

დღეს, 17 ივნისს დაიწყო და 20 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება გამოსაშვები გამოცდები მეთერთმეტეკლასელებისათვის. მოსწავლეები გამოცდას ჩააბარებენ ოთხ საგანში, – გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიასა და ქიმიაში.
მეთერთმეტეკლასელთა გამოსაშვები გამოცდები ტარდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 16 სკოლაში: ხარაგაულის #2 და #3, მარელისის, ბორითის, ბორის, კიცხის, ვარძიის, ვახანის, ვერტყვიჭალის, ზვარეს, ხიდრის, ნადაბურის, ღორეშის, წიფისა და ხევის საჯარო სკოლებში, ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში.
ლაშის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელები გამოცდებს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში ჩააბარებენ, საღანძილის სკოლის მოსწავლეები – ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში, ლეღვნის სკოლის მოსწავლეები – მარელისის სკოლაში, წყალაფორეთელი მეთერთმეტეკლასელები – ვარძიაში, ხოლო მოლითის სკოლის მოსწავლეები – ზვარის საჯარო სკოლაში.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე პაატა შავიძე ერთ-ერთი პირველი შევიდა გეოგრაფიის გამოცდაზე და საგამოცდო ზღვარი წარმატებით გადალახა. პაატა ამბობს, რომ შედეგით კმაყოფილია.
„გამოცდა რთული არ იყო, მაგრამ ძალიან ვინერვიულე, – ამბობს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ირინე იჩქიტიძე, – თუმცა ჩავაბარე და კმაყოფილი ვარ“.
თავის რიგს მოუთმენლად ელოდება პაატასა და ირინეს თანაკლასელი მარიკა დევდარიანი. „ცოტას ვნერვიულობ, თუმცა კარგ შედეგს ველოდები,“ – ამბობს მარიკა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს დავით კიკნაძის ინფორმაციით, წელს გამოსაშვებ გამოცდებს 221 ხარაგაულელი მეთერთმეტეკლასელი აბარებს.
გამოცდებისათვის, ქვეყნის მასშტაბით, 41 ათასზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული.
განათლების სამინისტროსგან გავრცელებული ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია – ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.
სისტემის მაქსიმალური დაცულობისათვის ასევე მომზადდა და დაინერგა სპეციალური პროგრამა ე.წ. Gcat browser, რომელიც ტესტირების სრულ დაცულობას უზრუნველყოფს და კომპიუტერის სტანდარტულ შესაძლებლობებს ზღუდავს.
სისტემა კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას, სანამ მის ცოდნასა და შესაძლებლობებს არ დაადგენს.
იმ მოსწავლეებს, რომლებიც ვერ გადალახავენ ზღვარს რომელიმე საგანში (ან ვერ გამოცხადდებიან გამოცდაზე), შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი საგანი მეთორმეტე კლასის ბოლოს ჩააბარონ დანარჩენ ოთხ გამოცდასთან (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) ერთად.
თამთა გოგოლაძე
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში