სახელმწიფო უწყებები სარეკლამო მომსახურებაში ყოველწლიურად საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავენ. ხშირად მსგავსი აქტივობები ხმარდება საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციის გავრცელებას, ზოგჯერ კი შესაძლებელია სარეკლამო ბიუჯეტი მიემართებოდეს კონკრეტული უწყების მიღწევების ინფორმაციის გავრცელებას და ა.შ. სარეკლამო მომსახურებად შეიძლება ჩაითვალოს რეკლამის, როგორც მისი შინაარსის მომზადება (ტექსტური, აუდიო-ვიზუალური), ასევე მისი გავრცელება.
პრაქტიკაში, როგორც წესი, ტექსტური ფორმით, ძირითადად ვრცელდება საინფორმაციო შინაარსის „მესიჯები“, ანონსები, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენელთა აქტივობები. ასეთი რეკლამისთვის გავრცელების წყაროდ უმეტესად გამოიყენება საინფორმაციო სააგენტოებისა და ბეჭდური მედიის მომსახურება. რაც შეეხება აუდიო-ვიზუალურ მასალას, ასეთ შემთხვევაში განთავსება და გავრცელება ხდება რადიოსა და სატელევიზიო ეთერის მეშვეობით.
აღნიშნული სარეკლამო მომსახურების შესყიდვები უმეტესად გამარტივებული შესყიდვების გზით ხორციელდება. შესაბამისად, უწყებებს საშუალება აქვთ თავად აირჩიონ რეკლამის დამზადების, განთავსებისა და გავრცელების როგორც კონკრეტული წყაროები, ისე მედია ორგანიზაციები.
თუმცა სატელევიზიო დროის შესყიდვა განსხვავებულად რეგულირდება. კერძოდ, სატელევიზიო დროის შესყიდვას ახორციელებს შესყიდვების სააგენტო კონსლიდირებული ტენდერების გზით. ტენდერი რამდენიმე ლოტად ცხადდება, სატელევიზიო რეიტინგების მიხედვით. კონსოლიდირებულ ტენდერში, თითოეულ ლოტზე, შეიძლება არსებობდეს ერთი ან რამდენიმე გამარჯვებული, საიდანაც თითოეული შემსყიდველი ირჩევს, რომელ ტელევიზიასთან გააფორმოს საბოლოოდ მომსახურების ხელშეკრულება.
იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტები ინფორმაციისა და რეკლამის განსათავსებლად ადგილობრივ მედიებს ირჩევენ, ამ შემთხვევაში პრაქტიკა განსხვავებულია. საქართველოში რეგიონული მედიების რეიტინგის გაზომვა არ ხორციელდება. შესაბამისად, მათი სატელევიზიო დროის შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერით არ ხდება და მუნიციპალიტეტები ჩვეულებრივი სატენდერო პროცედურით ან გამარტივებული შესყიდვის გზით აფორმებენ ხელშეკრულებებს.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში, ცენტრალური ხელისუფლებისგან განსხვავებით, როგორც სატელევიზიო, ისე საინფორმაციო სააგენტოების, ბეჭდური გაზეთებისა და რეკლამის დამამზადებელი კომპანიების მომსახურების შესყიდვებს თავად მუნიციპალიტეტები განკარგავენ.
იმ ფონზე, რომ საქართველოში მედია მკვეთრად პოლარიზებულია, მნიშვნელოვანია ანალიზი, რომელ მედიებს ირჩევენ სახელმწიფო უწყებები, ნაწილდება თუ არა საბიუჯეტო თანხები არადისკრიმინაციულად მედიებს შორის, მიემართება თუ არა აღნიშნული სახსრები არასატელევიზიო, ე.წ. ახალ მედიაში.
ამასთან, საინტერესოა ვინ არიან იმ მედია ორგანიზაციების მფლობელები, რომელთანაც იდება ძირითადი ხელშეკრულებები და ჯამურად რა თანხები იხარჯება ამ მიმართულებით. წლების განმავლობაში ჩატარებული სხვადასხვა კვლევის ფარგლებში, არაერთხელ გამოვლინდა, რომ ცენტრალური საბიუჯეტო ორგანიზაციები, უმეტესად, მთავრობასთან აფილირებულ ან ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილ მედიებთან აფორმებდნენ ხელშეკრულებებს. ნაკლებადაა შესწავლილი მუნიციპალიტეტებში დამკვიდრებული სარეკლამო ხარჯების პრაქტიკა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა და გაანალიზა შესაბამისი ინფორმაცია სარეკლამო ხარჯების შესახებ. ამასთან, კვლევაში ზოგიერთ შემთხვევაში წყაროდ გამოყენებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია.
ვრცლად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ვებგვერდზე წაიკითხეთ.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი