საქართველოში მოსახლეობის საყოველთა აღწერა 2024 წელს ჩატარდება. წელს კი აღწერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდება. ამ მიზნით დაგეგმილია საცხოვრებელი ადგილების შემოვლა და შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება.

საველე სამუშაოებს საქსტატის მიერ გადამზადებული პერსონალი შეასრულებს.

მონაცემთა შეგროვება თანამედროვე ტექნოლოგიებით, პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით მიმდინარეობს.

სტატისტიკის ეოვნული სამსახურის თანამშრომელი ნიკოლოზ ფცქიალაძე ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აღწერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ივნისში დაიწყება.

„ამ ეტაპზე კონკრეტულ ოჯახში მისულმა პირებმა მარტივი კითხვარი უნდა შეავსონ, – განმარტავს ნიკოლოზ ფცქიალაძე, – რომელია საცხოვრებელი სახლი და რომელი დამხმარე ნაგებობა; რამდენი ადამიანი ცხოვრობს ოჯახში და ვინ გასცა შეკითხვებზე პასუხი.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საყოველთაო აღწერისთვის კი ჩაღრმავებული კითხვარია შემუშავებული. დაწვრილებით უნდა აღიწეროს ოჯახის თითოეული წევრის, მიწისა და სახლის საკუთრების, შინამეურნეობის შესახებ დეტალური ინფორმაციები.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბევრი დაკეტილი სახლია. ამ შემთხვევაში ჩვენი თანამშრომელი გაარკვევს, ეს სახლი მუდმივად დაკეტილია, თუ წლის განმავლოაბში 3-4 თვე მაინც ცხოვრობენ. ამ საკითხებში რწმუნებულებთან და დეპუტატებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

ძალიან გაგვიჭირდა აღმწერების მოძიება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აღწერისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად 34 პირია საჭირო. სოფლებში ახალგაზრდა აღარავინაა. ამ სამსახურში პენსიონერებს ვერ მივიღებთ. სოციალურად დაუცველები კი დასაქმებულები არიან. რამდენიმე უკვე შერჩეულმა პირმა უარი გვითხრა, სამსახური სხვაგან გამომიჩნდაო.

სხვა მხრივ აღწერის პროცესი გამარტივებულია. ადრე თუ რუკები დაგვქონდა, სადაც აღმწერს ხელით უნდა მოენიშნა კონკრეტული სახლისა და ნაკვეთის მდებარეობა, ახლა ყველაფერი ელექტრონულად განხორციელდება.

აღმწერს პლანშეტში აქვს ჩატვირთული კოსმოსიდან გადაღებული კონკრეტული სოფლის თითოეული სახლისა თუ დამხმარე ნაგებობის ფოტოები. პლანშეტშივე მიუთითებს, შენობა საცხოვრებელია თუ სხვა დანიშნულების“.

მოსახლეობის აღწერა 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოში უკანასკნელი საყოველთაო აღწერა 2014 წელს ჩატარდა.

ნინო კაპანაძე