დღეს, პირველ ივნისს, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი იუბილარია – მისი ამოქმედებიდან  71 წელი გავიდა.

საკუთარი იუბილე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ნინოობა ხარაგაულის მოსწავლეთა სახლმა ტრადიციული კონცერტით აღნიშნა.

ხარაგაულის კინოთეატრის სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ლიტერატურული თეატრის წრის (პედაგოგი ლალი შარაშიძე),  საესტრადო სიმღერისა წრისა (პედაგოგი დარეჯან გვაძაბია) და საგალობლების წრის (პედაგოგი თორნიკე ბაკურაძე) მოსწავლეები.

ღონისძიებაში ჩაერთვნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული ლეღვნისა და მარელისის, ასევე ბორის ხალხური სიმღერებისა და საკრავების წრის მოსწავლეები (პედაგოგები ირინა შარიქაძე და რევაზ შარიქაძე).

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები.

სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა მარი ბარბაქაძის ფოტომ, ხოლო ჟიურის რჩეული გახდა ნინო შარიქაძის ნამუშევარი. გამარჯვებულებს საჩუქრები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვიცემერმა – ვარლამ ჭიპაშვილმა გადასცა.

„ღონისძიებისთვის სამზადისი თითქმი ორი თვეა მიმდინარეობს. ბავშვებს ამ კონცერტში მონაწილეობა განსაკუთრებით ახარებთ. ღონისძიების მომზადებაში გასაკუთრებული წვლილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის პედაგოგმა დარეჯან გვაძაბიამ შეიტანა“, – ამბობს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორის მოადგილე მაია ბლუაშვილი.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა ღონისძიებაში მონაწილე და დარბაზში მყოფ ბავშვებს ნაყინები დაურიგა.