ხარაგაულში, სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროფესიული სასწავლებელი აშენდება. სასწავლებლის მშენებელობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს, ხოლო მის შემდგომ ფუნქციონირებას, – განათლების სამინისტრო.
პროფესიული სასწავლებელი ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დაქვემდებარებაში იქნება.
ამ სასწავლებლის შენობის პროექტირება და მშენებლობაზე ზედამხედველობა საკონსულტაციო-საზედამხედველო ჯგუფის „ინდუსტრიას“ ვალდებულებაა.
ამ კომპანიის წარმომადგენლებმა – გენდერისა და სოციალური მიმართულების სპეციალისტმა ნონა ჭიჭინაძემ და გარემოს დაცვის სპეციალისტმა სალომე მეფარიშვილმა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეთა მშობლებს ამ პროფესიული სასწავლებლის მშენებლობისა და მის შემდგომ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული დეტალები გააცვნეს.
ნონა ჭიჭინაძის ინფორმაციით, ხარაგაულის პროფესიულ სასწავლებელში მსურველები კულინარიასა და ხეზე კვეთას შეისწავლიან. პროფესიულ სასწავლებელში მიიღებიან მოქალაქეები 15 წლის ასაკიდან. მოსწავლეებს პროფესიის დაუფლების პარალელურად, სკოლაში სწავლის უფლება და შესაძლებლობაც ექნებათ.
პროფესიულ სასწავლებელში სწავლება ორწლიანი იქნება და კურსდამთავრებულები დიპლომებს მიიღებენ; ხოლო ერთწლიანი კურსის გავლის შემთხვევაში – სერტიფიკატებს.
პროფესიულ სასწავლებელში დასაქმებისას პრიორიტეტი ადგილობრივ პროფესიონალებს მიენიჭება, ხოლო თუ ხარაგაულში სპეციალისტი ვერ მოიძებნა, მაშინ განათლების სამინისტრო შეარჩევს.
ნონა ჭიჭინაძემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა გენდერულ და სოციალურ საკითხებზე. ის ამბობს, რომ მშენებლობის დროს ამ მიმართულებით დასაქმებულთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მათ უფლებადამცველებს უნდა მიმართონ.
გარემოს დაცვის სპეციალისტმა სალომე მეფარიშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, მშენებელმა კომპანიამ მშენებლობის პროცესში გარემოს დაცვის კუთხით შემარბილებელი ღონისძიებები დაიცვას.
ხარაგაულში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის პროცესში ხე-მცენარეები არ მოიჭრება, ნიადაგის ნაყოფიერ ფენას კი ისევ ამ სასწავლებლის ეზოს კეთილმოწყობისას გამოიყენებენ. მშენებლობაზე დასაქმებისას პრიორიტეტი ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება.
ხარაგაულში პროფესიული სასწავლებლის შენობის ასაშენებლად ტენდერს განათლების სამინისტრო 2023 წლის შემოდგომაზე გამოაცხადებს. ორსართულიანი, 120 მსმენელისთვის განკუთვნილი შენობა შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება. სამშენებლო კომპანიის შესარჩევად გამოცხადებული ტენდერი სამიდან-ოთხ თვემდე გაგრძელდება, ხოლო მშენებლობა – 12-დან 14 თვემდე.
„ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ხარაგაულელი ახალგაზრდები და ადგილობრივი მოსახლეობა უფასოდ დაეუფლონ პროფესიებს, რაც შემდგომში მათი დასაქმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ნონა ჭიჭინაძე.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.