შვიდი წელია, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. რამდენიმე კითხვით მივმართეთ სკოლის ექიმს, მარეხ მესირიძეს.
– რამდენად აუცილებელია სკოლაში ექიმის კაბინეტის არსებობა და რა სახის სამედიცინო მომსახურებას ეწევა სკოლის ექიმი?
– სკოლის ექიმის უმთავრესი მოვალეობაა იმ სანიტარულ-ჰიგიენური და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ფიზიკური განვითარების სრულყოფას და ამით მოზარდი თაობის სრულფასოვანი სწავლისა და ჰარმონიული განვითარების საფუძველს ქმნის.
ვამოწმებ სკოლის სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, საკლასო ოთახების სისუფთავეს. ყველა კლასში ვატარებ მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, რაც გულისხმობს ფიზიკური მონაცემების (სიმაღლის, წონის, ტანადობის) შემოწმებას, სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის აღმოჩენას, მხედველობის დარღვევის გამოვლენას; კბილებისა და პირის ღრუს შემოწმებას, კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობის კონტროლს.
ჩემი აზრით, სკოლაში ექიმის კაბინეტის არსებობა აუცილებელია, რათა დროულად მოხდეს პირველადი დახმარების აღმოჩენა როგორც სკოლის მოსწავლეების, ასევე პედაგოგებისა და ტექნიკური პერსონალისათვის საჭიროების შემთხვევაში.
– უმეტესად, რა სახის დავადებებთან გაქვთ საქმე?
– ბავშვები აქტიურად მოძრაობენ, დარბიან, ხშირად ფეხი უბრუნდებათ, ეცემიან, ზოგჯერ ბურთი ან თანატოლის ხელი მოხვდებათ, თვალში მტვერი უცვივათ, ზოგჯერ სიცხე აუწევთ, თავი ან მუცელი სტკივდებათ, გული ერევათ, ცხვირიდან სისხლდენა ეწყებათ და ა. შ. ყველა მათგანს ვუწევ პირველად დახმარებას და შემდეგ ვაცნობებ კლასის დამრიგებელს, რომელიც უკავშირდება მშობელს, რომ ბავშვი სახლში ან სავადმყოფოში წაიყვანონ.
თუ პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ მისი მოგვარება ჩემს შესაძლებლობებს აღემატება, ვიძახებ სასწრაფო დახმარებას. მძიმე ტრავმები იშვიათია, რადგან სკოლაში ვითარებას მანდატურის სამსახური აკონტროლებს.
– რა პრობლემები აქვთ დღევანდელ მოსწავლეებს?
– თანამედროვე ბავშვების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ფიზიკურად ძალიან ცოტას აქტიურობენ. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ცხოვრებამ მოგვიტანა ისე, რომ ბავშვი გონებრივად გაცილებით მეტს შრომობს, ვიდრე ფიზიკურად.
სამწუხაროდ, მშობლებისა და ბავშვებისათვის ფიზიკურ აქტივობაზე მეტად სხვადასხვა დისციპლინის შესწავლაა პრიორიტეტული. თანამედროვე ბავშვები ძალიან დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან.
შეუძლებელია, ბავშვი კომპიუტერთან არ ურთიერთობდეს, მაგრამ უნდა მოვახერხოთ ისე, რომ კომპიუტერის უარყოფითი გავლენა მინიმუმამდე დავიყვანოთ და ვეცადოთ, რომ მოზარდმა მისგან უფრო მეტი სარგებელი მიიღოს, ვიდრე ზიანი.
საყურადღებოა თამაშებზე დამოკიდებულებაც; მოზრდილისაგან განსხვავებით, ბავშვის ფსიქიკა ჩამოუყალიბებელია და მასზე კომპიუტერის გავლენა უფრო ძლიერია. ამიტომ კომპიუტერთან მისი ურთიერთობა რაციონალური და დროში შეზღუდული უნდა იყოს.
დიდი პრობლემები შეინიშნება კვების თვალსაზრისითაც. ბავშვი დღე-ღამის მნიშვნელოვან ნაწილს სკოლაში ატარებს და ამის გამო ხშირად სწორ კვებას ვერ ახერხებს. ამიტომ მშობელმა თვალი უნდა ადევნოს, რომ მისი შვილი ნასაუზმევი გამოვიდეს სახლიდან. ბავშვის კვების რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი და დაბალანსებული.
ყველას გვსურს, აღვზარდოთ როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად და გონებრივად, ჰარმონიულად განვითარებული ბავშვები. ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება და ამიტომ ერთად უნდა იბრძოდეს როგორც მშობელი, ასევე სკოლა და საზოგადოება.
მადლობას ვუხდით ქალბატონ მარეხს ინტერვიუსთვის და გვინდა, დავსძინოთ, რომ ის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, პროფესიონალიზმით გამორჩეული, გულისხმიერი პიროვნებაა, ყველა იმ საუკეთესო თვისებით დაჯილდოებული, რომელიც ექიმს უნდა ახასიათებდეს, ამიტომაც უყვართ და ენდობიან მას ბავშვები და სკოლის თანამშრომლები.
ნოდარ ალავიძე
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო