სამი კვირის წინ ცოფით დაავადებულმა ძაღლმა ხონში რამდენიმე ბავშვი დაკბინა. ცოფის შემთხვევები სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაფიქსირდა. ამის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოფზე ვაქცინაცია დაიწყო.

რამდენი ცხოველი უნდა აიცრას ცოფზე და კიდევ რომელი დაავადებების საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ცხოველთა ვაქცინაცია, – ამის გასარკვევად სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროს ინსპექტორს, ავთანდილ ვეფხვაძე მივმართეთ.

– შარშან სექტემბერ-ნოემბერში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 3500-ზე მეტი ძაღლი და კატა ავცერით. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ცხოველის ორგანიზმში ერთწლიან იმუნიტეტს გამოიმუშავებს, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ცოფზე ცხოველთა ვაქცინაცია განვაახლეთ.

ვაქცინაცია ამჟამად კიცხის ზონის სოფლებში მიმდინარეობს. ვეტერინარები არსენ კვინიკაძე და ფრიდონ კალანდაძე მუშაობენ და ამ თვეში კიცხის ზონის ყველა სოფელს მოიცავენ. ივლისიდან ვეტერინარების მეორე ჯგუფი დაიწყებს ცხოველთა ვაქცინაციას. ხშირად შინაური ცხოველების დაკბენა ხდება გარეული ცხოველისგან, რომელიც ცოფის ვირუსის მატარებელია. ამიტომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 78-ვე სოფელში უნდა მივიდეთ და ავცრათ ყველა ძაღლი და კატა, რომ ცოფის დაავადების გავრცელება თავიდან ავიცილოთ.

ცხოველისგან ადამიანის დაკბენის შემთხვევაში ვეტერინარული სამსახური ამ ცხოველზე 10-დღიან მეთვალყურეობას ვაწესებთ. თუ ამ ათი დღის განმავლობაში ცხოველი მოკვდა, მთლიანი ლეში ან ცხოველის მოკვეთილი თავი ლაბორატორიაში მიგვაქვს. ცოფის ვირუსის დადასტურების შემთხვევაში იმ სოფელში კარანტინი ცხადდება და ყველა ამთვისებელ ცხოველზე იძულებითი ვაქცინაცია ტარდება, – აიცრება ყველა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი ცხოველი.  ადამიანებს, რომლებიც დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში იყვნენ, ვაქცინაცია სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდებათ.

წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 3755 ძაღლი და კატა უნდა აიცრას. შესაძლოა, ეს რიცხვი 4000-მდეც გაიზარდოს. ვაქცინას მოგვაწოდებენ იმდენს, რამდენსაც მოვითხოვთ. მთავარია, როდესაც სპეციალისტები კარდაკარ დადიან, მოსახლე სახლში იყოს და თავისი ცხოველის დაჭერა მოახერხოს, რომ ვეტერინარმა აცრა ჩაუტაროს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ვეტერინარები, ძირითადად, კერძო საქმიანობას ეწევიან. ამიტომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ისინი ხელშეკრულებით აჰყავს. თითოეულ ჯგუფში ორი ვეტერინარია, თითო სპეციალისტმა დღეში 40 სული ცხოველი უნდა აცრას. 5-დღიანი სამუშაო კვირის განმავლობაში დაახლოებით 200 ცხოველი უნდა აიცრას. სპეციალისტების ტრანსპორტირებას ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ. მათ ჰყავთ საკუთარი მანქანა და საწვავის ხარჯი გათვალისწინებულია ხელფასში.

ვაქცინაციის პროცესში პირადად ჩართული ვარ, დაბა ხარაგაულში ცხოველებს თავად ვცრი. მეპატრონეებს შეუძლიათ, ცხოველი მოგვიყვანონ და ავცრი, ან თუ მოყვანის შესაძლებლობა არ აქვთ, შეუძლიათ დამირეკონ (მობ.: 595 22 11 50) და თვითონ მივალ.

– ბატონო ავთანდილ, მსხვილფეხა პირუტყვის რომელ დაავადებებზე ვაქცინაციას აფინანსებს სახელმწიფო?

– სახელმწიფო აფინანსებს პირუტყვის აცრას ზოონოზურ დაავადებებზე, რომლებიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის. სოფელ ჩრდილში 2020 წელს ჯილეხი დაფიქსირდა. ეს სოფელი უკვე ითვლება კერად, რადგან ჯილეხის ბაქტერია სპორაწარმომქმნელია და ნიადაგში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ძლებს. ამიტომ ამ დაავადებაზე ვაქცინაცია ჩრდილსა და მის მიმდებარე სოფლებში ყოველწლიურად ტარდება.

შარშან ამ სოფლებში 750-მდე სული პირუტყვი აიცრა. წელს თუ მეტი ცხოველი იქნება ასაცრელი, ვაქცინა შესაბამისი რაოდენობით მოგვეწოდება. ამ დრომდე, ჩრდილში 171 ცხოველი აიცრა. რამდენიმე ოჯახში, აცრისას, პირუტყვის მოყვანა ვერ შეძლეს. ვაქცინაცია არ კეთდება მაკეობის ბოლო თვეში მდედრ ცხოველებზე და ხბოებში სამი თვის ასაკამდე. ჩანიშნულია ყველა ეს ოჯახი და ერთ თვეში მათ მსხვილფეხა ცხოველებსაც ავცრით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სხვა ზოონოზური დაავადებების კერები, საბედნიეროდ, არ გვაქვს. ამიტომ სახელმწიფოს დაფინანსებით ვაქცინაცია სხვა დაავადებებზე არ ტარდება.

ზოონოზური დაავადებების გარდა, ზაფხულის პერიოდში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი უნდა აიცრას დაავადება ემკარზე (სოფლებში მას „ჭიჭინას“ უწოდებენ, რადგან ამ დაავადების დროს დაავადებული საქონლის კანი ხელით შეხებისას ჭრიჭინის ხმას გამოსცემს) და ასევე  პასტერელოზზე (ჰემორაგიული სეპტიცემია). ამ დაავადებებზე ვაქცინაცია ფასიანია და ცხოველის მეპატრონემ კერძო ვეტერინარს უნდა მიმართოს. ასევე საჭიროა ძაღლების ვაქცინაცია ჭირზე, რაც ასევე ფასიანია.

ხარაგაულში კვლავ მწვავედ დგას მიუსაფარი ძაღლების პრობლემა. ამ ცხოველებს თუ ცრით და თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან?

– მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაციას ჩვენი სამსახური არ ატარებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე კერძო პირს ეს ცხოველები ჰყავს მიკედლებული და შეუძლია მათი დაჭერა. დაგვიკავშირდება, მივალთ ადგილზე და ავცრით.

მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაცია და სტერილიზაცია-კასტრაცია ხარაგაულის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ვალდებულებაა.

ძაღლების პოპულაციის მართვისთვის, კარგია, სტერილიზაცია-კასტრაციის კაბინეტი ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდეს. ახლა ხარაგაულიდან ცხოველი ქუთაისში უნდა გადაიყვანო. ერთი ცხოველის ოპერაცია დაახლოებით 150-170 ლარი ღირს, ტრანსპორტირება კი დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

სტერილიზაცია-კასტრაციის კაბინეტი თანამედროვე სტანდარტებით უნდა მოეწყოს. ცხოველს ოპერაციის შემდეგ 2-3 დღე ანტიბიოტიკებით უნდა უმკურნალო; ანუ, საჭიროა თავშესაფარიც. ეს თანხებთანაა დაკავშირებული და ვფიქრობ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ამას ვერ გაწვდება.

თამთა გოგოლაძე