კორონავირუსის პანდემიის შემდგომ ხარაგაულში კულტურული ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

ტრადიციულ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებთან ერთად წელს კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული“ შემოგვთავაზა.

ეს ფესტივალი მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, ინტელექტუალური, შემეცნებითი და სათავგადასავლო ღონისძიებებით იყო დატვირთული. ახალგაზრდულ ფესტივალში მუნიციპალიტეტში მოქმედი 26-ვე სკოლის მოსწავლეები ჩაერთვნენ.

სახალხო, თოჯინების, ლიტერატურული თეატრები; ფოლკლორული, საესტრადო და ქორეოგრაფიული ანსამბლები, სამუსიკო სკოლის მოსწავლეები, მოსწავლეთა სახლის კოლექტივები, სხვადასხვა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ხარაგაულელები აქტიურად არიან ჩართულები როგორც ადგილობრივ, ისე ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულ ღონისძიებებსა და კონკურსებში.

არაერთი საინტერესო პროექტის ავტორი და მასპინძელია ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი.

ივნისში ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი შემდეგ ღონისძიებებს გვთავაზობს:

17 ივნისს ხარაგაულის იუმორისტული გუნდი „ჭირიმე“ მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის ქართული ლიგის ფინალში იასპარეზებს;

22 ივნისს ხარაგაულის სახალხო თეატრი  ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში იმერეთის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლს „დოდოს მოლოდინში“ გამართავს;

ივნისში ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ალდე კაკაბაძისა და სხვა ცნობილი კერამიკოსების კერამიკული ნამუშევრების მუდმივმოქმედი ექსპოზიცია გაიხსნება.

კულტურის და ხელოვნების ცენტრისა და ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელები  – მამუკა ჭიპაშვილი და ირინე ჩხეიძე მათ საქმიანობაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.

ირინე ჩხეიძის თქმით, აუცილებელია, რომ ხარაგაულის სახალხო და თოჯინების თეატრებს ცალ-ცალკე შენობები ჰქონდეს. ხარაგაულში ღონისძიებებისთვის ერთადერთი ადგილი 300 მაყურებელზე გათვლილი კინოთეატრის შენობაა და ეს საკმარისი არ არის. თოჯინების თეატრს ესაჭიროება ცალკე დარბაზი, რომელიც სხვა ღონისძიებებისთვისაც გამოდგება;

განახლებას საჭიროებს სპორტსკოლის ინვენტარი.

კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ყურადღებას ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ამახვილებს:

  • საღანძილის ბიბლიოთეკის შენობის დემონტაჟის შემდეგ წიგნადი ფონდი საბავშვო ბაღის შენობის ერთ ოთახში შეიტანეს. თუმცა, ბიბლიოთეკას არ აქვს ცალკე შენობა და თაროები, სადაც ეს წიგნები განთავსდება;
  • ბაზალეთის ბიბლიოთეკისთვის დროებით გამოყოფილ შენობაში სავალალო მდგომარეობაა, სადაც არც ელექტროენერგიაა და არც სათანადო პირობები. უახლოეს ხანში ბაზალეთში ბიბლიოთეკისთვის ახალი შენობის აგება იგეგმება;
  • ბორითის კულტურის სახლი და ფოლკლორული ანსამბლ „ოდილას“ სარეპეტიციო დარბაზი სარემონტოა;
  • ხარაგაულის კულტურის ცენტრის დარბაზი, სადაც თოჯინების თეატრი უნდა განთავსდეს, მძიმე მდგომარეობაშია;
  • ინოვაციების ცენტრის მოძველებული ტექნიკა განახლებას საჭიროებს. ამ მიზნით კულტურის და ხელოვნების ცენტრმა შეიმუშავა პროექტი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან (GIZ) მხარდაჭერას ელოდებიან;
  • კულტურის ცენტრის შენობაში განთავსებული საცეკვაო დარბაზების გვერდით უნდა მოეწყოს მოცეკვავეებისთვის ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახი;
  • ხარაგაულის მუზეუმის ღობე შეკეთებას აღარ ექვემდებარება და მისი გამოცვლა აუცილებელია;
  • ხარაგაულის სახალხო თეატრს ესაჭიროება გარდერობისთვის ოთახი, სადაც განთავსდება თეატრის მსახიობთა კოსტიუმები.
  • პრობლემაა ბიბლიოთეკარების, მსახიობებისა და მომღერლების დაბალი სახელფასო ანაზღაურება;
  • საჭიროა, რომ კულტურისა და ხელოვნების ცენტრს საკუთარი ტრანსპორტი ჰყავდეს. ეს სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობისთვის ტრანსპორტირების ხარჯს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„კულტურის და ხელოვნების ცენტრი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარით ფინანსდება. ამ ცენტრის ორგანიზებით ღონისძიებები კი, უმეტესად, მუნიციპალიტეტის ცენტრში ტარდება, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – მიმაჩნია, რომ კულტურული ცხოვრება სოფლებში უნდა გავაძლიეროთ.

ახალგაზრდულმა ფესტივალმა ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გაგვაცნო. მათი უმრავლესობა სცენაზე პირველად გამოვიდა. 21-ე საუკუნეა და ბავშვებს თოჯინების თეატრი არ აქვთ ნანახი.

ხარისხიანი ღონისძიებების მომზადებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომლებს ამისთვის მოტივაცია არ გვაკლია. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოსაგვარებლად კი მეტი დაფინანსებაა საჭირო“.

ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრისა და ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობები საკრებულომ 5 ივნისის სხდომაზე განიხილა და დადევითად შეაფასა.

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მარინე ხვედელიძემ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლებისას აუცილებელია ახალგაზრდების მოსაზრებების გათვალისწინება, ხოლო ახალგაზრდული ფესტივალი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

ნინო კაპანაძე