ბორის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში დონარი ბერიძისა და გოჩა პავლაძის წიგნის „ბორი“ პრეზენტაცია გაიმართა. „ამ წიგნის მომზადების პროცესში დავრწმუნდით, ხსოვნა რა მნიშვნელოვანია. გვინდა მომავალ თაობებს ვთხოვოთ, არ დაკარგოს უფროსი თაობის ნაამბობი. „ბორი“ წლების განმავლობაში გაწეული შრომის შედეგია,“ – ვკითხულობთ წიგნის შესავალში. წიგნის პრეზენტაციას ია ხიჯაკაძე უძღვებოდა.

„ბორი ისტორიული სოფელია. ბორთან დაკავშირებულ ცნობებსა და ამ სოფლის ისტორიაში მნიშვნელოვანი პიროვნებების შესახებ ინფორმაციას ქალბატონმა დონარიმ ერთ წიგნში მოუყარა თავი. დიდი მადლობა ავტორს,“ – აღნიშნა ბორის საჯარო სკოლის დირექტორმა ჰამლეტ ბერაძემ და იმედი გამოთქვა, რომ დონარი ბერიძე მომავალშიც არა ერთ წიგნს აჩუქებს მომავალ თაობას.

დონარი ბერიძემ გაიხსენა, თუ როგორ დაიბადა ამ წიგნის იდეა: „თვრამეტი წლისა ვიყავი, ბორში რომ მოვედი. მეუბნებოდნენ, რომ ეს იყო ისტორიული სოფელი. აღმოჩნდა, რომ ჩემი ოჯახის წევრებს უკავშირდებოდათ ბორის განძის აღმოჩენა. ხშირად ვუსმენდი ჩემი მეუღლის ბაბუას ამ ფაქტთან დაკავშირებით. მოგვიანებით გივი ვეფხვაძის წიგნში გავეცანი ახმედ გოგოლაძის მოგონებას ბორის განძზე. ამის შემდეგ დავიწყე ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა ლიტერატურაში. ნელ-ნელა მოვუყარე თავი. ასე დაიბადა წიგნი „ბორი.“ დონარი ბერიძემ მადლობა გადაუხადა ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას წიგნის გამოცემაში გაწეული დახმარებისათვის.

წიგნში „ბორი“ მოთხრობილია არა მხოლოდ ბორის ისტორია, არამედ კოლორიტ ბორელებზე, რომელთაც გარკვეული წვლილი შეიტანეს ამ სოფლის განვითარებაში.

ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ „ბორი“ არის დოკუმენტურ-ლიტერატურულ-ისტორიული წიგნი და გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადა დონარი ბერიძეს, – ავტორს, რომელიც ამ სოფელში არ დაბადებულა, არ გაზრდილა და მოსვლისთანავე ასე დაინტერესდა ამ კუთხის ისტორიით.

ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის რეჟისორმა იზა ვეფხვაძემ წიგნს „ბორი“ ფასდაუდებელი უწოდა და აღნიშნა, რომ საუკუნეების შემდეგ მომავალი თაობები ამ წიგნით გაიგებენ და გაიხსენებენ ბორის ისტორიასა და გამოჩენილ ბორელებს. „როცა ადამიანები, დონარი ბერიძის მსგავსად, ასე ესათუთებიან თავიანთ სოფელსა და მის წარსულს, საქართველოს ისტორია არ დაიკარგება“.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა ეკა შველიძემ დონარი ბერიძის ძალისხმევას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა მით უფრო, რომ ბორის განძი დღეს სხვა ქვეყნის საკუთრებაა და სანკტ-პეტერბურგში, ერმიტაჟში ინახება.

„ბორელებმა ამ წიგნით კიდევ ერთი განძი მივიღეთ. ეს ჩვენთვის დიდი მონაპოვარია“, – ასე შეაფასა „ბორი“ ბორელმა ბებური მაჭავარიანმა.

განათლების პროფკავშირების ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლალი სებისკვერაძემ ბორის საჯარო სკოლასა და ბიბლიოთეკას საჩუქრები გადასცა და დონარი ბერიძეს შემდგომი წარმატებები უსურვა.

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ დონარი ბერიძემ ურთულეს მიზანს გაართვა თავი, – თანასოფლელებსა და ისტორიულ სოფელზე წიგნის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია.

ბორის განძის აღმომჩენელის, არჩილ პავლაძის, შვილიშვილმა იამზე პავლაძემ გაიხსენა ბორის განძის აღმოჩენის ისტორია. ეს განძი რომ იპოვეს, ერმანოზ და არჩილ პავლაძეებს იმდენად უჭირდათ, რომ განძი ერთ გოდორ სიმინდში მთლიანად გადასცეს მაჭავარიანებს.

ღონისძიების დასასრულს მოვისმინეთ ფრანგი ივეტ გრიმოსგან 1967 წელს ბორში ჩაწერილი მრავალხმიანი ქართული სიმღერა კოლორიტი ბორელების შესრულებით.

დონარი ბერიძე სამომავლოდ აპირებს გამოსცეს წიგნი „ბორელები“, რომელშიც იმ ღვაწლმოსილი ბორელების შესახებ გვიამბობს, ვინც უკვე გამოცემულ წიგნში ვერ მოხვდნენ.

თამთა გოგოლაძე