ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონული ბიურო 2023 წლის 23 – 29 აპრილს აღნიშნავს ევროპის იმუნიზაციის კვირეულს, რათა გაზარდოს ცნობიერება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ დაავადებების პრევენციისა და სიცოცხლის დასაცავად.

საქართველო 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს.

წლევანდელი კვირეული ფოკუსირებული იქნება ვაქცინაციის პროცესის გაუჯობესებაზე ევროპის იმუნიზაციის 2030 წლის დღის წესრიგის კონტექსტში და COVID-19 პანდემიის გამო ვაქცინაციის მაჩვენებლების გლობალური შემცირების დაძლევაზე.

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.

კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოხდება იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის, მედიის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტების, პოლიტიკოსების და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.

ჯანმოს ევროპის რეგიონი კოორდინირებს იმუნიზაციის კვირეულის ჩატარებას და იწვევს ევროპის რეგიონის ყველა წევრ სახელმწიფოს მონაწილეობის მისაღებად.

რეგიონალური და ეროვნული პარტნიორები, მათ შორის გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (ECDC), მხარს უჭერენ კვირეულის ჩატარების პროცესს. ძალზე მნიშვნელოვანია იმუნიზაციის მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის შენარჩუნება, რათა თავიდან იქნას აცილებული ვაქცინებით მართვადი დაავადებების აღმოცენების და გავრცელების რისკი.

აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს თანაბარ შესაძლებლობას იცხოვროს ჯანმრთელად, ვაქცინაცია კი ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

იმუნიზაციის პროგრამა საქართველოში

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამას საფუძველი ჩაეყარა 1996 წელს. პროგრამის მიზანია, გლობალური და რეგიონალური მიზნების შესაბამისად, მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების გზით აცრებით მოცვის სათანადო მაჩვენებლის მიღწევა ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინით მართვადი ინფექციებისაგან დასაცავად.

რუტინული ვაქცინაციის სქემა დამოკიდებულია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ და პროგრამულ თავისებურებებზე; ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაცია რეგულირდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად.

0 – 18 წლის ასაკის მოსახლეობის ვაქცინაციას სახელმწიფო უზრუნველყოფს 13 ინფექციის – ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, B ჰეპატიტის, როტავირუსული ინფექციის, ადამიანის პაპილომავირუსის, პნევმოკოკური ინფექციის და ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b საწინააღმდეგო ვაქცინაციას 9 ვაქცინის საშუალებით:

BCG, HepB, DPT-Hib-HepB-IPV, DPaT/IPV, Td, MMR, Rota, PCV, HPV;

ქვეყანაში გამოიყენება WHO-ს,EMA-ს, FDA -ს მიერ რეკომენდებული და აღიარებული ვაქცინები, რაც მაღალი ეფექტურობისა და უსაფრთხოების გარანტია.

პროგამული ვაქცინები უფასოა მომხმარებლისთვის – ვაქცინის ღირებულებას სრულად ფარავს სახელწიფო იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში.

ამავე პრინციპების დაცვით სახელმწიფო ქვეყნის მოსახელობას უზრუნველყოფს გრიპის, ანტირაბიული, ყვითელი ცხელებისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით, ზოგიერთი დაავადების/მდგომარეობის საპროფილაქტიკო ან სამკურნალო ბიოაქტიური პრეპარატებით.

იმუნიზაციის პროგრამის მიღწევები

• 2002 – საქართველო სერთიფიცირებული იქნა როგორც ველური პოლიომიელიტის ვირუსისაგან თავისუფალი ტერიტორია;

• ბოლო 10 წლის განმავლობაში იმუნიზაციის კალენდარში დაინერგა 5 ახალი ვაქცინა და ეროვნული კალენდარი თითქმის სრულად მიუახლოვდა განვითარებული ქვეყნების აცრების კალენდარს;

• იმუნიზაციის სახელწიფო პროგრამის ბიუჯეტი მდგრადი და მზარდია, პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ;

• ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს დაფინანსებით მნიშვნელოვნად განახლდა და გაუმჯობესდა ქვეყნის ცივი ჯაჭვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

• 2002 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უნივერსალური კალენდარი – წლამდე ასაკის ბავშვთა ოთხჯერადი ვაქცინაცია, ორსულთა სკრინინგი HBsAg-ზე და დადებითი შედეგის შემთხვევაში, ახალშობილთა აცრები HepB მონო ვაქცინით და იმუნოგლობულინით;

• 2022 წელს საქართველომ მიაღწია B ჰეპატიტის კონტროლის რეგიონულ მიზნებს იმუნიზაციის საშუალებით;

• 2020 წელს საქართველო წითურას ვირუსისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადდა;

• სახელწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია წინასწარ შერჩეულ რისკ-ჯგუფებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად;

• რუტინულ ვაქცინაციასთან ერთად, იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში ასევე ხორციელდება დიფთერიის, ბოტულიზმის, ცოფის, ტეტანუსის, ყვითელი ცხელების, გველის ნაკბენის პროფილაქტიკა და მკურნალობა;

• 2019 წელს ქვეყანაში ამოქმედდა პროფესიული ჯგუფის სავალდებულო ვაქცინაციის კალენდარი;

• 2021 წლიდან ხორციელდება ქრონიკული დაავადების მქონე 65 წლის და უფროსი ასაკის პირებისა და ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების ბენეფიციარების პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;

• საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2017 წლიდან 10-11-12 წლის 61 000-ზე მეტმა გოგონამ მიიღო აპვ ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო 35 000-ზე მეტმა დაასრულა აცრების ორდოზიანი კურსი;

• გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ მიიღო საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის გლობალური სტრატეგია და ამ მიზნის მისაღწევად ყველა ქვეყანამ უნდა მიაღწიოს და შეინარჩუნოს 100 000 ქალზე ინციდენტობის 4-ზე დაბალი მაჩვენებელი.

აღნიშნული ეყრდნობა სამ ძირითად მიზანს და აქედან ერთერთია ვაქცინაცია, კერძოდ, 2030 წლისთვის ქვეყნებმა უნდა მიაღწიონ 15 წლამდე გოგონების 90%-იანი მოცვის მაჩვენებელს, რომლის შედეგად 2120 წელს აცილებული იქნება საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული 62 მილიონი სიკვდილის შემთხვევა; აღიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია აპვ ვაქცინაციით მოცვის მაღალი მაჩვენებლის მისაღწევად ყველა დაინტერესებული მხარის ერთობლივი ძალისხმევა და ჩართულობა ვაქცინციის პროცესში.

2023 წლიდან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინია 13-26 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფებში.

მხარდამჭერი ორგანიზაციები და პარტნიორები

• იმუნიზაციის პროგრამას მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდნენ და უწევენ შემდეგი პარტნიორი ორგანიზაციები – WHO, UNICEF, GAVI, USAID, CDC, WB, RVF, Sabin Vaccine Institute, JICA, MSF, CIF, WV, GRC.

იმუნიზაციის პროგრამის მხარდაჭერის მიზნით ქვეყანაში მოქმედებს:

• იმუნიზაციის განხორციელების ხელშემწყობი კომისია (2000);

• იმუნიზაციის ექსპერტთა ეროვნული ტექნიკური საბჭო (2014);

• პოლიომიელიტის სასერთიფიკაციო კომიტეტი (1998);

• წითელასა და წითურას ელიმინაციის ვერიფიკაციის კომიტეტი (2013);

• იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტი (2018).

კვირეულის ძირითადი გზავნილებია

– იმუნიზაცია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაავადებებისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა;

– დრო მნიშვნელოვანია: რუტინული იმუნიზაციის კალენდარი ისეა შედგენილი, რომ ბავშვი მისთვის გარდამტეხ მომენტში იყოს დაცული;

– მიჰყევით იმუნიზაციის კალენდარს, დაიცავით რეკომენდებული ვადები და აღადგინეთ გამოტოვებული დოზები;

– ყველა დოზა მნიშვნელოვანია: თქვენი შვილების სიცოცხლისთვის სახიფათო ინფექციებისგან დასაცავად ბავშვებს ჩაუტარეთ რუტინული იმუნიზაციის კალენდრით გათვალისწინებული ყველა აცრა;

– ისაუბრეთ ვაქცინაციაზე: პაციენტებსა და სამედიცინო პერსონალს შორის ღია საუბარი ვაქცინაციაზე ხელს უწყობს ვაქცინაციის მნიშვნელობისა და საჭიროების უკეთ გააზრებას და აცრების რეკომენდებული გრაფიკის დაცვას;

– ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური დაცვა საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან.