მადლიერმა მოსწავლემ საკუთარი პედაგოგის ხსოვნას კრებული მიუძღვნა.
„ქალბატონ მერი გიორგიძეს, ვის ნათელ ხსოვნასაც ეს ტკივილიანი და უსაზღვრო სიყვარულით გამთბარი სტრიქონები ეძღვნება, მეც კარგად ვიცნობდი და ვაფასებდი კიდეც! – წერს ამ კრებულის შესავალში პუბლიცისტი ზაურ ნაჭყებია, – იშვიათად მინახავს ასეთი ფაქიზი, დახვეწილი, შინაგანი სითბოთი და სიყვარულით გასხივოსნებული ადამიანი. ჭეშმარიტი პედაგოგისა და შეგირდის დამოკიდებულება არც თუ უცხოა ჩემთვის, მაგრამ განსაკუთრებულ ხიბლს ვხედავდი იზა ვეფხვაძისა და მერი გიორგიძის ურთიერთობაში“.
გთავაზობთ ნაწყვეტებს ამ ახალგამოცემული კრებულიდან.
მერი გიორგიძე 1939 წლის 17 მაისს დაიბადა ხარაგაულის რაიონის სოფელ თეთრაწყაროში, ალექსანდრე (საშიკო) გიორგიძის და ნათელა კვინიკაძის გამრჯე, მშრომელ, პატიოსან ოჯახში. ახალგაზრდებს 8 წელიწადი შვილი არ უჩნდებოდათ, პირველი სიხარული მერი იყო, რომელმაც გიორგიძეების ოჯახს განუზომელი ბედნიერება და სიხარული აჩუქა.
მძიმე წლები იყო და ოჯახს, ბუნებრივია, უჭირდა. სამ შვილს ზრდიდნენ. უფროსი მერი იყო, მომდევნო ალეკო და ნაბოლარა ქეთევანი.
მამას ფეხი სტკიოდა და ავადმყოფობის პენსიას იღებდა. ვიღაცამ უჩივლა, პენსია არ ეკუთვნისო და დახმარება მოუხსნეს. დარჩა ოჯახი ლუკმაპურის გარეშე. ქალბატონი ნათელა ძალიან ენერგიული ქალი გახლდათ, ქორივით დასტრიალებდა თავის ოჯახსა და შვილებს. თბილისში წავიდა სამართლის აღსადგენად. გავიდა ორიოდე დღე და მეზობელი ეძახის საშიკოს: ნათელამ შემოგითვალა, ბევრი ტვირთი მომაქვს, დამხმარედ დათიკო ებრაელი მომყვება, იქნებ ურმით წამოვიდეს და ოკიშურაში დამხვდესო!
საშიკოს გულში გასცინებია, – მგონი, ეს ქალი დამცინის, კაპიკის საშუალება არ გვაქვს და ნათელას რისი ტვირთი უნდა ჰქონდესო. თუმცა, მაინც წასულა ურმით, დასახვედრად. ურემზე პატარა მერიც შემოსკუპულა. ჩავიდნენ ოკიშურაში და რას ხედავენ, ძლივს მოდიან ჩანთებით დატვირთული ნათელა და დათიკო ებრაელი. იმდენი უბრძოლია სამართლიანობის აღსადგენად ქალბატონ ნათელას, რომ რვა თვის განმავლობაში შეწყვეტილი პენსია ერთბაშად მიუციათ.
ასე ფასობდა სამართლიანობა და მებრძოლი სული გიორგიძეების ოჯახში და შვილებიც ამ სულისკვეთებით იზრდებოდნენ. ქალბატონი ნათელა ცდილობდა, შვილებისთვის კარგი განათლება მიეცა და შეძლო კიდეც.
პატარა მერის პირველდაწყებითი განათლება თეთრაწყაროს ოთხწლიან სკოლაში მიუღია. ვინც მას იცნობდა, ალბათ ადვილად წარმოიდგენს, რა გულმოდგინე და სწავლას მოწყურებული მოსწავლე იქნებოდა. სწავლასთან ერთად შრომისმოყვარეობას უნერგავდნენ ოჯახში და მშობლების მხარდამხარ შეძლებისდაგვარად ეშველებოდა ოჯახს.
ჯერ კიდევ სრულიად პატარას, მთელი დღე ხელში წიგნი ეჭირა და თოჯინებს „მასწავლებლობანას“ ეთამაშებოდა. ცოტა რომ წამოიზარდა და კითხვა ისწავლა, თეთრაწყაროელ ბავშვებს შეკრებდა და მასწავლებლის როლს ირგებდა. ოთხი კლასის დასრულების შემდეგ, სწავლას ხარაგაულის #2 საშუალო სკოლაში აგრძელებს, რომელიც მაშინ ქალთა სკოლად იწოდებოდა. სიცოცხლის ბოლომდე უდიდესი სიყვარულით იხსენებდა დიდებულ პედაგოგებს: ტასო ლოლაძეს, ნუნუ თხელიძეს, ვერა ლეჟავას, ლევან აბაშიძეს, ნათელა ანთაძეს…
1957 წელს წარჩინებით ამთავრებს სკოლას. ჟურნალისტობა სურდა და გადაწყვეტილი ჰქონია, თბილისში, უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე შეეტანა საბუთები. ახლობელს, განათლებულ კაცს რჩევას დაჰკითხვია, პასუხად კი ასეთი „დარიგება“ მიუღია: ბიძია, მანდ შენ კი არა, დიდი კაცების შვილები ვერ აბარებენო…“ ამ პასუხს ვერ შეუშინებია ენერგიული, თავის თავში დარწმუნებული, ცოდნით კარგად „შეიარაღებული“ ქალიშვილი და რამდენიმე დღის შემდეგ, დედასთან ერთად, ხარაგაულის რკინიგზის სადგურზე თბილისისკენ მიმავალ მატარებელს ელოდა, რათა სასურველ ფაკულტეტზე შეეტანა საბუთები.
მატარებელი იგვიანებდა… იქვე, სადგურზე საექიმო ამბულატორია იყო და მატარებლის მოლოდინში მერის დედა, ქალბატონი ნათელა ამბულატორიის ნაცნობ ექიმს – ქეთო ზუმბულიძეს გასაუბრებია. საუბარში თბილისში წასვლის მიზეზიც გაუმჟღავნებია. ქალბატონ ქეთოს, რატომღაც ასეთი რჩევა მიუცია: თბილისში რა გინდათ, აგერ, გორში, ძალიან კარგი პედაგოგიური ინსტიტუტია, მაგას უმაღლესი სასწავლებელი ვერ შეედრებაო“… ქალბატონ ნათელას ძალიან მოსწონებია ეს რჩევა, თან გორში თეთრაწყაროელი წულუკიძეების ოჯახი ეგულებოდა, რომლებიც სიამოვნებით უმასპინძლებდნენ… მერიც დაუთანხმებია და თბილისისკენ მიმავალნი, გორის რკინიგზის სადგურზე ჩამოსულან მატარებლიდან და გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში შეუტანიათ საბუთები.
მერი გიორგიძე 1962 წელს წარმატებით ამთავრებს ინსტიტუტს და მუშაობას იწყებს მშობლიურ რაიონში, სოფელ ვარძიის რვაწლიან სკოლაში, ისტორიის პედაგოგად. პირველ დღეს სკოლის ეზოში რომ შესულა, დირექტორი შალვა ხიჯაკაძე ფანჯრიდან იყურებოდა თურმე. მოხდენილი ქალიშვილი რომ დაუნახავს, უთქვამს – თუ გასათხოვარია, უსათუოდ ჩემი რძალი უნდა გახდესო.
ბატონ შალვას ვარძიაში გამორჩეული ოჯახი ჰქონდა, ოთხივე ვაჟსა და ერთადერთ ქალიშვილს უმაღლესი განათლება მიაღებინა. ოჯახში სწავლა-განათლებას დიდ პატივს სცემდნენ. ერთ-ერთი ვაჟი, ავთანდილი მაშინ ჩალხაეთის დაწყებითი სკოლის გამგედ მუშაობდა. მერიმ და ავთანდილმა ერთმანეთი გაიცვნეს, საერთო ენა ადვილად გამონახეს და 1963 წლის გაზაფხულზე იქორწინეს.
მალე მერის და ავთანდილს პირველი ვაჟი პაატა შეეძინათ, – გაიხარა ხიჯაკაძეთა დიდმა ოჯახმა. ვაჟს ტყუპი ქალიშვილი მოჰყვა – მადონა და ხათუნა.
