

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილის ინიციატივით საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელა 2009“-ის წინაშე მდგარი პრობლემების საჯარო განხილვა 17 ივნისს გაიმართა.
შეხვედრას საკრებულოს წევრები და საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გუნდში 20 ფეხბურთელიდან ცხრა ხარაგაულელია. მათი სახელფასო ანაზღაურება 400-დან 600 ლარამდე მერყეობს და ეს ფეხბურთელების კლასზეა დამოკიდებული. ამას კი კლუბის მენეჯმენტი განსაზღვრავს.
„ისმის ხოლმე მოსაზრება, – ფეხბურთის დასაფინანსებლად გაღებული ფული წყალში გადაყრილია და ხომ არ ჯობია, ბავშვთა ფეხბურთისკენ მივმართოთ თანხებიო. ამჟამად ბავშვების ორი ასაკობრივი ჯგუფი ვარჯიშობს. მათი ინტერესია, რომ მომავალში ითამაშონ „ჩხერიმელაში.“ ბავშვთა გუნდის ორი მწვრთნელი გადაამზადა კლუბმა,“ – აღნიშნა შეხვედრაზე ვარლამ თავზარაშვილმა.
„ჩხერიმელა 2009“-ის ბუღალტერის, როსტომ მესხის განმარტებით, პირველი ლიგის გუნდის დაფინანსებისთვის საჭიროა 250-260 ათასი ლარი, რომ შევინარჩუნოთ ადგილი ბოლო ხუთეულში. „ბევრი მუნიციპალიტეტი ოცნებობს პირველ ლიგაში გუნდის ყოლაზე. ამჟამად გაცემულია ფეხბურთელების ანაზღაურება, მაგრამ ორი თვეა, ადმინისტრაციას არ მიუღია ხელფასი. 140 ათასი ლარი დაიგეგმა წელს ჩვენი გუნდის დასაფინანსებლად და ეს არასაკმარისია,“ – აღნიშნა ბუღალტერმა.
დეპუტატი დავით კიკნაძე ამბობს, რომ „ფეხბურთის გუნდის არსებობა აუცილებელია და ის ისეთივე მნიშვნელოვანია გულშემატკივრებისთვის, როგორც კინო და თეატრი.
შეხვედრაზე კლუბის ადმინისტრაციამ წარადგინა 2014-2015 წლებში კლუბის ხარჯები:
ადმინისტრაციის ხელფასი – 56 ათასი ლარი, ფეხბურთელების ხელფასი – 78 ათასი ლარი, 3 502 ლარი პრემია, რბილი ინვენტარი (ბურთები და ფორმა) – 3 729 ლარი, საკანცელარიო ნივთები – 100 ლარი, მედიკამენტები – 490 ლარი, ტრანსპორტის დაქირავება – 2 700 ლარი, ელენერგიის ხარჯი – 1832 ლარი, წყლის გადასახადი – 1032 ლარი, ინტერნეტი და ტელეფონი – 525 ლარი, კვება 23 746 ლარი, გუნდის შეკრება-მომზადება და ბინის ქირა – 6 704 ლარი, ფედერაციის საწევრო – 10 ათასი ლარი, ფეხბურთელის სანოტარო სატრანსფერო მომსახურება – 217 ლარი, ელექტრო და მცირე სამეურნეო იარაღი – 695 ლარი, მივლინება – 186 ლარი.
„ყველაზე დიდი დანაშაული, რაც აქვს კლუბს ისაა, რომ ტენდერზე არ გაიტანა კვების თანხა. ეს შეუძლებელია თანხის სიმცირის გამო. ერთი ფეხბურთელის კვება დღეში სხვა კლუბებში საშუალოდ 11 ლარი ჯდება. ჩხერიმელას ფული არ აქვს და ნისიად ყიდულობენ საკვებს, წვალობენ სუბსიდიის მიღებამდე. გუნდისთვის რომ დაგვეგეგმა წლის დასაწყისიდან საჭირო თანხა, ტენდერს გამოაცხადებდნენ,“ – აღნიშნა ვარლამ თავზარაშვილმა. მან ასევე ისაუბრა გუნდის შენობის ცუდ მდგომარეობაზე.
დეპუტატი ომარ გაგოშიძე გუნდის სამომავლო პერსპექტივით დაინტერესდა.
გუნდის დირექტორის ზურაბ გიორგიძის თქმით, ოქტომბერში ფეხბურთის ფედერაციაში იქნება ცვლილება და იმედია, რომ სოლიდური თანხით დააფინანსებენ პირველი ლიგის გუნდებს. „ეჭვი არ მეპარება, რომ კარგი პროგრამით მოვლენ კობიაშვილი და ყაველაშვილი ფედერაციაში,“ – აღნიშნა ზურაბ გიორგიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, „შეხვედრის ეს ფორმატი არ არის საკმარისი საფეხბურთო კლუბის პრობლემების გადასაწყვეტად. გავითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს. ან დაფინანსება უნდა გავზარდოთ, ან თუ ვერ ვუვლით პირველი ლიგის გუნდს, ფეხბურთი კი არ მოვსპოთ, სხვა მიმართულებით წავიდეთ. დღეს არსებული ბიუჯეტის პირობებში წლის ბოლომდე თანხა საკმარისი არ იქნება ისევე, როგორც სხვა ა(ა)იპ-ების შემთხვევაში. ამ თემაზე ბევრს ვიმსჯელებთ და ვისაუბრებთ კიდევ.“
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში