ხარაგაულის #2 სკოლას არაერთი ღირსეული და სახელოვანი თაობა აღუზრდია. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულები 2003 წლის კურსდამთავრებულები არიან.
დღეს თითქმის ყველა მათგანი მაღალი დონის პროფესიონალი, თავის საქმეში წარმატებულია. სკოლის დამთავრებიდან 20 წლის შემდეგ მშობლიური სკოლის მონახულება, აქ გატარებული მოსწავლეობის დაუვიწყარი და ლამაზი წლების გახსენება თხუთმეტმა მათგანმა შეძლო.
ოცი წლის წინ კურსდამთავრებულებთან „გაკვეთილი“ მასწავლებელმა ციური სულამანიძემ „ჩაატარა“.
თანაკლასელებმა გაიხსენეს აწ გარდაცვლილი პირველი მასწავლებელი ნათელა ხეცაძე, სკოლის დირექტორი გივი გოგოლაძე, გარდაცვლილი მასწავლებლები და თანაკლასელები ლაშა ჭიპაშვილი და ლელა თაბუკაშვილი.
მათ ასევე გაიხსნეს მოსწავლობის დროინდელი სახალისო ეპიზოდები.
თანაკლასელებთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ ზოგს კლასელები აღარ უნახავს, ზოგს მასწავლებლები, ზოგსაც საკუთარი მერხი და საკლასო ოთახი მოენატრა.
თანაკლასელთა შეკრების იდეა ირაკლი გოგნაძეს ეკუთვნის. ის სუპერმარკეტ „ნიკორას“ ქსელის საფინანსო დეპარტამენტში მუშაობს. მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ირაკლი ამბობს, რომ სკოლამ მთავარი როლი ითამაშა მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში და ამისთვის მასწავლებლების მადლიერია.
ბევრი არაფერი მაქვს საკუთარ თავზე მოსაყოლიო, – ამბობს ლაშა ბუბულაშვილი. ის სამშენებლო კომპანიაში მუშაობს და მოსწავლეობის დროს უფროსების ნათქვამს, – ისწავლე სხვისი დაწერილი წიგნიო, – ახლა აფასებს.
ფსიქოთერაპევტი თინათინ ესებუა თვლის, რომ სკოლაში ისწავლა, თუ როგორ უნდა დაიმკვიდრო ადგილი ცხოვრებაში, როგორ დაძლიო წინააღმდეგობები და საკუთარი აზრი დაიცვა.
ნანა კიკნაძეს პირადი ცხოვრების სირთულეების გადალახვაში იმ ბედნიერი და ლაღი დღეების გახსენება ეხმარება, რომლებიც მან სკოლაში გაატარა. ის ორ შვილს დამოუკიდებლად ზრდის. ნანა სურსათის უვნებლობის სფეროში ერთ-ერთი წარმატებული სპეციალისტია. ის კომპანიაში – „ასკანელი ძმები“ და სუპერმარკეტების ქსელ „ზღაპარში“ ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ნანა ამბობს, რომ მშობლიური სკოლიდან, საგზლად, სიყვარული და პატივისცემა გამოიყოლა.
გიგა ლომიძემ ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა ხარაგაულის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სერვისცენტრში დაიწყო. დღეს გიგა თბილისში, „სინათლის ქალაქის“ პროგრამული მართვის სამსახურის უფროსია. მეუღლესთან ერთად ოთხ შვილს ზრდის.
გიგას ხარაგაულის #2 სკოლაში გატარებული თერთმეტი წელი ძალიან კარგად ახსენდება. სწავლისა და ცოდნის გარდა, სკოლაში ადამიანური ურთერთობები ისწავლა. ცხოვრებაში რასაც მივაღწიე, ყველაფერს საფუძველი სკოლაში ჩაეყარაო, – მიიჩნევს გიგა.
ჩაფიძის გულის ცენტრის კარდიოლოგ მარიამ ლომიძეს საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს. ფაქტია, რო მარიამ ექიმი ყველას ეიმედება. მარიამ ლომიძე საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მდივანია.
ის ამბობს, რომ რა დროც უნდა გავიდეს, ვინც უნდა გავიცნოთ, ყველაზე ძვირფასი ბავშვობის მეგობრები არიან. მას არ სჯერა და აღიარებაც არ უნდა, რომ სკოლის დამთავრებიდან 20 წელი გავიდა. ეს დრო საკუთარ პროფესიას დაუთმო – ზრდა-განვითარებას, ახლაც ასე გრძელდება. მარიამს საკუთარივით უხარია თანაკლასელთა წარმატებები და მათ საუკეთესო მომავალს უსურვებს.
აგრარული უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი დაამთავრა ზურაბ ლომსაძემ. ის „თბილისი მოლში“ პროფესიით მუშაობს. ზურაბი ამბობს, რომ ცხოვრების ბოლომდე მისთვის ყველაზე მეტად პატივსაცემი და დასაფასებელი მასწავლებლები იქნებიან.
ყველა მიზანს, რომელიც მოსწავლეობისას დაისახა, თამარ ლომსაძემ თავდაუზოგავი სწავლითა და შრომით მიაღწია. ის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მთავარი ბუღალტერია. საოჯახო საქმეების პარალელურად, მუდმივად ცდილობს, საკუთარ სპეციალობაში განვითარდეს. მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცოტა უჭირს თავისუფალი დროის გამოძებნა, თუმცა, ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ახალ პროფესიას ეუფლება.
