ხუნევის თემის სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს ვერტყვიჭალის კულტურის სახლში ღონისძიება მოუწყვეს. ეს შეხვედრა ვერტყვიჭალის სკოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლობით შედგა.
ამ სკოლის დირექტორი და ხუნევის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე ამბობს, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც თაობები ღირსეულად აღზარდეს, მოფერება და დაფასება სჭირდებათ. „ხუნევის, ვერტყვიჭალისა და გედსამანიის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ბევრი ღვაწლმოსილი პიროვნება საქმიანობდა, – ამბობს ლენა აბაშიძე, – ხუთი მათგანი მოვიწვიეთ – ციცო ბუცხრიკიძე – ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ნათელა ხაჩიძე – ხუნევის სკოლის მასწავლებელი, მურად ჩადუნელი – გედსამანიის სკოლის მასწავლებელი, ნათელა ბურჯანაძე და თამაზ გოგოლაძე – ვერტყვიჭალის სკოლის პედაგოგები.
ღონისძიების მიზანია, მომავალმა თაობამ გაიაზროს პედაგოგის პროფესიის სირთულე და მნიშვნელობა; ასევე ისიც, რომ წარსულის დაფასება და ღირსეული პატივის მიგება აუცილებელია“.
მოსწავლეებმა ღვაწლმოსილი პიროვნებების განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრეს, წარმოადგინეს მხატვრული ნომრები. ღონისძიება ხარაგაულის კულტურის ცენტრის შემოქმედებითმა კოლექტივებმა გაალამაზეს.
„ჩემთვის მოულოდნელი და სიამაყით სავსე დღეა, – ამბობს ნათელა ბურჯანაძე, – 46 წელი ვერტყვიჭალის სკოლაში დაწყებით კლასებში ვასწავლიდი. მადლობელი ვარ, რომ საზოგადოებამ ჩემი შრომა დააფასა“.
„სიტყვები არ მყოფნის ემოციის გამოსახატად. 44 წელი ხუნევისა და გედსამანიის სკოლებში ფიზიკა-მათემატიკას ვასწავლიდი. ჩემი კოლეგები და მოსწავლეები ყოველთვის სიყვარულით მახსენდებიან. დღეს ვიგრძენი, რომ ისინიც ძალიან მაფასებენ და ეს უზომოდ მახარებს“, – ამბობს ნათელა ხაჩიძე.
„სკოლა და ბავშვები ძალიან მიყვარს. ამიტომ რამდენიმე წლის წინ მათთან დამშვიდობება გამიჭირდა, – ამბობს თამაზ გოგოლაძე, – ვერტყვიჭალის სკოლაში ისტორიას ვასწავლიდი. ახლა ვფიქრობ, რომ სკოლიდან წამოსვლა ცოტა ვიჩქარე – მოსწავლებთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებდი. ვერტყვიჭალის სკოლაში ჩემი ინიციატივით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქრისტეფორე III ციცქიშვილის (1927-1932 წწ.) სახელობის ოთახი-მუზეუმი გაიხსნა. მადლობელი ვარ, რომ სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგთა შორის მიმიწვიეს“.
მურად ჩადუნელი 40 წლის განმავლობაში გედსამანიის სკოლაში რუსულ ენას ასწავლიდა. ის თანამშრომლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრით კმაყოფილი და ბედნიერია.
ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის აღმზრდელი ციცო ბუცხრიკიძე იხსენებს, რომ მისი აღზრდილები სკოლაში ყოველთვის საუკეთესოდ სწავლობდნენ. ვცდილობდი, პატარებთან ყოველთვის სწორი კომუნიკაცია დამემყარებინა და სასკოლოდ კარგად მომემზადებინაო, – ამბობს ქალბატონი ციცო და დასძენს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება ღონისძიება, საიდანაც ამდენი სითბო, სიყვარული და დაფასება იგრძნო.
ღვაწლმოსილ პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები მერიის კულტურის სამსახურმა, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ და განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონულმა ორგანიზაციამ გადასცა. განათლების პროფკავშირმა ისინი ასევე მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ამაგდარ პედაგოგებს.
ნინო კაპანაძე
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო