ხელოვნების სიყვარული წინაპრებისგან გამოჰყვა; ბებია მოყვარული მსახიობი იყო, ქუთაისის კლასიკური გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული და მესხიშვილის თეატრის სცენაზე ხშირად გამოდიოდა.
7 წლის იყო ირინე ჩხეიძე, პირველი სპექტაკლი „წითელქუდა“ რომ დადგა; მთავარი როლიც თავად შეასრულა. სპექტაკლი იმდენად კარგი გამოვიდა, რომ ხარაგაულის საბავშვო ბაღებში აჩვენეს.
მოსწავლეობის პერიოდში დეკლამატორთა რესპუბლიკურ ფესტივალში პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. სცენაზე ეს პირველი წარმატებები მომავალში არაერთ გამარჯვებად იქცა.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი და მსახიობი ირინე ჩხეიძე, ახლახან, ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში, უფროსკლასელებს შეხვდა და მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხა.
ხარაგაულის #2 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა კულტურის სახლში დაიწყო.
შემდეგ თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და მშობლიურ რაიონში დაბრუნდა.
რეჟისორ დიმიტრი ბოგვერაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში „დარისპანის გასაჭირი“ კაროჟნას როლი წარმატებით განასახიერა. ამ სპექტაკლმა საქართველოს თეატრალური ფესტივალის გრან-პრი დაიმსახურა.
2004 წელს კულტურის სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამავე წლიდან არის ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი და მსახიობი. მისი შემოქმედების მთავარი მოტივატორი თეატრის სიყვარულია. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია; მაშინაც კი, როცა სცენაზე არ დგას, თეატრზე ფიქრობს.
2004 წლიდან დღემდე 17 სპექტაკლი დადგა; ხარაგაულის სახალხო თეატრის დასის წევრებთან ერთად, სპექტაკლებში 70-მდე მოყვარული მსახიობი ჩართო. იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ოთხჯერ დაიმსახურა საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო. ამავე ფესტივალზე დასახელებულია საუკეთესო რეჟისორად, საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან მიღებული აქვს „ამაგდარის“ ჯილდო.
გამორჩეულია ირინე ჩხეიძის სპექტაკლები „ლექსო არ დაიკარგები“ და „სათაგური“, რომლებიც მოსწავლეთა მონაწილეობით შეიქმნა. „სათაგური“ საბავშვო სპექტაკლების ფესტივალის გამარჯვებული გახდა.
ირინე ჩხეიძემ 2009 წელს თოჯინების თეატრი შექმნა და 7 სპექტაკლი დადგა. ხშირად ამბობს, რომ მისთვის პატარა მაყურებლების ემოცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პანდემიის დროს, მაყურებელთან ურთიერთობა იმდენად მოენატრა, რომ ვიდეო ზღაპრების ჩაწერა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნება დაიწყო.
ირინე ჩხეიძის შთაგონების მთავარი წყარო ლიტერატურა და მუსიკაა. ახალგაზრდებსაც ურჩევს, რომ მაქსიმალურად ბევრი იკითხონ, უსმინონ საუკეთესო მუსიკას, დაათვალიერონ გამოფენები და მუზეუმები, ნახონ ბევრი კარგი ფილმი, რადგან ასე ყალიბდება ხელოვნებისადმი სიყვარული და იხვეწება გემოვნება.
ყველაზე ამაყი და ბედნიერი
ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე შექმნილი, ირინე ჩხეიძის რეჟისორობით 2007 წელს დადგმული „თანამდევი სული“ ხარაგაულის სახალხო თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული სპექტაკლია.
„თანამდევი სული“ იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე და თურქეთში საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრით დაჯილდოვდა. ამ სპექტაკლის ჩვენება სრული ანშლაგით მიმდინარეობდა თბილისში, ბათუმში, ყვარელში, ჭუბერში, საქართველოს საზღვრისპირა სოფელ მერეთში; ბელგიასა და ლატვიაში.
ირინე ჩხეიძემ 2019 წელს, გურამ დოჩანაშვილის პიესის მიხედვით, „ხორუმი ქართული ცეკვაა“ დადგა. პრემიერას თავად გურამ დოჩანაშვილი ესწრებოდა. ამ სპექტაკლში მსახიობთა სამი თაობა მონაწილეობდა.
„მადლობელი ვარ, რომ ჩემი ნაწარმოები სცენაზე საუკეთესოდ გააცოცხლეთ“, – ასე შეაფასა გურამ დოჩანაშვილმა ეს სპექტაკლი. ირინე ამ წუთებში ძალიან ამაყი იყო.
2017 წელს „დარისპანის გასაჭირი“ ქალთა მეხუთე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აჩვენეს. ამ უჩვეულო მსმენელისგან მიღებული გამორჩეული ემოცია თეატრის რეჟისორს დღემდე იმდენად „ცოცხლად“ მოჰყვება, რომ სპექტაკლის მოხუცებულთა თავშესაფარში ჩვენება სურს.
ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ მისი წარმატება მისი მეგობრების, სასცენო პარტნიორების, თანამოაზრეებისა და საამაყო დასის დამსახურებაა; ასევე იმ ადამიანების, რომელთა გარეშეც არც ერთი სპექტაკლი არ შედგება, – მხატვარი, ოპერატორები, რეკვიზიტორი, გრიმიორი; სპექტაკლის მომზადების პროცესში მთელი სამსახური თითქოს ერთ ორგანიზმად იქცევა, რაც წარმატების საწინდარია.
თეატრი თუ კინო
2021 წელს სპექტაკლში „იმერული რექვიემი“ შურას როლი შეასრულა. სპექტაკლის ნაწყვეტი „ჩემი ცოლის დაქალების“ კასტინგის ხელმძღვანელმა ნახა და ირინე ჩხეიძე, ხარაგაულის თეატრის შვიდ მსახიობთან ერთად, სერიალში სათამაშოდ მიიწვიეს.
თითოეულმა მათგანმა დასამახსოვრებელი სახე შექმნა. ქალბატონი ირინე მიიჩნევს, რომ კინო ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა თეატრს მაინც ვერ შეედრება.
მაყურებელთან უშუალო კონტაქტი სულ სხვაა; მიუხედავად იმისა, რომ თითოეული სპექტაკლის დადგმა დიდ შრომასთანაა დაკავშირებული. ურთულესია მსახიობების შერჩევა. სპექტაკლში ყოველი ნაბიჯი, ჟესტი, სიტყვა, ქმედება სცენაზე ჯერ თავად უნდა განსაზღვრო და შემდეგ მსახიობს ასწავლო.
იმის გამო, რომ ხარაგაულის თეატრალურ დასს არ ჰყავს მუსიკალური გამფორმებელი, კოსტუმების მხატვარი და ა.შ. ყველაფერზე თავად რეჟისორი ზრუნავს. 2016 წლიდან ხარაგაულის თეატრის სპექტაკლებს, მუსიკალურად, ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე აფორმებს. მის მიერ გაფორმებულმა სპექტაკლმა „ორნი“ კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
სამომავლო გეგმები და იდეები
ირინე ჩხეიძე ამჟამად ახალ სპექტაკლს დგამს დათო ტურაშვილის პიესის „დოდოს მოლოდინში“ მიხედვით.
წელს პირველად, საქართველოს სამოყვარულო სპექტაკლების ფესტივალი გაიმართება და ხარაგაულის სახალხო თეატრი მასში სპექტაკლით „იმერული რექვიემი“ ჩაერთვება; ჩვენი თეატრი ასევე მონაწილეობას მიიღებს იმერეთის ტრადიციულ თეატრალურ ფესტივალში.
თეატრთან დაკავშირებული უამრავი გეგმა და იდეა აქვს; სამომავლოდ ხარაგაულში საბავშვო თეატრის ჩამოყალიბებას გეგმავს; ძალიან უნდა, რომ თოჯინების თეატრს ხარაგაულში საკუთარი ბინა ჰქონდეს და სპექტაკლებში მსახიობებად ბავშვები მიიწვიოს.
დიდი ხანია ფიქრობს, რომ ხარაგაულის სცენაზე „ბერნარდა ალბას სახლი“ დადგას; ჯერჯერობით, სპექტაკლისთვის მსახიობ ქალებს არჩევს. ხარაგაულის სცენაზე მიუზიკლის შექმნაც სურს.
პროფესიული მიზნები, რომლებიც ცხოვრებაში ამ დრომდე დაისახა, თითქმის ყველა შეასრულა. ამ იდეებსაც განახორციელებს, დიდი შრომითა და ჩვეული მონდომებით. წარმატებას უდიდესი შრომითა და საკუთარი საქმის საოცარი სიყვარულით აღწევს, ეს არის მისი „წარმატების გასაღები“.
თამთა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.