მოსწავლეთა კონკურსი „რჩეული“ ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში ჩატარდა.

„რჩეულის“ ტიტულის მოსაპოვებლად პირველ ტურში ჩვენს მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების 300-მდე მოსწავლე ჩაერთო. მეორე ტურში 26 საუკეთესო იბრძოდა, 9 ფინალური საგზურისთვის. ფინალში, დაძაბული შეჯიბრების შედეგად, გაიმარჯვა და „ხარაგაულის 2023 წლის რჩეული მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა ბორითის სკოლის X კლასის მოსწავლე ელენე გორგაძემ. ფინალში მასთან ერთად იასპარეზეს და პირველ ადგილზე გავიდნენ ლიზი დევდარიანი (ხარაგაულის #3 სკოლა) და თამთა პავლაძე (ბორის სკოლა).

„რჩეულში“ მეორე ადგილი დაიკავეს – ბაჩუკი ღონღაძემ, დემურ ბერაძემ და ნინო ცუცქირიძემ, ხოლო მესამე ადგილი – ლუკა თაბუკაშვილმა, ლუკა მოდებაძე და გიორგი სახვაძემ.

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის, ინფორმაციით, „ხარაგაულის 2023 წლის რჩეული მოსწავლე“ 500 ლარით დაჯილდოვდება. კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, „რჩეულის“ საუკეთესო ექვსეული კონკურსში „რა? სად? როდის?“ გაზაფხულის სერიაში ითამაშებს.

ვულოცავთ ცხრავე წარჩინებულ მოსწავლეს წარმატებულ ასპარეზობას და თითოეულ მათგანს მოკლე ინფორმაციით გაგაცნობთ.

დემური ბერაძე (ხიდარი, X კლ.) – სპორტსმენობაზე ოცნებობს. ფეხბურთი უყვარს, კარატეში ვარჯიშობს. მათემატიკის მასწავლებლობა სურს, ვინაიდან პედაგოგები, ძირითადად, ქალები არიან და არა – კაცები. დემური მოტივირებული და მონდომებული მოსწავლეა. ეკლესიაში სტიქაროსანია. ხიდრის სკოლის მოსწავლეებმა თვითმმართველობის თავმჯდომარედ და სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩიეს. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობს, ან ინტერნეტში საინტერესო და გასართობ ფილმებს უყურებს. ინტელექტუალური თამაშები მოსწონს, რადგან თვლის, რომ ამით მოსწავლეების ზოგადი განათლების დონე მაღლდება; თანაც ძალიან სასიამოვნოა, როცა ცოდნა გიფასდება და შეჯიბრში იმარჯვებ.

ელენე გორგაძე (ბორითი, X კლ.) – ამჟამად მომავალი პროფესიის ძიებაშია. თავისუფალ დროს ხელოვნებას უთმობს. იტაცებს მსახიობობა, უყვარს მუსიკა. მოსწონს სერიალი „ცხელი ძაღლი“; მთავარი პერსონაჟის შემსრულებელი მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი. ბევრს მეცადინეობს და როცა იღლება, ქსოვს, განტვირთვისთვის. ცხოველების მოვლა უყვარს. მომავალში მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა სურს.

მოსწონს „რჩეული“, ვინაიდან ეს პროექტი საშუალებას იძლევა, გამოსცადო საკუთარი შესაძლებლობები, გაიუმჯობესო სოციალური უნარები, გაიცნო ბევრი ადამიანი და აქტიურად ჩაერთო ხარაგაულის კულტურულ ცხოვრებაში. ელენეს უნდა, რომ ამ პროექტის ორგანიზატორებმა თამაშებში რაც შეიძლება მეტი მოსწავლე ჩართონ.

ლიზი დევდარიანი (ხარაგაულის #3 სკოლა, X კლ.) – მომავალი პროგრამისტია, უყვარს თანამედროვე ტექნოლოგიები და მათემატიკა, რაც კომპიუტერული პროგრამების ათვისებაში ეხმარება. ლიზის ჰობი ხატვაა. ხშირად ერთვება ინტელექტუალურ თამაშებში. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ატარებს ან ბუნებაში სეირნობს. კომუნიკაბელურია, ვერ იტანს უსამართლობას და ჩაგვრას. ლიზის სწამს, რომ აისრულებს ცხოვრების მიზანს, – ნიუ-ორკი მოინახულოს და გარკვეული დროით იქ იცხოვროს. პროექტმა „რჩეული“ გამოცდილება, ცოდნა და თავდაჯერებულობა გაუღრმავა. ახალგაზრდული ფესტივალის ორგანიზატორებს ურჩევს, რომ მსგავსი პროექტები ხშირად ჩაატარონ და მუდამ ასეთი მოტივირებულები იყვნენ.

ლუკა თაბუკაშვილი (ბაზალეთი, IX კლ.) – შრომისმოყვარე და მიზანდასახულია. ლუკა აპირებს, რომ მომავალ პროფესიად ისტორიკოსობა აირჩიოს და პედაგოგი გახდეს. ძალიან მოსწონს ისტორიის მასწავლებლის, ნინო კვირიკაშვილის, მიერ ჩატარებული გაკვეთილები და ეს გადაწყვეტილებაც ნინო მასწავლებლის დამსახურებაა.

ლუკა თავისუფალ დროს ოჯახის წევრებს საოჯახო საქმეებში ეხმარება, მოსწონს წიგნების კითხვა.

უნდა, რომ განათლებული იყოს და ცოდნა სხვებსაც გაუზიაროს.

ახალგაზრდულ ფესტივალსა და კონკურსში „რჩეულში“ ინტერესის გამო ჩაერთო, თავად ამ თამაშმა დააინტერესა და ასევე – საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის სურვილმა.

ლუკა მოდებაძე (ლაშე, X კლ.)  – მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია; ეძიებს იმ სპეციალობასა თუ საქმეს, რომლის კეთების სურვილიც, მომავალში, მისთვის სასიამოვნოც იქნება და შემოსავლის მომტანიც. თავისუფალ დროს წიგნებს კითხულობს; უსმენს თანამედროვე მუსიკას, ქართველ და უცხოელ მომღერლებს. ხანდახან, სახლის პროექტებსაც ადგენს და მის დიზაინზე მუშაობს.

„რჩეული“ ძალიან მოსწონს და ამ კონკურში სიამოვნებით ჩაერთო. ფინალში გადასვლაზე ფიქრობდა, თუმცა დარწმუნებული არ იყო და ძალიან გაეხარდა, როცა ფინალისტებთან ერთად საკუთარი სახელიც გაიგონა. ლუკა თვლის, რომ კონკურსი „რჩეული“ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამომჟღავნების კარგი საშუალებაა.

თამთა  პავლაძე (ბორი, XI კლ.) – უამრავი ჰობი აქვს. უყვარს ხატვა, კითხვა, ზოგჯერ წერს. ხასიათის შესაბამისად, სხვადასხვა ჟანრის მუსიკას უსმენს. ინტენსიურად ვარჯიშობს ტაიკვანდოში. რამდენიმე წლის წინ იაპონურის შესწავლა დაიწყო. სკოლაში ისეთი საგნები უყვარს, რომლებიც კრეატიული აზროვნების საშუალებას აძლევს – ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, უცხო ენა. მოსწონს სხვადასხვა მწერლების პუბლიცისტური ნაშრომების გაცნობა.

მომავალ პროფესიად ფსიქოლოგობა აირჩია, რადგან ადამიანებთან ურთიერთობა უყვარს და თვლის, რომ მათი გრძნობების გაგება შეუძლია. საკმაოდ ამბიციურია. სირთულეები არასდროს აშინებს. შეჯიბრებებში ყოველთვის პირველობისკენ ისწრაფვის.

გიორგი სახვაძე (უბისა, VIII კლ.) – „რჩეულის“ ყველაზე პატარა მონაწილეა. მომავალი პროფესია ჯერ არჩეული არ აქვს, თუმცა კომპიუტერული ტექნოლოგიები მოსწონს. სპორტი უყვარს და მეგობრებთან ერთად ხშირად ფეხბურთს თამაშობს. ჭიდაობაში ვარჯიშობს და სპორტის ამ სახეობის კარგად დაუფლება სურს. თავისუფალ დროს თევზაობს ან წიგნებს კითხულობს. ყველაზე მეტად დეტექტიური და ისტორიული რომანები აინტერესებს. უყვარს ბუნება და არ მოსწონს, თუკი მას ადამიანები აზიანებენ. გარემოსდაცვით პროექტებში მონაწილეობს და თანატოლებს ბუნების დაცვისკენ მოუწოდებს. ასაკიდან გამომდინარე, „რჩეულის“ ფინალში გადასვლას არ ელოდა. ეს წარმატება, სამომავლოდ, მისთვის კარგი სტიმულია.

ბაჩუკი ღონღაძე (ვარძია, XI კლ.) – სკოლაში ყველა საგანს ერთნაირად კარგად სწავლობს, თუმცა მათემატიკა განსაკუთრებით უყვარს. ბაჩუკის სურს, მამის მსგავსად, მათემატიკის მასწავლებელი გახდეს. თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიებით დაინტერესდეს.

თანაკლასელებს უყვართ და მასწავლებლებში კარგი ავტორიტეტით სარგებლობს. აქტიურია, წარმატებული და ურთიერთობებში – მოსიყვარულე.

თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ფეხბურთსა და კალათბურთს თამაშობს. უყვარს წიგნების კითხვა და ინტერნეტით საინტერესო ინფორმაციების მოძიება. კონკურსში „რჩეული“ დამრიგებლის რჩევით ჩაერთო.

ნინო ცუცქირიძე (მოლითი, IX კლ.) – მომავალ პროფესიად ქიმიკოსობას ირჩევს და უნდა, – ან სკოლაში მასწავლებლად იმუშაოს, ან სტუდენტებს გადასცეს თავისი ცოდნა და ლექტორი გახდეს. მისი ბებო, ნაილი ჭყოიძე, ქიმიკოსი გახლდათ და ქიმია შვილიშვილსაც შეაყვარა.

ნინოს ჰობი მხატვრული ლიტერატურის კითხვაა. განსაკუთრებით მოსწონს ფანტასტიკა და აგატა კრისტის დეტექტიური ნაწარმოებები.

ხშირად მხიარულია, თუმცა გარკვეულ სიტუაციებში შეუძლია სერიოზული და მომთხოვნიც იყოს. მიზანდასახული, ნიჭიერი და შრომისმოყვარეა. უყვარს ადამიანების დახმარება. სურს, რომ არჩეულ პროფესიას საუკეთესოდ დაეუფლოს, დიდ წარმატებას მიაღწიოს და ოჯახის წევრები გაახაროს.