ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობს, ლუიზა კიკნაძეს 70 წელი შეუსრულდა. ამ თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ორგანიზებით, 25 ივნისს ქალბატონ ლუიზას საიუბილეო საღამო გაიმართა.
46 წელია, ლუიზა კიკნაძე ხარაგაულის თეატრის სცენაზეა. ამ წლების განმავლობაში მან არაერთი საინტერესო როლი განასახიერა. ის ხარაგაულის თოჯინების თეატრის მსახიობიცაა.
ლუიზა კიკნაძე მსახიობური ნიჭით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა, რის გამოც ხარაგაულის სახალხო თეატრის მაშინდელი რეჟისორის, ოთარ აბაშიძის ყურადღება მიიქცია.
პირველი როლი დიდ სცენაზე ოთარ აბაშიძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში „დედამთილი“ შეასრულა – 24 წლის ლუიზა კიკნაძემ 85 წლის ქალი განასახიერა. ეს როლი იმდენად კარგად მოირგო, რომ ხარაგაულელები ქუჩაშიც კი, კარგახანს, „დედამთილოთი“ მიმართავდნენ.
ლუიზა კიკნაძემ სერგო ზაქარიაძის სახელობის სასწავლებელი დაამთავრა. სტუდენტობისას გაიცნო მომავალი მეუღლე ნიკო წიკლაური. ოჯახი შექმნეს და ცხოვრება საღანძილეში გააგრძელეს. ნიკო წიკლაური ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობი გახდა და ამ თეატრის სპექტაკლებში დაუვიწყარი როლები შეასრულა.
ახალგაზრდა ოჯახს ხელს ლუიზას მამა, გოგი კიკნაძე უწყობდა – კონცერტებისა და გასტროლების დროს მცირეწლოვან შვილებს სწორედ მას უტოვებდნენ. სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და თამადგომა ჩაუნერგეს შესანიშნავ, საამაყო შვილებს – გოგიტასა და სოფოს. ლუიზა კიკნაძე და ნიკო წიკლაური ხარობენ რძლით, სიძითა და შვილიშვილებით.
საიუბილეო ღონისძიებაზე ფოტო-ვიდეო კოლაჟით მაყურებლის თვალწინ გაცოცხლდა ლუიზა კიკნაძის როლები. მისივე მონაწილეობით წარმოადგინეს სცენები სპექტაკლებიდან – „ბებრები“, „თანამდევი სული“, „ნატვრის ხე“, „საბრალდებო დასკვნა“, „იმერული რექვიემი“, „სამი გოჭი“; აჩვენეს ნაწყვეტები სატელევიზიო სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ და მამუკა ჭიპაშვილის ფილმიდან „ის, რასაც ვერ მოშლი“, სადაც ლუიზა კიკნაძემ სახასიათო როლები შეასრულა.
იუბილარ მსახიობს ლექსები მიუძღვნეს ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა, სახალხო მთქმელებმა – ვიტალი ფცქიალაძემ, გურამ სახვაძემ და მეუღლემ, ნიკო წიკლაურმა. ღონისძიება ხარაგაულის კვარტეტის სიმღერებმა გაალამაზა.
იუბილარს მიესალმენ და შემოქმედებითი წარმატებები უსურვეს ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით კიკნაძემ და სახალხო თეატრის მსახიობმა გიორგი მაქაძემ. მათ აღნიშნეს, რომ ლუიზა კიკნაძემ, განვლილი ცხოვრებითა და შემოქმედებით, ხარაგაულის საზოგადოებისგან სიყვარული, დაფასება, პატივისცემა და აღიარება დაიმსახურა; ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების წარმოჩენაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.
„მე და ლუიზა პირველად პარტნიორები ვიყავით 30 წლის წინ, სპექტაკლში „დარისპანის გასაჭირი“, – საიუბილეო საღამოზე გაიხსენა რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ, – უსასრულოდ შემიძლია ვილაპარაკო მასზე და მოვეფერო. საერთოდ, ადამიანები ერთმანეთს ძალიან უნდა მოვეფეროთ. ცხოვრება ხანმოკლეა და ერთმანეთს გულები უნდა გავუთბოთ. გვინდა სცენიდან ჩვენს ლუიზას ვუთხრათ, რომ ძალიან გვიყვარს, გვჭირდება და ჩვენს გვერდით კიდევ დიდხანს უნდა ითამაშოს“.
იუბილარმა მსახიობმა ლუიზა კიკნაძემ მადლობა უთხრა დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას და საიუბილეო საღამოს ინიციატორს – ირინე ჩხეიძეს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
სიურპრიზი, რომელიც იუბილარ მსახიობს ღონისძიების ბოლოს ელოდა, ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა – შვილებმა – გოგიტამ, სოფომ, ნინომ და ნუკრიმ პარიზში საგზურით დაასაჩუქრეს.
დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მხნეობას, ბევრი საინტერესო როლის შესრულებას ვუსურვებთ ლუიზა კიკნაძეს. მუდამ გვახარებდეს სცენაზე მისი გამოჩენა.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.