თამარი ამბობს, რომ გაუმართლა, ძლიერი თანაკლასელები რომ ჰყავდა. ეს მას კონკურენციის სურვილსა და მოტივაციას უძლიერებდა.
ავტომანქანების ხელოსანია მანუჩარ მაღლაფერიძე. ის „ნიუ ავტომოტორსში“ მუშაობს. მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მოსწავლეობა კარგად იმიტომ ახსენდება, რომ სკოლაში საუკეთესო მეგობრები შეიძინა.
ტელეკომპანია „პირველის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და – „ნოდარ მელაძის შაბათის“ გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის წევრია ეკო მაღრაძე. ეკო სკოლის დამთავრების დღიდან არც ერთი დღე უსაქმოდ არ ყოფილა – უმაღლესი განათლების მიღების პარალელურად, სხვადასხვა მედიაორგანიზაციებში მუშაობდა. 13 წელი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში გაატარა.
ისეთი პროფესია მაქვს, მარტო უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით ვერაფერს შევძლებდი, რადგან ჟურნალისტიკაში ელვის სისწრაფით იცვლება ყველაფერიო, – ამბობს ეკო და მიიჩნევს, რომ მის შრომისმოყვარეობას საფუძველი სკოლაში ჩაეყარა. მოსწავლეობის გახსენება მას ძალიან აბედნიერებს. დიდი პატივისცემით იხსენებს მასწავლებლებს, თანაკლასელებს, რომლებიც დღეს თავიანთ საქმეში წარმატებული ადამიანები არიან. ეკოს ჰყავს მეუღლე და ტყუპების დედაა.
ყველაზე საუკეთესო წლებად მოსწავლეობის ხანა მიაჩნია გიორგი შერგელაშვილს. ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო-სამშენებლო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ რამდენიმე სამსახური გამოიცვალა. თუმცა, ამჟამად, დროებით, უმუშევარია.
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის დასრულების შემდეგ რეზო შერგელაშვილი ხარაგაულში დაბრუნდა და მუშაობა სპორტსკოლაში თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელად დაიწყო. პარალელურად, რამდენიმე საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებელია. ერთი წელია, რაც ის ხარაგაულში სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს ხელმძღვანელობს. რეზო თავს ყველაზე ბედნიერად მოსწავლეობისას გრძნობდა.
იურიდიული განათლების მიღების შემდეგ ვეფხვია შველიძე ბიზნესში ჩაერთო – ტანსაცმლის საწარმო გახნა. ის თბილისში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. სკოლაში მიღებული განათლებით კმაყოფილია და ყველა მოსწავლეს ურჩევს, საფუძვლიანი ცოდნა მიიღონ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში 2013 წლიდან მუშაობს ნინო ხარაძე. მოსწავლეობა სასიამოვნოდ ახსენდება და 20 წლის შემდეგ ისეთი განცდა აქვს, თითქოს სკოლაში არდადეგებიდან ბრუნდება.
საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სოფელში დაბრუნდა და მეურნეობას მიჰყო ხელი მალხაზ ხარაძემ. მხიარული და მეგობრული კლასი გვქონდაო, – ამბობს მალხაზი და სკოლაში გატარებულ წლებს სიყვარულით იხსენებს.
თანაკლასელები დიდი ტკივილით საუბრობენ ლაშა ჭიპაშვილზე, რომელიც ავტოავარიას ემსხვერპლა. იმ მძიმე და ტრაგიკული დღეების გახსენება ყველას ძალიან უჭირს.
ოცი წლის წინ კურსდამთავრებულთა შესახებ მათი მასწავლებლები ნინო ბარბაქაძე, მაყვალა ფერაძე და თამარ სულიაური გვესაუბრებიან.
ნინო ბარბაქაძე: – 2003 წლის კურსდამთავრებულებს მეხუთე კლასიდან ქართულ ენას ვასწავლიდი. ძალიან აქტიურები იყვნენ არა მხოლოდ სკოლაში – იმარჯვებდნენ სხვადასხვა ინტელექტუალურ კონკურსებში. მიხარია, რომ ყველა მათგანი წარმატებული და ღირსეული მოქალაქეა.
მაყვალა ფერაძე: – ჩემი შვილიშვილები – გიგა და მარიამ ლომიძეები ამ კლასში სწავლობდნენ, ამიტომ მათზე საუბარი ცოტა მიჭირს. თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას – ისინი უდაოდ მაღალი დონის პროფესიონალები არიან.
22 კურსდამთავრებულიდან პირველივე წელს უმაღლესში 15 მათგანი მოეწყო. სკოლის დირექტორმა გივი გოგოლაძემ მათ სკოლაში შეხვედრა მოუწყო. მახსოვს, მისაღებ გამოცდებზე განცდილ ემოციებს როგორ გვიზიარებდნენ.
თამარ სულიაური: – კურსდამთავრებულებთან შეხვედრა ყოველთვის ძალიან ამაღელვებელია. ზოგიერთი მათგანის ცხოვრების გზას კარგად ვიცნობ – საამაყო ახალგაზრდები არიან. ზრდილი და თავაზიანი მოსწავლეები იყვნენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა მათგანი საკუთარ ადგილს იპოვიდა და ასეც მოხდა.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,