ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში ამაგდარი პედაგოგების ინესა კელენჯერიძის, ნელი შარიქაძის, ამ სკოლის ყოფილი საქმეთა მმართველისა და ბიბლიოთეკარის შურა ლაცაბიძის ღვაწლის დასაფასებლად საღამო მოეწყო.

კოლეგებმა და მოსწავლეებმა ამ დამსახურებულ მასწავლებლებთან ერთად გატარებული პერიოდი, საინტერესო ისტორიები და კურიოზები გაიხსენეს. განსაკუთრებით ემოციური იყო გიმნაზიის მოსწავლეების მარიამ მდივნიშვილისა და მარიამ თაბუკაშვილის მიმართვა თავიანთი პედაგოგებისადმი.

„მეხუთე კლასში ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო, როცა ყველა საგანს სხვადასხვა მასწავლებელი გვასწავლიდა,- იხსენებს მარიამ თაბუკაშვილი, – ინესა მასწავლებელო, თქვენ, მათემატიკასთან ერთად, ადამიანობა გვასწავლეთ.

მკაცრი იყავით, მაგრამ ჩვენ თქვენი ეგ სიმკაცრეც გვიყვარდა. გვიხაროდა, გაკვეთილზე თუ თქვენს გაცინებას შევძლებდით. თქვენთან ერთად განტოლებების ამოხსნა გვიყვარდა. იმისათვის, რომ პროგრამას არ ჩამორჩენილიყავით და ყველაფერი სიღრმისეულად გაგვეგო, ჩვენს გამო სკოლაში უთენია მოდიოდით და გვამეცადინებდით. აბა, ეს მოსწავლეების სიყვარული არ არის?!

ნელი მასწავლებელო, თქვენ სიყვარული გვასწავლეთ; მხოლოდ შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის კი არა, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასის, – თავად თქვენი სიყვარული გვასწავლეთ; ოღონდ გაუცნობიერებლად, თქვენი ქმედებებითა და სითბოთი შეგვაყვარეთ თავი; იმ სითბოთი, რომელიც ყველაფერს დაუზარებლად გვაკეთებინებდა. ჩვენ თქვენი სიყვარული და პატივისცემა მთელი ცხოვრება გაგვყვება, მადლობა ყველაფრისათვის“.

გიმნაზიის მათემატიკის პედაგოგი მანანა კიკნაძე ამბობს, რომ როცა სკოლაში იწყებ მუშაობას, მოსწავლეებთან ურთიერთობაზე მეტად რთული ზოგჯერ კოლექტივთან კონტაქტის დამყარებაა. თუმცა, 52 წლის წინ ეს სირთულე მანანა მასწავლებელს უფროსმა კოლეგამ, ინესა კელენჯერიძემ შეუმსუბუქა.

„იმ დროს ამ სკოლაში ასწავლიდნენ რაიონში ცნობილი მათემატიკოსები – ნოესპი ბუაჩიძე, გიორგი დევდარიანი და ბევრად მასზე ახალგაზრდა, მაგრამ უკვე კარგი მათემატიკოსის სახელით ცნობილი ინესა კელენჯერიძე.

ადვილი არ იყო ასეთი მაღალკვალიფიციური სპციალისტების გვერდით საკუთარი ადგილის დამკვიდრება. ჩვენი სკოლის პედკოლექტივის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ღირსეულად შეასრულეს თავისი როლი და ყველა ახალმოსული მეგობრულად მიგვიღეს.

ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინესა კელენჯერიძესთან ურთიერთობა იყო. ეს იყო არა უბრალო ურთიერთობა, არამედ ერთი სპეციალობის ორი ადამიანის თანამშრომლობა. ახალგაზრდა პედაგოგისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც შენს გვერდით ბევრად უფრო გამოცდილი, თავის პროფესიაში ძლიერი, ავტორიტეტული, საკუთარი ცოდნის უშურველად, დაუზარებლად გამზიარებელი კოლეგა დგას.

ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში ბზარი არ ყოფილა. ურთიერთსიყვარულით, თანამშრომლობით, ერთგულებით, მეგობრობით გავიარეთ გრძელი გზა. ახლა ისღა დამრჩენია, კიდევ დიდი ხნის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, შვილებისა და შვილიშვილების კეთილდღეობა ვუსურვო, – ამბობს მანანა კიკნაძე.

„მახსოვს წლები, როცა სკოლები საკუთარი მოსწავლეების მედლის კანდიდატებად წარდგენაზე თავს იკავებდნენ, – იხსენებს გიმნაზიის დირექტორის მოადგილე ნათელა კამკამიძე, – ვინაიდან ასეთ შემთხვევებში სკოლებს ძალიან მკაცრად აკონტროლებდნენ.

შედეგებს სამინისტროს კომისია ამოწმებდა. ჩვენს სკოლას ყოველ წელს 5-7 მედლის კანდიდატი ჰყავდა. არასოდეს დამავიწყდება, როგორი შეუპოვრობით იცავდა ნელი მასწავლებელი მოსწავლის ნაშრომში თითოეულ სიტყვას, არავის და არაფერს ერიდებოდა თავისი სიმართლის დასამტიკიცებლად და მტკიცე არგუმენტებით ყოველთვის უკან დაახევინებდა ხოლმე შემმოწმებელს.

სწორედ მისგან ვისწავლე, როგორი ურყევი უნდა იყო სიმართლისთვის ბრძოლაში.

ძალიან გვწყდება გული ჩვენი ძვირფასი მასწავლებლების პენსიაში გასვლის გამო. რას ვიზამთ, ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ ღირსეული და თავდაუზოგავი შრომის შემდეგ დაისვენოს. ერთი რამ უნდა იცოდეთ,- ყველას ძალიან გვიყვარხართ და ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი იქნებით“.

„საკონტროლოების დროს, ინესა მასწავლებელი, წინასწარ ყველაფერს დაწვრილებით გვამეცადინებდა, – იხსენებს მარიამ მდივნიშვილი, – ჩვენგან მიღებული კარგი ნიშნებით ჩვენზე მეტად თავად ბედნიერდებოდა. არასოდეს დამავიწყდება მისი საყვედურები ჩემდამი იმის გამო, რომ საკონტროლოსთვის სკოლაში სიცხიანი მივედი, – თან მოფერებით, თან გაბრაზებით რომ მსაყვედურობდა, შენი ჯანმრთელობა რომელ საკონტროლოდ ღირსო.

უბრალო სიტყვებით ვერ შევძლებ იმ მადლიერების გამოხატვას, რომელიც ინესა მასწავლებლისადმი ვგრძნობ. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ ჩემი მასწავლებელი იყო.

არ მეგულება ადამიანი, ვისაც ნელი მასწავლებელი არ უყვარდეს. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩემს გულში მისი ადგილის დაკავებას შეძლებს. ნელი შარიქაძე არასოდეს ყოფილა ჩვენთვის მხოლოდ მასწავლებელი, ის თითოეული ჩვენგანის ოჯახის წევრი იყო.

მის გასახარად, ხშირად მოცემულზე ბევრად მეტ საზეპიროს ვსწავლობდით. ნელი მასწავლებლის თვალებში დანახული კმაყოფილება მოტივაციას გვიძლიერებდა. ის არის ადამიანი, რომელზეც მოვუყვები შვილებს, როდესაც მკითხავენ, თუ ვინ იყოს ჩემი მასწავლებელი“.

„27 წელი გაატარა ჩვენს გვერდით ქალბატონმა შურა ლაცაბიძემ, – იხსენებს გიმნაზიის დაწყებითი კლასების პედაგოგი ლემა ბერაძე, – ჯერ საქმეთა მმართველად, შემდეგ – ბიბლიოთეკარად მუშაობდა.

ამ ხნის განმავლობაში არ მახსოვს, ვინმესთვის გული ეტკინოს, ან რაიმე უტაქტო ეთქვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან აღარ მუშაობს, მაინც ჩვენს გვერდითაა. ხშირად ამბობს, – გაზეთი იმისთვის მაქვს გამოწერილი, რომ თქვენი წარმატებების შესახებ წავიკითხოო.

100 წელი რომ ვიცოცხლო, არ დამავიწყდება ერთი შემთხვევა: „მასტერაოთი“ ვმგზავრობ, მეზობელ კუპეში ორი ქალბატონი დავობს, ერთ-ერთი ლელა შარიქაძეა; მეორე ეუბნება, რატომ გადაიყვანე ბავშვი გიმნაზიაშიო.

ლელამ უთხრა: მე მომეცა შანსი, რომ ჩემს შვილს ესწავლა იმ კლასში, სადაც ერთდროულად არიან მასწავლებლები ნელი შარიქაძე და ინესა კელენჯერიძე. მაშინ დიდი სიამაყე დამეუფლა“.

„დღევანდელი ემოცია დაუვიწყარი იქნება ჩემთვის. ვინატრებდი, რომ ასეთი დამოკიდებულება ჰქონოდათ ბავშვებსა და კოლეგებს ჩემს მიმართ ოდესმე, – აღნიშნა ღონისძიებაზე მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) , – თითოეული თქვენგანი, როგორც საკუთარ შვილებზე, ისე ზრუნავთ მოსწავლეებზე. ძალიან ბევრს ნიშნავს ასეთი მასწავლებლები, რომლებიც  არა მხოლოდ ბავშვების განათლებასა და წიგნიერებაზე ფიქრობენ, არამედ მათ საუკეთესო ადამიანებად ჩამოყალიბებაზე.

მოსწავლე დროის უმეტეს ნაწილს მასწავლებლებთან ატარებს. ამიტომ ღირსეული თაობის აღზრდა და ჩამოყალიბება, ფაქტობრივად, პედაგოგების დამსახურებაა. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს დიდი ამაგისათვის“.

„სკოლას დანიშნულება მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდაა, – აღნიშნა ღონისძიებაზე ნელი შარიქაძემ, – ჩვენმა მეუფემ უზარმაზარი შრომა გასწია, რომ ეს სკოლა მოწესრიგებულიყო. ამიტომ ბავშვებო, გთხოვთ, რომ აუცილებლად გაუმართლეთ იმედები ამ ადამიანებს, რომლებიც თქვენთვის შრომობენ და ფიქრობენ.

მადლობა დღევანდელი დღისთვის, რაც მე დღეს მოვისმინე ჩემი კოლეგებისა და მოსწავლეებისგან. მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა. ღმერთმა ყველას სიკეთით გადაგიხადოთ. სანამ ცოცხალი ვიქნები, თქვენი წარმატება მუდამ გამახარებს.

ბავშვებო, დაიმახსოვრეთ, კარგ მასწავლებელს მოსწავლეც ქმნის. მასწავლებელი როცა გრძნობს, რომ გონიერ კლასში შედის, – ისეთ მოსწავლეებთან, რომელთაც გარკვეული მოთხოვნები და ცოდნა აქვთ, – ფსიქოლოგიურად ემზადება და მასწავლებლის ამ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს“.

„ჩემს საყვარელ საქმეს 61 წელი ვემსახურე, – ამბობს ინესა კელენჯერიძე, – ზოგი ამბობს, რომ მათემატიკის ცოდნა გამორჩეულთა ხვედრიაო. არ ვეთანხმები, მათემატიკა რჩეულთა კი არა, იმ ადამიანების ხვედრია, ვისაც სურვილი აქვს, რომ შეისწავლოს.

ამ განწყობით შევდიოდი გაკვეთილებზე და მინდოდა ეს საგანი ისე შემეყვარებია ჩემი მოსწავლეებისთვის, როგორც თავად მიყვარს. მათემატიკა მეცნიერებების მეფეა. მათემატიკა თვით ცხოვრებას სჭირდება.

თუ მე ვხედავდი გონიერ, ნიჭიერ თაობას, რომლებიც არ ამყვნენ, არ მეხმარებოდნენ მათემატიკის ათვისებაში, ბუნებრივია მათთვის საყვედურის თქმაც მიწევდა, ჩხუბიც. ახლა მომეცა შესაძლებლობა, რომ სინანული გამოვთქვა ამის გამო.

თუ ვინმემ ჩემი საყვედური არასწორად გაიგო; თუ ვერ დაინახა ჩემი სურვილი, რომ მათთვის მათემატიკა შემეყვარებინა, გულწრფელ ბოდიშს ვიხდი.

მადლობას სკოლას, ჩემს კოლეგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. უამრავი სიხარული წამიღია ამ სკოლიდან, თითოეული მოსწავლის მიერ მიღებული ფრიადი სიამაყით მავსებდა.

ამდენი მედლის კანდიდატი  გავუშვით, მათემატიკა და ქართული იყო მთავარი. მიუხედავად ამისა, დავიფიცებ, ჩემგან და ნელისგან დაწერილი არც ერთი ფრიადი არ ჩამოქვეითებულა და არც ერთი მოსწავლის მედალი არ გაუქმებულა, ამით ნამდვილად ვამაყობ.

მადლობა, ჩემო პატარებო, – თბილებო, საყვარელო ბავშვებო. სკოლიდან რაც წავედი, – ამ ხნის განმავლობაში გამუდმებით კითხულობდით ჩემს ამბავს.

მადლობა ამ შეფასებისთვის, გაგებისთვის, რომ სულით და გულით მინდოდა ჩემი ცოდნა თქვენს თავებში გადმომეტანა და თუ ამას საყვედურიც მოჰყვებოდა, თქვენი სიზარმაცის გამო, მაპატიეთ. მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა ამას სწორად გებულობდა და უღრმესი მადლობა მათ.

მადლობა დღევანდელი საღამოსთვის, თქვენ მე გამახარეთ, გამამხნევეთ და გამაძლიერეთ. ღმერთმა სიკეთე, ბედნიერება და კარგად ყოფნა არ მოგაკლოთ. ისევ ისე მიყვარხართ, როგორც მიყვარდით მაშინ“…

თამთა გოგოლაძე