ახალგაზრდული საკრებულო ხარაგაულში პირველად 2015 წელს ა/ო „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ ინიციატივით შეიქმნა.
პროექტის მიზანი აქტიური ახალგაზრდების ადგილობრივ თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართვა და მათი ახალგაზრდა ლიდერებად ჩამოყალიბება იყო. პროექტში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების IX-XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ახალგაზრდული საკრებულოების უფლებამოსილების ვადა ერთი წლით განისაზღვრება. პანდემიის დროს, 2020-2021 წლებში, პროექტი შეჩერდა.
2022 წლის 11 ოქტომბერს ხარაგაულის VI მოწვევის ახალგაზრდული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარედ ხარაგაულის გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე შოთა ვეფხვაძე აირჩიეს. მისი მოადგილე ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ლიზი შარიქაძეა.
ხარაგაულის ახალგაზრდული საკრებულო 36 წევრიანია და მასში ხუთი კომისია ფუნქციონირებს. ახალგაზრდული საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ მეიფარიანია (#3 საჯარო სკოლა); ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – ნათია გოგოლაძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა); განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე – მარიამ დევდარიანი (#2 საჯარო სკოლა); იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე – მარიამ ტაბატაძე (#2 საჯარო სკოლა); საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე – ლიზი დევდარიანი (#3 საჯარო სკოლა).
ახალგაზრდული საკრებულოს საქმიანობის გასაცნობად, ამ საკრებულოს თავმჯდომარეს შოთა ვეფხვაძეს ვესაუბრეთ.
ახალგაზრდული საკრებულო თვეში ერთხელ იკრიბება და საკუთარი ინიციატივებით სხვადასხვა ღონისძებებს გეგმავენ. უფროსკლასელებთან ერთად, აქტივობებში ახალგაზრდული საკრებულოს კურატორი, ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მარინე ხვედელიძე მონაწილეობს.
ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან მიძღვნილ ღონისძიებებში, ასევე შეუერთდნენ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს. 20 ნოემბერს, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის დღეს, საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს და ქუჩაში მოქალაქეებს დაურიგეს, ასევე ჩატარეს ვიდეო გამოკითხვა ბავშვთა უფლებების შესახებ.
ნოემბერ-დეკემბერში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულო გენდერული ძალადობის კვირეულს შეუერთდა.
22 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, ფსიქოლოგმა, NCDC იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ, ახალგაზრდული საკრებულოს წევრებს ჩაუტარა ტრენინგი თემაზე – „ეფექტური კომუნიკაციის ხელოვნება“.
მომზადებულ ვიდეო გამოკითხვებს, ასევე სხვადასხვა აქტივობების ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალებს ახალგაზრდული საკრებულოს წევრები სოციალურ ქსელში თავინთ გვერდზე აქვეყნებენ.
შოთა ვეფხვაძე ამბობს, რომ მათ მიერ ჩატარებულ ღონისძიებებსა და აქციებს სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებიც უერთდებიან, რაც ხელს უწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას.
მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდული საკრებულოს წევრები შეკრებების დროს ხშირად საუბრობენ, რომ ახალგაზრდებს ხარაგაულში გასართობად შეკრების ადგილი არ აქვთ. „ხარაგაულში მხოლოდ სკვერია, სადაც შეიძლება ჩახვიდე და დაჯდე, მეტი არაფერი. ადრე აქ ბილიარდის ცენტრი იყო, სადაც მეგობრებთან ერთად ხშირად ვიკრიბებოდით. რამდენჯერმე ჩატარდა ფილმის ჩვენება კინო-თეატრში. ფილმის ნახვა ყველგან შეიძლება – ჩართავ კომპიუტერს, ტელევიზორს და უყურებ, მაგრამ მეგობრებთან ერთად ფილმის ნახვა სულ სხვაა “, – ამბობს შოთა.
ჩვენს შეკითხვაზე, – თუ რა პრობლემებს ხედავენ ახალგაზრდები ხარაგაულში, – შოთამ გაიხსენა, რომ მასწავლებელთან გვიან საღამოს მის ერთ მეგობარს დააგვიანდა, რადგან ქუჩაში მიუსაფარი ძაღლები აედევნენ და შეშინებული გზას ვერ აგრძელებდა. საშველად მეგობრებს დაურეკა, ისინიც ჩავიდნენ და მასწავლებელთან აიყვანეს.
გვიან საღამოს, როცა შოთასა და მის თანატოლებს ერთად შეკრება და დროის გატარება სურთ, ხარაგაულში ყველაფერი დაკეტილია და ყოფილა შემთხვევა, რომ კაფეში დასაჯდომად/სასაუბროდ ზესტაფონში წასულან. საცურაო აუზზეც კი მეზობელ მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსით მიდიოდნენ, ვარჯიშობდნენ და უკან ბრუნდებოდნენ.
შოთას აზრით, საჭიროა ხარაგაულში ახალგაზრდებისთვის მეტი აქტივობები დაიგეგმოს; უფრო ხშირად ჩატარდეს სპორტული, კულტურული და შემეცნებითი კონკურსები და შეჯიბრებები.
შოთა ვეფხვაძე აქტიურად მონაწილეობს კულტურულ ღონისძიებებში. 7 მაისს ქართული იუმორისტული ლიგის ნახევარფინალში შოთა თანატოლებთან ერთად ხარაგაულის იუმორისტული გუნდის „ჭირიმეს“ შემადგენლობაში ითამაშებს.
სამომავლოდ, შოთას სურს, რომ მოქალაქეებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვაში მონაწილეობდეს, რადგან საკუთარი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანეს საქმედ მიაჩნია.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი