26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
როგორ შეხვდა ხარაგაულის საზოგადოება დამოუკიდებლობის გამოცხადებას და როგორი იყო დამოუკიდებლობის ორი წელი ხარაგაულში, ამის შესახებ საარქივო მასალებში მწირი ინფორმაციაა.
ის ფაქტი, რომ 1918 წლამდე ხარაგაულში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დაფუძნდა, აქ ქვეყნის პატრიოტი და ილია ჭავჭავაძის იდეების გამტარებელი მოქალაქეების არსებობაზე მიუთითებს.
ხარაგაულში ასევე მოქმედებდა სოციალ-ფედერალისტური პარტია. 1937 წელს დახვრეტილთა სიაში მრავალი ხარაგაულელია, რაც ასევე მიუთითებს ხარაგაულელთა პატრიოტულ გრძნობებზე.
ისტორიკოსი ზეინაბ ბუაჩიძე ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება უშუალოდ არის დაკავშირებული მსოფლიოში იმ პერიოდში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან.
– მძივის მარცვლებივით არის აკინძული ის ისტორიული მოვლენები, რამაც საქართველო დამოუკიდებლობამდე მიიყვანა, – გვიამბობს ზეინაბ ბუაჩიძე, – 1914 წელს, ევროპაში, ქართველმა ეროვნულ-დემოკრატებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი შექმნეს, რომლის ძირითადი მიზანი იყო დამოუკიდებლობის მოპოვება გერმანული ორიენტაციის გზით.
მოგვიანებით ეს მართლაც ასე მოხდა – 1918 წელს გერმანიამ იკისრა შუამავლის როლი თურქეთთან, რომელიც ომს აწარმოებდა საქართველოსთან და შეაჩერა იგი.
პირველ მსოფლიო ომში გერმანიის მიზანი იყო რუსეთის ომიდან გაყვანა, რადგან მას და მის მოკავშირეებს ორ ფრონტზე ბრძოლა აღარ შეეძლოთ. იმპერიამ ეს მიუნხენში მყოფი გერმანელთა ჯაშუშის, ლენინის, მეშვეობით შეძლო.
ლენინმა და მისმა ბოლშევიკურმა პარტიამ გერმანიისგან დიდი დაფინანსება მიიღო. მან კი ამ ფულით კონტრრევოლუცია მოაწყო, შემდეგ მოხსნა აღმოსავლეთის ფრონტი და საქართველოდანაც ჯარები გაიყვანა.
1918 წლის 2-3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების თანახმად, ლენინის ხელისუფლებამ თურქეთს აჭარა გადასცა. ამას თურქეთსა და საქართველოს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, თურქები გორამდე მოვიდნენ.
მაშინ გერმანიის რაიხსტაგის წარმომადგენელმა, გენერალმა ფონ ლოსოვმა იკისრა შუამავლობა თურქეთთან. გერმანიის მთავარი პირობა იყო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა. იურისტი და ისტორიკოსი ზურაბ ავალიშვილი წერს, რომ გერმანიამ ლანგრით მოგვართვა დამოუკიდებლობაო.
გერმანიას საქართველო ირანის ნავთობის მოსაპოვებლად, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ისე სჭირდებოდა და ამიტომ მოითხოვა ამიერკავკასიის სეიმისგან დამოუკიდებლობის გამოცხადება.
1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა და უმრავლესობაში მყოფმა სოციალ-დემოკრატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
ზურაბ ავალიშვილი ამბობს, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ორწელიწადნახევარში, ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ გაატარა ისეთი რეფორმები და ღონისძიებები, რომ ეს დამოუკიდებლობა დაეცვა. მისივე თქმით, „ჟორდანიას ხელისუფლებამ ქლოროფორმით დაბანგა და საოპერაციო მაგიდაზე დააწვინა საქართველო, რომელსაც მერე ბოლშევიკებმა საშინელი ოპერაცია ჩაუტარეს“.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ როცა ვსაუბრობ, ყოველთვის მახსენდება ერთი ფაქტი – ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ვლასა მგელაძე მოულოდნელად გაუჩინარდა. ის მთაწმინდაზე ასულა, მამამადავითზე ზარები შემოუკრავს, ილია ჭავჭავაძის საფლავთან მოსულა და მიუხარებია – „ასრულდა ნანატრი ოცნება, დამოუკიდებლები ვართო“.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“