23 ივნისს თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლმა, დირექტორ დალი მაღრაძის ინიციატივით, გამართა საქველმოქმედო ღონისძიება სახელწოდებით „ვაგრძელებთ წარსულს.“ მასში მონაწილეობდნენ ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,კახორი“ და ბავშვთა ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,საუნჯე“ (ლოტბარი მაია მაღრაძე, ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე, ხალხური ზეპირსიტყვიერების წრის ხელმძღვანელი თამარ ავალიშვილი).

კონცერტი მიზნად ისახავდა 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას. ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მაყურებელთა შორის იყვნენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია, რეჟისორი ქეთი დოლიძე, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე, ხარაგაულის გამგებლის მოადგილე პაატა გოგოლაძე, გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე. მათ მწუხარება გამოთქვეს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო და დიდი მადლიერება გამოხატეს ქალბატონი დალი მაღრაძისა და თითოეული მონაწილის მიმართ შესანიშნავი ღონისძიების ჩატარებისთვის. მათი თქმით, ფოლკლორი ყველა ქართველისთვის ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს, შესაბამისი სამსახურების დახმარებითა და გვერდში დგომით კი ხალხური სიმღერები და ცეკვები ღირსეულად უნდა გავიტანოთ საქართველოს საზღვრებს გარეთ. საღამოს ესწრებოდა მამა მირიანი  (სამხარაძე), რომელმაც დიდი მადლიერება გამოხატა, დალოცა თითოეული მონაწილე და სრულიად საქართველო.

ღონისძიების ბოლოს ქალბატონმა დალი მაღრაძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, შემოქმედებით ჯგუფს და ყველას, ვისაც წვლილი შეაქვს ფოლკლორის განვითარების საქმეში, განსაკუთრებით კი – ქეთი დოლიძეს გაწეული დახმარებისათვის. მანვე აღნიშნა,რომ აუცილებელია დიდი ყურადღება მიექცეს ფოლკლორის შენარჩუნებასა და განვითარებას, რათა გაგრძელდეს წარსული და ახალ სიმაღლეებს მიაღწიოს.

ანა გოლუბიანი