ხარაგაულის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. წ. სპონტიკოს უბანში, ახალდაგებული გზის საფარის ქვეშ განთავსებული წყალგამტარი მილი წვიმის დროს წყალს ვერ ატარებს.

ამის გამო, 19 ივნისს, საღამოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ ხარაგაულში, კოპიტნარის დასახლებაში ძლიერი წყალმოვარდნა გამოიწვია.

წარმოქმნილმა ნიაღვარმა კოპიტნარის მაცხოვრებლები, განსაკუთრებით კი ნოდარ სხილაძის ოჯახი დააზარალა.

წყალმა სხილაძეების ოჯახის ეზო მთლიანად დატბორა. გაანადგურა ეზოს ნარგავები, ყანა და ბოსტანი, დააზიანა ტექნიკა.

ნოდარ სხილაძე ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.

რას აკეთებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება იმისთვის, რომ ყოველი წვიმის შემდეგ ხარაგაულის ცენტრალური საავტომობილო გზა არ დაიტბოროს, – ამ შეკითხვით დ. ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს, საკრებულოს ინფრასტრუქტურულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ბესიკ კვირიკაშვილს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.

ბესიკ კვირიკაშვილი ამბობს, რომ ესაუბრენ საგზაოს წარმომადგენლებს და გვპირდება, რომ „ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს“.

კობა ლურსმანაშვილის თქმით, ხარაგაულში, სასაფლაოს მიმდებარედ წყალგამტარი მილი ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის გზის რეაბილიტაციისას მოეწყო.

„ამ გზის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ეს საკითხი საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინაშე უკვე დავაყენთ, რომ გზის მშენებელმა ეს პრობლემა მოაგვაროს.

კოპიტნარის დასახლებაში წყალმოვარდნა სწორედ ამ მილის გაუმართაობამ გამოიწვია. სხილაძეების ოჯახი დაზარალდა. ჩვენ ველოდებით თანხებს „სტიქიის ფონდიდან“ და მოვაწესრიგებთ ამ ოჯახის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას. სანიაღვრე არხი, რომელიც მათი ეზოს მიმდებარედ უნდა მოეწყოს, ან „სტიქიის ფონდიდან“, ან ხარაგაულის ცენტრალური საავტომობილო გზის მშენებელი კომპანიისთვის გამოყოფილი თანხით დაფინანსდება.

მთავარია, სასაფლაოს მიმდებარედ წყალგამტარი მილი მოეწყოს, რაც მომავალში ხარაგაულში წყალმოვარდნებს გამორიცხავს“, – ამბობს ხარაგაულის მერი.

სოციალურ ქსელში ამ ვიდეოს გამოქვეყნებას ფართო გამოხმაურება მოჰყვა.