ხარაგაულის მუზეუმში ვახტანგ (ვატო) მაღრაძის პირველი პერსონალური ფოტოგამოფენა მოეწყო. ვატო მაღრაძე ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელია. ის ფოტოგადაღებით 12 წლის ასაკში დაინტერესდა. თავიდან ფოტოებს ტელეფონით იღებდა. ფოტოგადაღებისთვის სოციალური თემა აირჩია, რადგან მოსწონს, როცა ფირზე ადამიანების სულიერ მდგომარეობას, მათ ყოფა-ცხოვრებას ასახავს. მისთვის გადასაღებად ძალიან ღირებულია ადგილები, სადაც ვცხოვრობთ – კორპუსები, სახლები, ქუჩები.

ვატოს ერთ-ერთი ფოტო – „ვარდისფერკაბიანი გოგონა ხარაგაულის ცენტრში“ ჟურნალ National Geographic-ში მსოფლიოს უდიდესი ბუნების ძეგლებისა და არქიტექტურული შედევრების ფოტოების გვერდით გამოქვეყნდა. გვსურს, ვატო და მისი სამომავლო გეგმები უფრო ახლოს გაგაცნოთ.

„ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის საერთაშორისო დიზაინის ფაკულტეტზე ჩაბარებას  ვაპირებ, – ამბობს ვატო მაღრაძე, – ეს ინგლისურენოვანი ფაკულტეტია. მსურს, ჩემი მომავალი ცხოვრება ხელოვნებას დავუკავშირო, თუმცა, რომელ დარგს ავირჩევ, ჯერ ზუსტად არ ვიცი.

ბევრი გეგმა და იდეა მაქვს. მინდა ისე განავაწილო ჩემი დრო და შესაძლებლობები, რომ ბევრ სფეროში ვიმუშაო – ფოტოგრაფიაშიც, თეატრშიც, შესაძლოა, დიზაინერიც გავხდე. საერთაშორისო დიზაინის ფაკულტეტზე პროდუქტის, ექსტერიერისა და ინტერიერის, სარეკლამო, გრაფიკული დიზაინი, ფოტოგრაფია და ვიდეოგრაფია ისწავლება. ამ ფაკულტეტის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით მოვიძიე. ბავშვობაში ვხატავდი. მოსწავლეთა სახლში ხატვას მარინე გოგია მასწავლიდა.

– ვატო, რა არის ის, რაც მთელი ცხოვრება გემახსოვრება და შენზე ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა?

– ერთი წლის წინ, უკრაინაში ომის დაწყებამ  ჩემზე ძალიან იმოქმედა. რამდენიმე თვის განმავლობაში შეშინებული და გაბრაზებული ვიყავი. შემდეგ საკუთარ თავსა და სულში ყველაფერი დავალაგე. მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყოველთვის სამართლიანობისა და სიმართლის მხარეს უნდა ვიყო. პროტესტის არ მეშინია და ყოველთვის ვიბრძოლებ იმის შესაცვლელად, რაც არ მომეწონება, სიახლეებს არასდროს შევუშინდები.

ჩემზე უძლიერესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენი საბავშვო თეატრის სპექტაკლ „სათაგურის“ აღიარებამ იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე. „სათაგური“ ასევე არის მოსწავლეთა და სტუდენტთა სამოყვარულო თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ამ სპექტაკლის წარმატებამ ჩემზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ წლების განმავლობაში მსახიობობა მინდოდა. საერთოდ, ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა დედას, ირინე ჩხეიძეს, აქვს.

– ფოტოგადაღება როგორ დაიწყე?

– პირველად ფოტო, ერთ-ერთი კონკურსისთვის, დედაჩემის ტელეფონით ხარაგაულის პარკში გადავიღე. დედამ ის ფოტო მომიწონა. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. შემდეგ ტელეფონი მაჩუქეს და ფოტოგადაღება უფრო ინტენსიურად დავიწყე. მეგობრებმა მირჩიეს, ფოტოები სოციალურ ქსელში, ინსტაგრამზე გამომექვეყნებინა. ჩემი ფოტოებით ბევრი უცხოელიც დაინტერესდა. შემდეგ ბიძაშვილებმა ფირიანი ფოტოაპარატი მაჩუქეს. ფოტოებს ციფრული ფოტოკამერითაც ვიღებ. საერთოდ, სოციალურ ფოტოგრაფიაში მეტ ემოციას ვხედავ.

– რისი შეცვლა გსურს შენს ირგვლივ და რატომ?

– მინდა მომეცეს იმის საშუალება, რომ საქართველო უფრო მეტ ადამიანს გავაცნო და ჩვენი ხალხის მიმართ მეტი დადებითი ემოცია გავუჩინო. უცხოელებს უნდა გავაცნოთ ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანები, საინტერესო ისტორიებითა და ყოფა-ცხოვრებით და არა მხოლოდ მთები, ზღვა და მომხიბლავი ბუნება. ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ღირებულება და სიმდიდრე აქ მცხოვრები ძალიან კარგი ადამიანები არიან.

როგორ წარმოგიდგენია საკუთარი თავი და ხარაგაული ათი წლის შემდეგ?

– ათი წლის შემდეგ 27 წლის ვიქნები. საქართველოს დატოვებას არ ვაპირებ. თუმცა, სასწავლებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად უცხოეთში აუცილებლად წავალ. თუ ისე წავიდა გეგმები, როგორც მე მაქვს გათვლილი ჩემს გონებაში, ათი წლის შემდეგ საკუთარი პროფესიით დამკვიდრების ქარცეცხლში ვიქნები. ვიბრძოლებ ჩემი მიზნების განსახორციელებლად.

ხარაგაული ძალიან მიყვარს და მინდა, ათი წლის შემდეგ აქ ახალგაზრდებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი და მათ განვითარებაზე მორგებული ინოვაციური გარემო იყოს.

ხარაგაულს ხალხით, ბუნებით, ადგილმდებარეობით, კლიმატით აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ევროპული დონის პატარა ქალაქი გახდეს. ამას, პირველ რიგში, ახალგაზრდებისგან მონდომება სჭირდება. ჩვენ, ახალმა თაობამ, უნდა შევცვალოთ.

ხარაგაულის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ცოდნის მიღების საუკეთესო პირობებია. თუმცა, სხვა საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ – არ არის გასართობი სივრცეები, მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, ათ წელიწადში ხარაგაულში, დღევანდელთან შედარებით, უკეთესი მდგომარეობა უნდა იყოს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა ვუთხრა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებს ჩემი ფოტოების პირველი პერსონალური გამოფენის მოწყობისთვის. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სიყვარულით გიპასუხოთ და ხარაგაულის სახელი ქვეყნის გარეთ გავიტანო.

ნინო კაპანაძე

ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას ქვეშ მიუწერე

ვატო მაღრაძის პირველი პერსონალური ფოტოგამოფენის გახსნის ამსახველ კადრებასა და თავად ვატოსგან გადაღებულ ფოტოებს გაეცანით სოციალურ ქსელში.