ყოფილი საკოლმეურნეო ტყეების მუნიციპალიტეტისთვის შესაძლო გადმოცემის საკითხზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე სატყეო საკითხებში გერმანელ ექსპერტს შტეფან მიხეს შეხვდა.

ექსპერტმა საკრებულოს თავმჯდომარეს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მუნიციპალური ტყეების მართვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, – როგორ მართავენ მუნიციპალურ ტყეებს გერმანიაში, მოლდავეთსა და ტაჯიკეთში, რომელი მოდელია გასაზიარებელი ხარაგაულისთვის და რა რესურსებია საჭირო ამისთვის.

შტეფან მიხეს თქმით, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად ყოფილ საკოლმეურნეო ტყეებში, ვინ იქნება პასუხისმგებელი როგორც ტყის მართვაზე, ისე დაცვაზე, ექნება თუ არა შემოსავალი მუნიციპალიტეტს ამ ტყეების მართვიდან, რა სარგებელს მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა.

ექსპერტის რეკომენდაციით, ტყის ინვენტარიზაციის მასალები უნდა განიხილონ დეტალურად სპეციალისტებთან ერთად და დაადგინონ ყოფილი საკოლმეურნეო ტყეების რესურსები.

მისივე თქმით, უმჯობესია მუნიციპალიტეტში სამოდელოდ აიღონ რამდენიმე სოფელი და იქ შექმნან მუნიციპალური სატყეო მეურნეობა.

ტყის მართვის როგორი ფორმა იქნება უფრო ეფექტური, უნდა გადაწყვიტოს თავად მუნიციპალიტეტმა.

ნინო კაპანაძე