19 მაისს მეთორმეტე კლასელებისთვის სკოლის დასრულების მაუწყებელი „ბოლო ზარი“ დაირეკა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების 189 კურსდამთავრებული ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავა. მათგან 40 ოქროსა და ვერცხლის მედლის კანდიდატია.
რას განიცდიან სკოლის დამთავრებისას და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, – ამაზე რამდენიმე ხარაგაულელი კურსდამთავრებული გვპასუხობს.
თამუნა გრიგალაშვილი ხევის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია. ის ეკონომისტობას აპირებს და გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით გადაწყვეტს, რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. სურს, რომ ეკონომიკის ინგლისურენოვან ფაკულტეტზე ჩაირიცხოს და ამისათვის მათემატიკასა და ინგლისურში გაძლიერებულად მეცადინეობს. სამომავლოდ, უცხოეთში ცხოვრებას გეგმავს და სპეციალობის ინგლისურ ენაზე დაუფლება დასაქმების შანსს გაუზრდის.
თამუნა დარწმუნებულია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ საზღვარგარეთ კარიერას აიწყობს და მოგზაურობას დაიწყებს, რადგან ახალი ადგილების აღმოჩენა ძალიან უყვარს. იტაცებს წიგნების კითხვა, თუმცა ახლა ამისთვის ნაკლებად იცლის. ამიტომ უნდა, რომ, წლების შემდეგ, სადმე მშვიდი, წყნარი გარემო იპოვოს და ბევრი იკითხოს.
თამუნას სკოლის დამთავრება ძალიან უხარია, რადგან ცხოვრების შემდგომი ეტაპი ახალ გამოწვევებს ჰპირდება, სირთულეების დაძლევა კი საკმაოდ იზიდავს. სკოლის დამთავრების აღნიშვნას, თანაკლასელებთან ერთად, „ბოლო ზარითა“ და სვანეთში სამდღიანი ექსკურსიით აპირებს.
მოლითის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული გიორგი კვინიკაძე სწავლის გაგრძელებას აგრარულ უნივერსიტეტში მეტყევეობის ფაკულტეტზე აპირებს. გიორგი ვარაუდობს, რომ ამ პროფესიით თავის სოფელში დასაქმებას შეძლებს. „მეთორტმეტე კლასში რომ გადავედი, ძალიან მიხაროდა, რადგან სკოლას მალე დავამთავრებდი. თუმცა, ახლა ნამდვილად გული მწყდება, აქაურ გარემოში თანაკლასელები ერთმანეთს რომ ვეღარ შევხვდებით“, – ამბობს გიორგი.
მოლითის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ლაცაბიძე გვიმხელს, რომ ბავშვობაში დილაობით ადგომა ძალიან უჭირდა. ამიტომ სკოლის დამთავრება დაბალ კლასებში უფრო მეტად უნდოდა. ახლა პირიქითაა, – აღარ უნდა ეს დღე დადგეს და სკოლას დაემშვიდობოს.
მარიამი მომავალი ფსიქოლოგია. სავარაუდოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. ამბობს, რომ ფსიქოლოგები ადამიანებს ეხმარებიან და ეს პროფესია ამიტომ აირჩია. თვლის, რომ კომუნიკაცია კარგად გამოსდის და მეგობრებიც ფიქრობენ, რომ კარგი ფსიქოლოგი გახდება.
„ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამ, რომ სკოლას ვამთავრებ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პედაგოგებთან და კლასელებთანა. ასეთი განშორება პირველია ცხოვრებაში და ჩემთვის ძალიან რთულია, – ამბობს მოლითის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული ირაკლი კიკნაძე, – ძალიან ძნელია, როცა ხვდები, რომ აქ მოსწავლედ ვეღარ დაბრუნდები. ახლა ვფიქრობ, რომ უფრო მეტად უნდა დამეფასებია თანაკლასელებთან ერთად გატარებული წლები და უკეთესად მესწავლა. სკოლასთან განშორება ძალიან მიჭირს. სკოლის დამთავრებას „ბოლო ზარის“ კონცერტითა და საზეიმო ბანკეტით აღვნიშნავთ“.
ირაკლი კიკნაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის მენეჯმენტსა და ადმინისტრირების ფაკულტეტზე აპირებს სწავლის გაგრძელებას; ამბობს რომ ახლა ეს პროფესია ყველაზე რელევანტურია და მომავალშიც დასაქმებას იოლად შეძლებს.
წინსვლას, წარმატებასა და თავიანთი მიზნების ასრულებას ვუსურვებთ ხარაგაულელ კურსდამთავრებულებს და მათ თანატოლებს.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი