მეწარმეობა

EU4Business — ევროკავშირი ბიზნესისთვის

თუ უკვე ფლობ ან ახლა იწყებ მცირე ბიზნესს, EU4Business ინიციატივა მოგამარაგებს რჩევებით და გაგიწევს საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც შენი საწარმოს განვითარებაში დაგეხმარება. ეწვიე EU4Business-ის ვებგვერდს და გაიგე, რომელ პროექტებზე შეგიძლია განაცხადის შეტანა. აქვეა ხელმისაწვდომი იმ მეწარმეთა წარმატების ისტორიებიც, რომლებმაც უკვე ისარგებლეს ინიციატივის შეთავაზებებით. პროგრამა მცირე საწარმოებს, ამასთან,  სესხებსა და გრანტებსაც სთავაზობს.

 

გავლენის ფონდი „აქციო“

აქციო“ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების ფონდია, რომელიც საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს უჭერს მხარს. მას საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ახორციელებს. ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, Collaborate For Impact, ფარგლებში შეიქმნა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარებას უჭერს მხარს. „აქციოს“ მიზანია, დაეხმაროს  სოციალურ საწარმოებს, გაზარდონ საქმიანობისა და გავლენის მასშტაბი, რაც, თავის მხრივ, საქართველოში სოციალური ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. გადადი ამ ბმულზე, რათა გაეცნო უახლეს ინფორმაციასა და ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს.

 

EU4Youth — ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის

EU4Youth პროგრამა სულ მალე დაიწყებს პროექტების ციკლს, რომლის მიზანიც განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებში ციფრული, სოციალური მეწარმეობისა და კარიერული მართვის უნარების განვითარებაა. ამ გზით ინიციატივა მწვანე და ციფრულ ეკონომიკაში ახალგაზრდული მეწარმეობის წვლილის გაზრდას შეუწყობს ხელს. EU4Youth-ის პროექტების წინა ტალღის ფარგლებში საქართველოში ჩატარდა უნარების გასავითარებელი ასობით ღონისძიება. გარდა ამისა, ახალგაზრდებს მიეცათ პრაქტიკული სწავლებისა და სტაჟირების შესაძლებლობა, გაიმართა ტრენინგები და გაიცა გრანტები ბიზნესიდეების განსახორციელებლად. ამავე ინიციატივის ფარგლებში  გორში, ნინოწმინდასა და ახმეტაში სასოფლო ინოვაციური ცოდნის სამი ჰაბი დაარსდა. რომ არ გამოგეპაროს ახალ-ახალი შესაძლებლობები, თვალი ადევნე EU4Youth-ის ვებგვერდს.

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების უნარები

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ქსელის მიზანი საქართველოს 8 მიზნობრივი რეგიონის 100 სკოლაში კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბების შექმნაა. ტექ-კლუბების ვებსაიტზე შესაძლებელია, მოძებნო შენ მახლობლად მდებარე კლუბი და შეიტყო, რომელი კურსებია ხელმისაწვდომი. პროექტი ასევე ორგანიზებას უწევს დასაქმების ფორუმებს და სტაჟირებებს კომპანიებში. უახლოესი ღონისძიებებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გაეცანი ტექნოლოგიური კლუბების ქსელის ფეისბუქის გვერდს.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის ჰაკათონები

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ჰაკათონების ციკლებს მართავს. ამ ღონისძიებებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მომუშავე აქტივისტები და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები იკრიბებიან. ისინი ერთად მუშაობენ სამოქალაქო ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე, რომელთა საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების წევრები მეტად ეფექტიანად შეძლებენ საკუთარ ქვეყნებში დემოკრატიული ცვლილებებისა და რეფორმების გატარების პროცესში ჩართვას. გუნდები მენტორების ხელმძღვანელობით ხვეწენ ციფრული გადაწყვეტების საპილოტე ვერსიებს, ხოლო გამარჯვებულ(ებ)ი თავიანთი პროექტების ხორცშესასხმელად ევროკავშირისგან ფინანსურ და ექსპერტულ მხარდაჭერას იღებენ. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ჰაკათონის ვებსაიტს.

 

EU4Digital — ევროკავშირი ციფრული გარდაქმნისთვის

EU4Digital პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის EdTech Hub-ს ქმნის, რომლის მიზანიც ზრდისა და განვითარების ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფით ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. EdTech Hub-ის პირველი კურსები 2023 წლის ივლისში დაიწყება. ამჟამად მიმდინარეობს კურიკულუმის შემუშავება, ადგილობრივი პარტნიორების შერჩევა და პარტნიორობების ჩამოყალიბება. EdTech Hub ევროკავშირის იმ ინიციატივის ნაწილია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის 1 მილიონი მოქალაქის ციფრული უნარების გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროგრამაში ჩართვის შესახებ ინფორმაციისა და სხვა დეტალების გასაგებად გადადი ამ ბმულზე.

გარდა ამისა, Eu4Digital გვერდში უდგას ევროკავშირის სხვა პროგრამებსაც, რომელთა მიზანი მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული შესაძლებლობების მხარდაჭერაა. მათ შორისაა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპების ეკოსისტემის პლატფორმაც.

 

EU4Youth — ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის

EU4Youth პროგრამა სულ მალე დაიწყებს პროექტების ციკლს, რომლის მიზანიც განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებში ციფრული უნარების განვითარებაა. ამ გზით ინიციატივა მწვანე და ციფრულ ეკონომიკაში ახალგაზრდული მეწარმეობის წვლილის გაზრდას შეუწყობს ხელს. EU4Youth-ის პროექტების წინა ტალღის ფარგლებში საქართველოში ჩატარდა უნარების გასავითარებელი ასობით ღონისძიება. გარდა ამისა, ახალგაზრდებს მიეცათ პრაქტიკული სწავლებისა და სტაჟირების შესაძლებლობა, გაიმართა ტრენინგები და გაიცა გრანტები ბიზნესიდეების განსახორციელებლად. ამავე ინიციატივის ფარგლებში გორში, ნინოწმინდასა და ახმეტაში სასოფლო ინოვაციური ცოდნის სამი ჰაბი დაარსდა. რომ არ გამოგეპაროს ახალ-ახალი შესაძლებლობები, თვალი ადევნე EU4Youth-ის ვებგვერდს.

 

კომუნიკაცია და ლიდერობა

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, ნებაყოფლობითი, ქმედითი საკომუნიკაციო ქსელია, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და გაერთიანებული სამეფოდან. ამ ქსელის მიზანია, გააცნოს საზოგადოებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობით მიღწეული შედეგები და ხელი შეუწყოს პოლიტიკურ დიალოგს სხვადასხვა საკითხის გარშემო.

ქსელში ჩართვით ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ითვისებენ ახალ მნიშვნელოვან უნარებს, რომელთა შორისაცაა გუნდური მუშაობა, პრობლემების გადაჭრა, ლიდერობა და კომუნიკაცია. ყველა ეს უნარი წარმატებული კარიერის წინაპირობაა. ამჟამად ქსელში 34-ზე მეტი ეროვნების 900-ზე მეტი აქტიური წევრია გაერთიანებული, მათ შორის კი 157 ელჩი საქართველოდან არის (მათ გაცნობას აქ შეძლებ). ქსელში გაწევრიანება შეუძლიათ 16-26 წლის ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ სახალხო დიპლომატია და ინფორმაციის გავრცელება. განაცხადების შეტანა შესაძლებელია ყოველწლიურად, ჩვეულებრივ — შემოდგომაზე.

 

ახალგაზრდული გაცვლები Erasmus+ პროგრამის ფარგლებში

ბოლო წლებში საქართველოდან ათასობით ახალგაზრდამ და ახალგაზრდულმა მუშაკმა მიიღო მონაწილეობა Erasmus+ პროგრამის ერთობლივ ახალგაზრდულ პროექტებში (იქნება ეს გაცვლები, ტრენინგები, დებატები პოლიტიკის საკითხებზე თუ მოხალისეობა). Erasmus+ პროგრამის ახალგაზრდულ გაცვლით პროექტებში მონაწილეობა 13-30 წლის ასაკის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. თავად გაცვლითი პროექტების ხანგრძლივობა კი 5-იდან 21 დღემდე მერყეობს. ეს გაცვლები ახალგაზრდული ორგანიზაციების საშუალებით ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ განაცხადს ინდივიდუალურად ვერ შეიტან.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდი ასოციაციას, „დრონი“, რომელიც საქართველოში Erasmus+ პროგრამის ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრს მართავს. ამისათვის ეწვიე მის ფეისბუქის გვერდს თუ მის ვებსაიტს ან დარეკე ნომერზე +995 574 27 11 27. Erasmus+ პროგრამის  ახალგაზრდული გაცვლების შესახებ ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია SALTO-ს ვებსაიტზე.

 

ევროპის სოლიდარობის კორპუსი

საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილების მიღების ერთ-ერთი გზა ევროპის სოლიდარობის კორპუსის საშუალებით მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვაა. ეს მოგცემს უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნო განსხვავებულ კულტურებს, შეიძინო ახალი მეგობრები, აითვისო ახალი უნარები და დაეხმარო ადამიანებს. მოხალისედ გასახდომად უნდა იყო 17-30 წლის და გქონდეს ორი კვირიდან 12 თვემდე პერიოდის საზღვარგარეთ გატარების სურვილი. მოხალისეობრივი პროექტები ტარდება როგორც ევროკავშირის ტერიტორიაზე, ასევე მის პარტნიორ ქვეყნებში და შეიძლება მოიცავდეს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი, ბავშვები, კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნება და ცხოველებისა თუ გარემოს დაცვა. განაცხადის შეტანის პროცესისა და ასობით ხელმისაწვდომი შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ევროპის სოლიდარობის კორპუსის პორტალს.

 

სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიები

ევროკავშირი საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მთლიან რეგიონში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ახალგაზრდა ლიდერებსა და აქტივისტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიების პროგრამის საშუალებით უჭერს მხარს. პროგრამა ყოველწლიურად ეხმარება სამოქალაქო საზოგადოების 20 აქტივისტს, რომლებიც თავიანთი საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნავენ. ამ მიზნით მათ უტარდებათ ინდივიდუალური ტრენინგები და ეძლევათ 5,000 ევროს ოდენობის გრანტის მიღებისა და პროფესიული კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა. პროგრამის 2017 წელს დაწყებიდან დღემდე პერიოდში შერჩეული სტიპენდიატებისა და მათი ინტერესის სფეროების შესახებ ინფორმაცია აქ შეგიძლია იხილო. განაცხადები, როგორც წესი, ყოველწლიურად მიიღება. სიახლეები ამ ბმულზეა ხელმისაწვდომი.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმი — ონლაინსწავლება

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სთავაზობს მიზნობრივ ონლაინკურსებსა და მასალებს, რომლებიც მათ საჭიროებებსა და ყოველდღიურ საქმიანობაზეა მორგებული. პროექტის ონლაინსწავლების ჰაბზე იპოვი მრავალფეროვან ონლაინკურსებს, ვებინარებსა და ვიდეოლექციებს ისეთ განსხვავებული სფეროებში ცოდნის გასაღრმავებლად, როგორებიცაა პოლიტიკის ანალიზი და მონიტორინგი, პროექტების მართვა, ციფრული კომპეტენციები და ვებდიზაინი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. პროექტი ასევე გთავაზობს ჰიბრიდულ კურსებსაც, რომლის ფარგლებშიც ონლაინსწავლებას პირისპირ ჩატარებული ტრენინგი ავსებს. გაიგე მეტი.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა

თბილისში მდებარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების მოსწავლეებს ორწლიან საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამას სთავაზობს. ევროკავშირი ახალგაზრდებს უზრუნველყოფს სრული სტიპენდიით, რომელშიც შედის სწავლის, საცხოვრებლისა და არდადეგებზე სახლში გამგზავრების ხარჯები. სკოლაში ყოველ სასწავლო წელს მხოლოდ 35 მოსწავლე მიიღება, ამიტომ მსურველებმა უნდა დააკმაყოფილონ გარკვეული წინაპირობები და უნდა გაიარონ კონკურსი. პროგრამის 2018 წელს დაწყებიდან დღემდე სტიპენდია 145-მა მოსწავლემ მიიღო. მათ სკოლა საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომით დაამთავრეს და სწავლა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელეს. მოსწავლეთა მომდევნო ნაკადი საერთაშორისო ბაკალავრიატის 2024-2026 წლების პროგრამისთვის შეირჩევა.

 

მოძრავი უნივერსიტეტი

მოძრავი უნივერსიტეტი სამოქალაქო განათლების პლატფორმაა. ის საქართველოს გაეროს ასოციაციამ (UNA Georgia) ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS), ნაწილად დააარსა. ინიციატივის ფარგლებში სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს უტარდებათ ლექციები (დღეისათვის უკვე 60-ზე მეტი) ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, სამოქალაქო აქტივიზმი და გენდერული თანასწორობა. გარდა ამისა, პროგრამა ახალგაზრდებს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების თუ მოლოდინების შესახებ აწვდის ინფორმაციას და საქართველოში პროფესიული და უწყვეტი განათლების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. რომ არ გამოგრჩეს ახალ-ახალი შესაძლებლობები, თვალი ადევნე საქართველოს გაეროს ასოციაციის ფეისბუქის გვერდს.

 

ახალი პროფესიის დაუფლება

ახალგაზრდული შესაძლებლობების პლატფორმა

პროექტმა, უნარები წარმატებისთვის, ახალგაზრდული შესაძლებლობების ონლაინპლატფორმა — https://youthplatform.gov.ge აამოქმედა. მასზე თავმოყრილია განათლების, ტრენინგისა და დასაქმების ყველა შესაძლებლობა, რომლებსაც ახალგაზრდებს სახელმწიფო, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ საერთაშორისო პარტნიორები სთავაზობენ.

პროექტი საქართველოს ოთხ რეგიონსა (გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი, კახეთი) და თბილისში მცხოვრებ NEET-ახალგაზრდებს — ანუ მათ, ვინც არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებული და არც რაიმე ტიპის ტრენინგს გადიან — ბიზნესის  განვითარებისა და დასაქმებისათვის საჭირო უნარების ათვისებაში ეხმარება. ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოიწვრთნენ ახალგაზრდული მუშაკები, რის შედეგადაც მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგის ჩატარება, კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა და არსებულ შესაძლებლობებზე ინფორმაციის გავრცელება შეუძლიათ. გარდა ამისა, პროექტმა რეგიონებში ახალგაზრდული ინოვაციების ლაბორატორიები შექმნა, სადაც მეწარმეობაზე ტრენინგგავლილ NEET-ახალგაზრდებს მენტორების მხარდაჭერით ბიზნესიდეების ჩამოყალიბება შეუძლიათ. წარმატების ისტორიებისა და პროექტის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების სანახავად ეწვიე ფეისბუქის გვერდს, Save the Children in Georgia.

 

უნარების განვითარების ადგილობრივი ცენტრები

ეს ცენტრები საქართველოს ოთხ რეგიონში — აჭარაში, გურიაში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში ფუნქციონირებს. ისინი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტის ფარგლებში დაარსდა. ცენტრები 15-29 წლის ახალგაზრდებს შრომის ბაზარზე საჭირო უნარებისა და კომპეტენციის გასავითარებლად სთავაზობს შემდეგს:

  • ძირითადი კომპეტენციების განვითარება
  • ციფრული და კომპიუტერული წიგნიერება
  • სამოქალაქო განათლება
  • ინგლისური ენის კურსები
  • ძირითადი სამეწარმეო კომპეტენციები
  • უწყვეტი განათლების რესურსებზე წვდომა
  • კარიერის განვითარებაზე ორიენტირებული სესიები
  • შერჩეული კანდიდატების პროფესიული მივლინებები
  • უნარების/ვაკანსიების მართვის პორტალზე წვდომა
  • სოციალური და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სტარტაპების დაფინანსება

აჭარის, გურიის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის ცენტრების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილე აქ: https://www.una.ge/Employment_centers.

გაეცანი შესაძლებლობებს საქართველოს გაეროს ასოციაციის ფეისბუქის გვერდზე.

 

ESCape — დასაქმების მხარდაჭერის ცენტრები

დასაქმების მხარდაჭერის პროექტის, ESCape-ის სამიზნე ჯგუფები არიან მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები, ხანგრძლივი კარიერული წყვეტის მქონე ადამიანები და პირები, რომლებსაც არ აქვთ სასწავლო ან სამუშაო გამოცდილება. პროექტს კერძო სექტორში მომუშავე 200-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს, რომლებიც მარგინალიზებული ჯგუფების წევრებს შესაფერისი სამუშაო პირობების შეთავაზებით ეხმარებიან. თუ ხარ უმუშევარი, ეძებ სამსახურს და ამ პროცესში დახმარება გჭირდება, გაგზავნე პირადი შეტყობინება და პასუხს დასაქმების კონსულტანტი გაგცემს ან შეავსე განაცხადის ფორმა (https://bit.ly/418bANc) და დასაქმების კონსულტანტი თავად დაგიკავშირდება. ყველა ხელმისაწვდომი რესურსისა და შესაძლებლობის სანახავად ეწვიე ESCape-ის ფეისბუქის გვერდს.

 

სწავლა დასაქმებისთვის

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ამ პროექტის ფარგლებში სამუშაოს 3,000-ზე მეტ მაძიებელს შეეძლება იმ უნარებისა და ცოდნის შეძენა, რომლებსაც დასაქმების ბაზარზე ითხოვენ. მათგან 700-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას პროფესიული განათლებისა და ტრენინგის, საწარმოო პრაქტიკისა თუ სტაჟირების პროგრამებში, ხოლო მათგან მინიმუმ 50% დასაქმდება კიდეც. ამ პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში ახორციელებს. ეწვიე მათ ვებსაიტს და გაეცანი უახლეს შესაძლებლობებს.

 

უნარების ათვისება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აპროექტის ფარგლებში, რომელიც გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მიმდინარეობს, დასაქმების ხელშეწყობის ექვსი ცენტრი შეიქმნა, ხოლო 28 სკოლაში მეწარმეობისა და კარიერის განვითარების კლუბები ჩამოყალიბდა. ამ გზით სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებს ეძლევათ შანსი, შეიძინონ სათანადო ცოდნა და უნარები დასაქმების არსებული შესაძლებლობების ეფექტიანად გამოსაყენებლად. პროექტს მართავს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), რომელიც, ამასთან, დასაქმებისა და უნარების ათვისების სფეროში ევროკავშირის სხვა არაერთ ინიციატივას უჭერს მხარს. კურსებისა და შესაძლებლობების შესახებ უახლესი ინფორმაციის მიღება აქ შეგიძლია.

 

დასაქმების უნარები საზოგადოების დაუცველი ჯგუფებისთვის გურიის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში

პროექტი „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის“ (SECTORs) უნარების განმავითარებელ ტრენინგს, სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასა და სტაჟირებას უჭერს მხარს. ინიციატივის მიზანია, დაუცველი ჯგუფების წევრებს, რომლებიც გურიის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში ცხოვრობენ, პროფესიული უნარების ათვისებაში დაეხმაროს. გაიგე მეტი.

 

უწყვეტი განათლების კურსები: ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „უნარები დასაქმებისთვის“ პროგრამის ფარგლებში ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებზე უწყვეტი განათლების ოთხი კურსი შემუშავდა. ეს აკრედიტებული კურსები შემდეგ ოთხ უნივერსიტეტში დაინერგა: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს დასაქმებისა და ვაკანსიების მონაცემთა ონლაინბაზის შექმნას, რომელზეც ასევე განთავსდება კარიერული კონსულტანტების საკონტაქტო ინფორმაცია და პრაქტიკული სწავლებისა თუ სტაჟირების შესაძლებლობები.

 

EU4Youth — ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის

EU4Youth პროგრამა სულ მალე დაიწყებს პროექტების ციკლს, რომლის მიზანიც განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებში ციფრული, სოციალური მეწარმეობისა და კარიერული მართვის უნარების განვითარებაა. ამ გზით ინიციატივა მწვანე და ციფრულ ეკონომიკაში ახალგაზრდული მეწარმეობის წვლილის გაზრდას შეუწყობს ხელს. EU4Youth-ის პროექტების წინა ტალღის ფარგლებში საქართველოში ჩატარდა უნარების გასავითარებელი ასობით ღონისძიება. გარდა ამისა, ახალგაზრდებს მიეცათ პრაქტიკული სწავლებისა და სტაჟირების შესაძლებლობა, გაიმართა ტრენინგები და გაიცა გრანტები ბიზნესიდეების განსახორციელებლად. ამავე ინიციატივის ფარგლებში გორში, ნინოწმინდასა და ახმეტაში სასოფლო ინოვაციური ცოდნის სამი ჰაბი დაარსდა. რომ არ გამოგეპაროს ახალ-ახალი შესაძლებლობები, თვალი ადევნე EU4Youth-ის ვებგვერდს.

 

უმაღლესი განათლება

Erasmus+

Erasmus+ პროგრამის საშუალებით ევროკავშირი ახალგაზრდებს მრავალფეროვან სასწავლო შესაძლებლობებს სთავაზობს. მაგალითად,  საბაკალავრო, სამაგისტრო ან დოქტორანტურის დონეზეა შესაძლებელი, ჩაერთო სტუდენტურ გაცვლით პროგრამაში ევროპის უნივერსიტეტებში — გაცვლა იქნება იმ პროგრამის ნაწილი, რომელშიც მონაწილეობ და ერთი სემესტრიდან ერთ წლამდე შეიძლება გაგრძელდეს. თანაც, ხარჯების დაფარვა თავად არ მოგიწევს! ასევე შესაძლებელია განაცხადის შეტანა Erasmus+ სტიპენდიაზე ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მიმართე შენი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს. იქ მოგაწვდიან ინფორმაციას შენს დისციპლინაში არსებული შესაძლებლობების შესახებ და დაგეხმარებიან განაცხადის შეტანაში.

მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, შეამოწმე Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების კატალოგი, სადაც თავმოყრილია მომდევნო აკადემიური წლისათვის Erasmus-ის სასტიპენდიო კურსების ჩამონათვალი (ამჟამად სიაში 193 კურსია), შემდეგ კი დაუკავშირდი უნივერსიტეტს შერჩეულ სასწავლო პროგრამაზე და სტიპენდიაზე განაცხადის შესატანად.

Erasmus+ პროგრამის საქართველოს ეროვნული ოფისი ნებისმიერ კითხვაზე მოგაწვდის პასუხს. დამატებით ინფორმაციას კი მათ ვებსაიტზე მიიღებ.

 

Erasmus+ პროგრამის სტაჟირებები

Erasmus+ პროგრამა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს (დამთავრებიდან ერთი წლის განმავლობაში) საზღვარგარეთ სამუშაო პრაქტიკის და სტაჟირების შესაძლებლობას სთავაზობს. სტაჟირება აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს შენს სამეცნიერო ხარისხს და შეძლებისდაგვარად უნდა იყოს ინტეგრირებული სასწავლო პროგრამაში. ასე რომ, სტუდენტმა არსებული შესაძლებლობები თავის უნივერსიტეტთან უნდა განიხილოს. სამუშაო პრაქტიკა ორიდან თორმეტ თვემდე შეიძლება გაგრძელდეს, ხარჯების დასაფარად კი Erasmus+ პროგრამის  გრანტებია ხელმისაწვდომი.

 

ევროპის კოლეჯის სტიპენდიები

ევროპის კოლეჯი საქართველოსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს დიპლომისშემდგომი განათლების მისაღებად მრავალ სტიპენდიას სთავაზობს. სტიპენდიები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტუდენტებისთვისაცაა ხელმისაწვდომი და მათ EU4Youth პროგრამა აფინანსებს. 2024/2025 აკადემიური წლისათვის განაცხადების მიღება 2023 წლის ოქტომბერში დაიწყება.

 

 

მედიაწიგნიერება

EUvsDisinfo — ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ

რა არის დეზინფორმაცია? როგორ შეგვიძლია მისგან თავის დაცვა? რა რეაგირება უნდა გვქონდეს მასზე? EUvsDisinfo პროექტის მიზანი რუსეთის სადეზინფორმაციო ოპერაციებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება და მოქალაქეებისთვის იმის სწავლებაა, თუ როგორ შეუძლიათ ციფრული დეზინფორმაციისა და მედიამანიპულაციებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. 15 ენაზე მონაცემთა ანალიზისა და მედიასაშუალებების მონიტორინგის გამოყენებით, EUvsDisinfo ავლენს, კრებს და ააშკარავებს დეზინფორმაციის შემთხვევებს, რომლებიც პროკრემლისტური მედიიდან იღებს სათავეს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვრცელდება.

პროექტის სასწავლო პლატფორმაზე ასევე ხელმისაწვდომია ის სასარგებლო ინსტრუმენტები, თამაშები, პოდკასტები და სხვა რესურსები, რომლებიც დეზინფორმაციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გაგიმარტივებს.

 

EU4Independent Media — ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისთვის

პროგრამა, EU4Independent Media, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში ფუნქციონირებს. ის მედიის წარმომადგენლებს სთავაზობს ონლაინ და პირისპირ ტრენინგებს, სამუშაო ადგილზე სწავლასა და ინდივიდუალურ მენტორობას, რისი მიზანიც სარედაქციო მასალის გაუმჯობესება და მენეჯმენტისა თუ მარკეტინგის უნარების დახვეწაა. გარდა ამისა, პროგრამა მედიასაშუალებებს ეხმარება, მოიძიონ შემოსავლის ახალი წყაროები და უკეთ შეისწავლონ თავიანთი აუდიტორია. პროგრამა მედიის წარმომადგენლებს ასევე სთავაზობს მხარდაჭერას ჟურნალისტური მასალის შექმნასა და პროფესიული კავშირების დამყარებაში.

უახლესი ინფორმაციის მისაღებად იხილე EU Neighbours east პროგრამის  მედია-შესაძლებლობების გვერდი.

მედიისა და კომუნიკაციის სფეროს პროფესიონალებისათვის რამდენიმე უფასო ონლაინკურსია ხელმისაწვდომი:

ფაქტების შემოწმება ინფორმაციის გაყალბების ეპოქაში

ამბის თხრობის ინოვაციური მეთოდები

ციფრული გარდაქმნა ახალი ამბების განყოფილებაში

ონლაინ მედია-პროდუქცია — ვეუფლებით საფუძვლებს

მედიაბიზნესის ეფექტიანი მართვა