ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონში თაფლის წარმოება იზრდება და ქართული თაფლი საერთაშორისო ორგანულ ბაზარზე დამკვიდრებისთვის ემზადება.

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონი, კერძოდ რაჭა-ლეჩხუმის მხარე, არაჩვეულებრივი ადგილია ბიო პროდუქციის წარმოებისთვის, რასაც ბუნებრივი რესურსები, მიკროკლიმატი და ეკოლოგიური გარემო უწყობს ხელს.

ადგილობრივი კომპანია „GEO NATURAL“ უკვე წლებია აგროეკოლოგიური სტანდარტის ნატურალურ თაფლს ამზადებს, რომელმაც ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა.

თუმცა იმისათვის, რომ ამ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია საექსპორტო ორგანული ბაზრისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გამხდარიყო, საჭირო გახდა ბიო სერტიფიცირების პროცესის ინიცირება.

კომპანიის თანადამფუძნებელის გიორგი იაშვილის აზრით, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, პრიორიტეტად ბიო წარმოების განვითარება უნდა აირჩიოს, რადგან აქვს რესურსი საერთაშორისო ნიშურ ბაზარზე მოთხოვნილი მოცულობები დააკმაყოფილოს და საშუალოდ 2-ჯერ მეტი შემოსავალიც მიიღოს.

სწორედ ამიტომ, კომპანია „GEO NATURAL“ -მა აქცენტი ბიო წარმოებაზე გააკეთა და ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, პროდუქციის ბიოსერტიფიცირების პროცესები დაიწყო.

„დაკვირვებებით აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი მუშაობის პრინციპები გარკვეულწილად მიესადაგება ბიო ტრენდებს. ვინაიდან ძირითადი წარმოება რაჭაში გვაქვს და თვითონ რეგიონი არის ეკოლოგიურად სუფთა, ეს შესაძლებლობას გვაძლევს მაღალი ხარისხის თაფლი ვაწარმოოთ.

თუმცა თუ ის ბიო სერტიფიცირებული არ იქნება, მას ვერ ჩათვლიან ბიო თაფლად, აქედან გამომდინარე, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა გადავწყვიტეთ. პირველ რიგში საფუტკრეების, შემდეგ კი უკვე საწარმოს ბიო სერტიფიცირება მოხდება“, – გვიამბობს გიორგი იაშვილი.

საქართველოს მაღალმთიან რეგიონში წარმოებული თაფლისთვის ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობილივი მხარდაჭერა უფრო ფართოა და დახმარება მხოლოდ სერტიფიცირების სუბსიდირებით არ შემოიფარგლება.

პარტნიორმა ბენეფიციარებმა წარმოების განვითარებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვა მოახერხეს, შეისწვლეს ბიო პროდუქტების დამზადების განახლებული წესები და გაიდლაინები, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე, მიიღეს მარკეტინგული მხარდაჭერა და სწავლებები, აგრეთვე ექსპერტის აგენტის დახმარება

მომავალშიც იგეგმება პროდუქტის შეფუთვის რედიზაინი, საერთაშორისო ტრენდების შესაბამისად.

საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გიორგი იაშვილს მყარი პოზიცია გვაქვს და საუბრისას გაგვიზიარა – „არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზრის ტრენდებისთვის თვალყურის დევნება. ეს მხოლოდ ინტერნეტში მოძიების ან რამე სიახლის წაკითხვით არ ხდება. ეს უნდა ნახო შენი თვალით და შენით უნდა იგრძნო რა სურს და რას ეძებს შენი პროდუქტის უცხოელი პოტენციური მომხმარებელი“.

დონორების დახმარებით საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობამ „GEO NATURAL“ -ისთვის დღეს უკვე შესამჩნევი შედეგები გამოააშკარავა. რაჭაში წარმოებულმა თაფლმა უკვე ორი საერთაშორისო ფორმალური ბიზნეს კავშირი შექმნა.

„საკმაოდ მაღალი დაინტერესება მოიპოვა და ეს გრძელდება კიდეც. იყო ევროპის ქვეყნებიდანაც მოთხოვნა, მათ შორის საფრანგეთიდან, იყო გამოხმაურება ჩინეთიდან, საუდის არაბეთიდან, ყატარიდან და ამერიკიდან.”-ამბობს კომპანია „GEO NATURAL“-ის თანადამფუძნებელი გიორგი იაშვილი.

თაფლის მწარმოებლების თქმით, ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერამ მათ საექსპორტო პოტენციალის და ამ პროცესის მართვის გამოცდილების შესაძლებლობა მისცა.

პროდუქციის წარმატებული ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი როლი უჭირავს პროფესიულ კონსულტაციებს ექსპორტის მენეჯერის მხრიდან, რომლის კონსულტაციის მიღებასაც მცირე მეწარმეები თავიანთი სახსრებით აქამდე ვერ ახერხებდნენ.

„მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა პროცესში დავეხმაროთ, დაწყებული კლიენტთან კომუნიკაციიდან, დასრულებული გადაზიდვა იქნება ეს თუ საბაჟო პროცედურა. მათ შორის ვუკეთებთ სტრატეგიას, ვუწერთ კვლევებს, რომ უფრო კარგად გაეცნონ საჭირო ინფორმაციას, იცოდნენ რომელ ბაზარზე შევიდნენ და უფრო მიზანმიმართულად იმუშაონ ამ კუთხით.

გარდა ამისა ვეხმარებით ცოდნის მიღებაში, რომ მომავალში ამ მეწარმეებმა თვითონ შეძლონ პროცესის მართვა.” – ამბობს ექსპორტის მენეჯერი დავით მაყაშვილი.

დღეისათვის ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით, 7 მცირე და საშუალო საწარმო მყარი ნაბიჯებით და სწორი მიმართულებით ვითარდება, რომ მალე საქართველოში წარმოებულმა ორგანულმა და ბიო სერტიფიცირებულმა თაფლმა მნიშვნელოვანი სიტყვა თქვას საერთაშორისო ბაზარზე.

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

დამატებითი ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ: www.gretaproject.ge

ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA- ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავსტრიის განვითარების სააგენტო/პროექტი GRETA და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.