საქართველოს პარლამენტის ხარაგაულის მაჟორიტარი წევრის, ნოდარ ებანოიძის, ბიუროში, 28 მარტიდან ხორციელდება პროექტი „სამოქალაქო განათლების ცენტრი“. პროექტში ჩართულნი არიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-9 – მე-11 კლასების მოსწავლეები.

ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელ მარი ბერაძის ინფორმაციით, პროექტის მონაწილეები ისმენენ ლექციებს სამოქალაქო განათლების მიმართულებით.

პირველ ლექციაზე, რომელიც პარლამენტის თბილისის ბიუროში გაიმართა, მოსწავლეებს ესაუბრენ თამარ კორძაია და ნოდარ ებანოიძე.

შემდეგ ლექციებზე პროექტის მონაწილეებმა მოუსმინეს გიორგი მშვენიერაძეს, იოველ ჟვანიას, ფრიდონ საყვარელიძეს, გიორგი გოცირიძეს.

„პროექტის მონაწილეები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან აქტიურად ერთვებიან მათთვის საინტერესო თემების განხილვებში, სვამენ აქტუალურ შეკითხვებს და სურთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღება. ვფიქრობ, ისინი, თავიანთ თანატოლებთან ერთად, არიან ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის ნათელი მომავალი“ – ამბობს მარი ბერაძე.

14 ივნისს პროექტის მონაწილეებს იურისტი თამარ გურჩიანი ქალთა უფლებებზე ესაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ქალთა თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში იჩენს თავს. თამარ გურჩიანს მიაჩნია, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისათვის.

მოლითის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ კვინიკაძე ამბობს, რომ ეს პროექტი შესაძლებლობას აძლევს, რაც შეიძლება მეტი გაიგონ ადამიანის უფლებების შესახებ და თვლის, რომ ყველა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, რა უფლებები და მოვალეობები გააჩნია.

კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლე ბორია ზვიადაძის აზრით, „ეს პროექტი კარგია სამოქალაქო განათლების გასაღრმავებლად; საიმისოდ, რომ ინტენსიურად ჩავერთოთ სამოქალაქო პროცესებში და გავხდეთ აქტიური მოქალაქეები“.

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ლაცაბიძე იმ მომენტს იხსენებს, როცა ამ პროექტში მონაწილეობა შესთავაზეს: „ძალიან გაეხარდა. გავიცანი ბევრი თანატოლი და სასარგებლო ინფორმაციაც მივიღე. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ვხვდებით განათლებულ ადამიანებს, რომლებიც ცოდნასა და გამოცდილებას გვიზიარებენ. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა გარკვეულ სტიმულს მოგვცემს სამომავლოდ, ცხოვრებაში.“

„ამ პროექტით ჩემთვის ბევრი სიახლე გავიგე; მაგალითად ის, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია საკრებულოსა და ბიუროს სხდომებს დაესწროს. გავიგე, რომ ჩვენ გვაქვს უფლებები, რომელთა გამოყენებითაც ნამდვილად შეგვიძლია, ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ,“ – ამბობს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ჭყოიძე.

თამთა გოგოლაძე