შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი 85 674 666 ლარზე გამოაცხადა. სატენდერო წინადადებები 19 ივნისამდე მიიღება.

ტენდერში გამარჯვებულმა მშენებელმა კომპანიამ ამ გზის რეაბილიტაცია სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 24 თვეში უნდა დაასრულოს.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა ასფალტის საფარი, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ხიდებს, გზის სადრენაჟე მილებს, კიუვეტებს, აშენდება საყრდენი კედლები, მოინიშნება გზა და მოეწყობა უსაფრთხოების ბარიერები.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი გზის პირველ, 25 კმ-იან მონაკვეთზე შესრულებულია ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „აკკორდს“, ხელშეკრულების მიხედვით, გზის რეაბილიტაცია 2021 წლის მაისში უნდა დაემთავრებინა.

თუმცა, სამშენებლო კომპანიამ გზის მეორე მონაკვეთის დასრულება ვერ შეძლო და მასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა. ამის შემდეგ, გზის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციის მიზნით, ხელახალი ტენდერი ორჯერ უშედეგოდ გამოცხადდა.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზა რიკოთის ავტობანის ალტერნატიულია. ამ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ფაქტობირვად, სასიცოცხლოდ ესაჭიროება ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობას.