ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მოსული უხვი ნალექის გამო მდინარე ჩხერიმელა ადიდდა, ხარაგაულის კინოთეატრის მიმდებარედ ჯებირი და შენობის საყრდენი კედელი მოანგრია, წყალმოვარდნის გამო, კინოთეატრის შენობაში სარეპეტიციო დარბაზი დაზიანდა.

რა ბედი ეწევა ხარაგაულის კინოთეატრის შენობას და რა ზომებს იღებს ადგილობრივი ხელისუფლება მის აღსადგენად, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.

„კინოთეატრთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილს ვესაუბრე, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ის ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება და დაბრუნებისთანავე საკონსულტაციო შეხვედრას ვგეგმავთ.

კინოთეატრის მიმდებარედ მდინარის კალაპოტი უნდა შეიცვალოს და ეს ადგილი სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ. ამის შემდგომ შედგება ხარჯთაღრიცხვა და პროექტი, თუ როგორ აღვადგინოთ მდინარის ჯებირი, კინოთეატრის სარეპეტიციო დარბაზი და საგრიმიორო ოთახები.

ამ კუთხით ფინანსები უნდა მოვიძიოთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს რომელიმე ფონდიდან, მთავრობის სარეზერვო, ან სტიქიის ფონდებიდან“.

„ჩემი ხარაგაულის“ შეკითხვაზე, ხომ არ გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლება ხარაგაულში თეატრისთვის ახალი შენობის აგებას, კობა ლურსმანაშვილი გვპასუხობს:

„ამ სტიქიურმა მოვლენებმაც დაგვანახა, რომ კულტურული ღონისძიებებისთვის ალტერნატიული შენობა აუცილებლად გვჭირდება. ახალი შენობის აგებაზე უნდა ვიზრუნოთ და ამისთვის თანხები, შესაძლოა, საგრანტო კონკურსებით მოვიპოვოთ.

საზაფხულო ღონისძიებებისთვის „ღია ესტრადის“ გამოყენებას ვგეგმავთ. კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებას „ღია ესტრადის“ მოწესრიგება დავავალეთ. კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორთან ერთად განვიხილავთ, აქ რომელი კულტურული ღონისძიებების ჩატარებაა შესაძლებელი“.