ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში დღეს, 26 აპრილს, ხარაგაულის მუზეუმში ვახტანგ (ვატო) მაღრაძის ფოტოგამოფენა გაიხსნა.

ვატო მაღრაძე ხარაგაულის #2 სკოლის მეთორმეტეკლასელია. ის ფოტოგადაღებით 12 წლის ასაკში დაინტერესდა. თავიდან ფოტოებს ტელეფონით იღებდა, აფიქსირებდა კადრებს, რომელიც მოსწონდა.

„რამდენიმე ადამიანმა, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ფოტოები მომიწონა და მირჩია, რომ ფოტოხელოვნებით სერიოზულად დავინტერესებულიყავი, – ამბობს ვატო მაღრაძე, – ეს ჩემთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა. არასდროს ვიღებ ბუნების ფოტოებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანები, შენობები, სოციალური საკითხები“.

მუზეუმში ვატო მაღრაძის ფოტოგამოფენას მისი მეგობრები, ოჯახის წევრები და ხარაგაულელები ეწვივნენ.

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა გამოფენის გახსნისას აღნიშნა, რომ ფოტოგადაღებას განსაკუთრებული ნიჭი და ხედვა სჭირდება. მან ახალგაზრდა ფოტომოყვარულს წარმატებები უსურვა.

„ვატოს თითოეულ ფოტოში სიღრმისეული ხედვა, მრავალფეროვანი კომპოზიცია და დამაფიქრებელი შინაარსი ჩანს, – ასე შეაფასა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის თანამშრომელმა ეკა შველიძემ ვატო მაღრაძის ფოტოები, – ამ კადრებში გადმოცემულია ქაოსურ ცხოვრებაში ადამიანთა მრავლისმთქმელი განწყობა. მჯერა, ვატო ხარაგაულის მდიდარ კულტურულ და შემოქმედებით ტრადიციებს გააგრძელებს“.

ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ ფოტოგამოფენის გახსნისას აღნიშნა, რომ მისთვის ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელია.

„ვატოს ფოტოებში იგრძნობა ადამიანთა სევდა და ტკივილი, – აღნიშნა ირინე ჩხეიძემ, – სოციალურ თემაზე გადაღებული ამ ფოტოებიდან ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავია კადრი, – ახალგაზრდა ქალი 21-ე საუკუნეში რკინიგზის სადგურზე ისევ „მასტერაოს“ რომ ელოდება.

ვატოს ფოტო, „ვარდისფერკაბიანი გოგონა ხარაგაულის ცენტრში“ ჟურნალ National Geographic-ის გვერდზე გამოქვეყნდა მსოფლიოს უდიდესი ბუნების ძეგლებისა და არქიტექტურული შედევრების ფოტოების გვერდით.

ხარაგაულში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებიც ხარაგაულს წარმოაჩენენ. მინდა წარმატებები გისურვოთ და სადაც არ უნდა იყოთ, ხარაგაული არასდროს დაივიწყოთ“.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნინო დიდიძემ ვატო მაღრაძე დიპლომით დააჯილდოვა. ფოტოგამოფენა მუზეუმში 8 მაისამდე გასტანს.