლს დირიჟორობდა ბატონი რევაზ ტაკიძე, – დიდებული მუსიკოსი და ბრწყინვალე ადამიანი. შესანიშნავი იყო გუნდი, ორკესტრი. წარმატებულად შედგა სპექტაკლი. ეს იგრძნობოდა მაყურებლის ოვაციებით.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სავარაუდოდ ივლისის შუა რიცხვებამდე ვრჩები საქართველოში. შემდეგ მივფრინავ ლუბლიანაში, – ჯუზეპე ვერდის „ტრავიატაში“ ჟერმონის როლი უნდა შევასრულო ლუბლიანას საოპერო ფესტივალზე. 5 ოქტომბერს პარიზში უნდა შევასრულო რიგოლეტოს როლი ჯუზეპე ვერდის ოპერაში „რიგოლეტო.“
დეკემბერში იტალიაში, ლივორნოს თეატრში, უნდა შევასრულო ალფიოს როლი მასკანის ოპერაში „სოფლის ღირსება.“ მარტში ამავე თეატრში უნდა ვიმღერო ამონასრო ჯუზეპე ვერდის ოპერაში „აიდა.“ სხვათაშორის, ეს სპექტაკლი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ფრანკო ზეფირელის დადგმა ჩამოაქვთ ვერონადან და დგამენ ლივორნოს თეატრში. ფრანკო ზეფირელი ამ მიწიდან, ტოსკანადანაა, წარმოშობით და ამ სპექტაკლს სიმბოლურად აქ, ამ თეატრში, მას მიუძღვნიან. ასეთია ჩემი უახლოესი გეგმები.
თუმცა, სადაც არ უნდა ვიყო და ვიმღერო, ჩემთვის ყოველთვის ყველაზე ძვირფასია ჩემი ხარაგაული!!! მიყვარს ხარაგაული და ყველა ხარაგაულელი.
ლაურა გოგოლაძე
ვიდეო:
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში
„წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად
12 იანვარს ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაპატიმრებული.
განათლების სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, საჯარო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