ხარაგაულის სამუსიკო სკოლა ხვალ, 30 ივნისს, 16:00 საათზე ხარაგაულის კინოთეატრში შარლ პეროს ნაწარმოების მიხედვით დადგმულ მიუზიკლს „კონკია“ გამართავს.

ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დირექტორი ლალი ალექსიძე ამბობს, რომ აღნიშნული მიუზიკლი სამუსიკო სკოლამ 2015 წელს დადგა.

„სცენარი მიუზიკლისათვის მაშინ ირინე ჩხეიძემ დაგვიწერა, ძალიან კარგი გამოვიდა და მაყურებლების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. პანდემიის შემდეგ გვინდოდა, მაყურებლისთვის რაღაც ახალი და საინტერესო შეგვეთავაზებია. გადავწყვიტეთ მიუზიკლი გაგვეახლებინა.

კონკიას როლს ასრულებს სამუსიკო სკოლის მოსწავლე ნიცა ზუმბაძე. ამ მიუზიკლში ასევე მონაწილეობენ სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები.

მიუზიკლზე მუშაობა ძალიან რთული და დამქანცველია. თითქმის დილიდან საღამომდე რეპეტიციები გვაქვს. დიდი მადლობა არაჩვეულებრივ მოსწავლეებს, მათ მშობლებს თანადგომისთვის და რა თქმა უნდა, სამუსიკო სკოლის პედაგოგებს, რომლებიც ჩემთან ერთად მუხლჩაუხრელად შრომობენ, რომ მიუზიკლი საუკეთესო გამოვიდეს“, – ამბობს ლალი ალექსიძე.

მიუზიკლზე დასწრება თავისუფალია.