ახალი სასწავლო წლიდან ვახანის საჯარო სკოლის კარს, პირველად ამ სოფლის ისტორიაში, ბაღგამოვლილი პირველკლასელები შეაღებენ.

საბა ღონღაძე, დათო ფერაძე, გიორგი ყრუაშვილი, ლუკა ჭყოიძე, ლუკა ჭყოიძე, მარი არევაძე, ალიკა არევაძე, პეტრე ცხადაძე გასული წლის 9 ოქტომბრიდან ვახანის საბავშვო ბაღში ემზადებოდნენ სასკოლოდ. მათგან ნაწილი ვახანის საჯარო სკოლის, ნაწილი კი მარელისის საჯარო სკოლის პირველ კლასში გააგრძელებს სწავლას. მათ რვა თვეში მოასწრეს თითქმის ყველა ასო-ბგერისა და შეკრება-გამოკლების შესწავლა.

სულ ვახანის საბავშვო ბაღში 25 აღსაზრდელია. თავიდან ყველას გაუჭირდა ახალი გარემოს შეჩვევა, რადგან ყველა აღსაზრდელისთვის უცხო იყო დედასთან დროებით განშორება, თანატოლებთან და აღმზრდელებთან ურთიერთობა, სასწავლო პროცესში ჩართვა.

„თავიდან იმდენად გაუძნელდათ დედების გარეშე, რომ პირველი კვირის განმავლობაში მშობლებსაც ვტოვებდით თავიანთ შვილებთან, – იხსენებს ვახანის საბავშვო ბაღის გამგე თამარ შარიქაძე, – მალე ყველა შეეჩვია. თითოეულ ჩვენს აღსაზრდელს, როგორც საკუთარ შვილებს, ასე აღვიქვამ. მათგანაც უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ.“

შერეულ ჯგუფში 3-დან 6 წლამდე 25 აღსაზრდელია. სასწავლო პროგრამა ასაკობრივად სწავლებას მოითხოვს. ამიტომ მეცადინეობის დროს აღსაზრდელებს ჯგუფებად ჰყოფენ. სწორედ ამ დროს სჭირდებათ აღმზრდელებს მაია მაღრაძესა და ელზა ფერაძეს ძიძის, – მაგული გუგუნაშვილის განსაკუთრებული დახმარება. კვირაში ორჯერ აღსაზრდელები მუსიკალურ აღზრდას მასწავლებელ შორენა კიკნაძის დახმარებით იღებენ. პატარების ჯანმრთელობაზე ექთანი ნონა ჯოგლიძე, კვებაზე – მზარეული მარინა ფერაძე, ხოლო სისუფთავეზე ცისანა არევაძე ზრუნავენ.

„გული მწყდება, რომ რვა აღსაზრდელი უკვე მიდის,“ – ამბობს აღმზრდელი მაია მაღრაძე და იმედოვნებს, რომ კურსდამთავრებულები სკოლაში არ შეარცხვენენ და თავს ისახელებენ.

ვახანის საბავშვო ბაღში სექტემბრიდან 31 აღსაზრდელი ეყოლებათ. 23 ივნისს კი კურსდამთავრებულებს საზეიმო კონცერტით დაულოცეს გზა სკოლისაკენ უმცროსმა მეგობრებმა, აღმზრდელებმა, ვახანის მონასტრის ბერმა მამა მიქაელმა (აბაშიძე), განათლების პროფკავშირის, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

სოფლის დეპუტატმა მერაბ ღონღაძემ კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ვახანში პირველკლასელები საფუძვლიანად მომზადებულები შეაღებენ სკოლის კარს.

სოფლის რწუნებულმა ზვიად არევაძემ ის დრო გაიხსენა, მოსახლეობის კრებაზე რომ ვახანელები სოფელში ბაღის გახსნის იდეას ვერ იჯერებდნენ და აღნიშნა, რომ სწორედ იმ ადგილას, სადაც დღეს საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, საუკუნის წინ დაწყებითი სკოლა მოქმედებდა.

„ყოველთვის მიხარია ვახანის საბავშვო ბაღში მოსვლა, რადგან ვხედავ, რომ ყველა თავის საქმეს კარგად აკეთებს, – ამბობს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ირმა სებისკვერაძე, – დღევანდელ ღონისძიებაზე მათ რვა თვის მანძილზე შეძენილი ცოდნა შთამბეჭდავად გამოავლინეს.“

„ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, – აღმზრდელებსა და მათ აღსაზრდელებს ლოცავს მამა მიქაელი (აბაშიძე), – ბედნიერები ხართ იმით, რომ ამ პატარებთან საქმიანობთ. ღმერთმა მრავალი თაობა დაგაფრთიანებინოთ.“

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორ ირმა სებისკვერაძის ინფორმაციით, მიმდინარე სასწავლო წელს გაერთიანებაში შემავალ 12 საბავშვო ბაღს 107 აღსაზრდელი დაამთავრებს.

ლაურა გოგოლაძე

vaxanis sabavshvo baghi (10) vaxanis sabavshvo baghi (11) vaxanis sabavshvo baghi (9) vaxanis sabavshvo baghi (8) vaxanis sabavshvo baghi (7) vaxanis sabavshvo baghi (6) vaxanis sabavshvo baghi (5) vaxanis sabavshvo baghi (1) vaxanis sabavshvo baghi (4) vaxanis sabavshvo baghi (3) vaxanis sabavshvo baghi (12)