1968 წელს ოჯახი საცხოვრებლად ხარაგაულში გადავიდა. მერიმ მუშაობა დაიწყო რკინიგზის #10 საშუალო სკოლაში (დღევანდელი ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა) ჯერ ბიბლიოთეკარად, შემდეგ კი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. პარალელურად, ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა.
ბატონი ავთანდილი ჯერ რაიკომსა და აღმასკომში მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე, შემდეგ კი ადგილობრივი გაზეთის „ლენინის დროშით“ თანამშრომელი გახდა. ამ გაზეთს ლეგენდარული ქალბატონი, ხარაგაულის მემატიანე – ქეთევან სახვაძე რედაქტორობდა. წლების შემდეგ, ქალბატონი ქეთევანი რედაქტორის თანამდებობაზე ბატონმა ავთანდილმა შეცვალა და ღირსეულად გააგრძელა ხარაგაულის ისტორიის ფურცლების აკინძვა.
მალე ხიჯაკაძეთა სამშვილიანმა ოჯახმა ახალმოსახლეობაც იზეიმა – ხარაგაულში, „რაიკომის ბინებში“ ნათელი და ლამაზი ბინა მიიღეს. ხარაგაულისთვის ძვირფასი ადამიანები ცხოვრობდნენ იქ… ქალბატონი მერი მუდამ უდიდესი სიყვარულით იხსენებდა: ჰენრი შარიქაძის, ბესიკო ორჯონიკიძის, გიორგი ჭანტურიას, ომარ შარიქაძის, ნუგზარ ლომსაძის, არსენ სხილაძის, რუბენ კურტანიძის ოჯახებს, იმ დიდ სიყვარულსა და ურთიერთობებს, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ერთ დიდ ინტელექტუალურ, შეხმატკბილებულ ოჯახად აქცია მათი მეზობლობა.
შვილიშვილებმა კიდევ უფრო გაულამაზეს და გაუთბეს ცხოვრება ასობით აღმზრდელზე მშობელივით მზრუნველ პედაგოგს.
მერი გიორგიძემ სხვათა ზრუნვაზე გადაგებულმა იცხოვრა. ყველას გაუნაწილა თავისი კუთვნილი ცხოვრების წლები. მდიდრულად დაიხარჯა ადამიანების სიყვარულში… სიყვარული, თავდადება, გონიერება, განსწავლულობა – ყველაფერი, რაც მისთვის უხვად გამოიმეტა არსთა გამრიგემ უშურველად დაუბრუნა სამყაროს; დაუბრუნა მოყვასს, საკუთარ და სხვათა შვილებს.
ვალმოხდილი და პირნათელი წავიდა იმქვეყნად…
ნახევარ საუკუნეზე მეტი ემსახურა იგი ხარაგაულის #10 საშუალო (შემდგომში ხარაგაულის #3 საჯარო) სკოლას… როგორც პედაგოგმა და კლასის დამრიგებელმა, არაერთი თაობა გამოზარდა თავის საიმედო ფრთებქვეშ. სკოლის სული და გული გახლდათ, საიმედო და უღალატო მეგობარი, მუდამ სიკეთეზე მოფიქრალი და კოლეგებზე მზრუნველი, მათი ჭირისა და ლხინის გულწრფელი გამზიარებელი. მის მიერ ჩატარებული შემეცნებითი ღონისძიებები, ღია გაკვეთილები, ინიციატივები და ინოვაციური ხედვები აღსაზრდელების სულის მალამო და სკოლის წარმოჩენის დიდი ასპარეზი გახლდათ. მისი მოქარგული სიტყვა ალამაზებდა სასკოლო თუ სკოლის სახელით გამართულ რაიონულ ღონისძიებებს.
ამ წიგნის მეორე ნაწილში მერი მასწავლებლის აღზრდილი მოსწავლეები უამბობენ მკითხველებს თავიანთ სწორუპოვარ და ღირსეულ პედაგოგზე; იმ დიდ სიყვარულზე, ნახევარსაუკუნოვანი შრომისა და გარჯის სანაცვლოდ რომ დარჩა სამყაროს მარადიულ მადლიერებად.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი