სასწავლო პროგრამაში, მეათე კლასელებისთვის, არჩევით საგნებს მედიაწიგნიერება დაემატება. მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების დახმარებით, ერთი სემესტრის განმავლობაში გაივლიან მედიაწიგნიერების საგანს, მიიღებენ ინფორმაციას მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავების და დეზინფორმაციის შესახებ. მოსწავლეები კონკრეტული რესურსებითა და უნარებით აღიჭურვებიან, თუ როგორ შეძლონ ინფორმაციის და ფაქტების გადამოწმება.

კომუნიკაციების კომისიის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის, „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“, შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ განათლების და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა ამ შეხვედრაზე მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ამ ინიციატივის ფარგლებში შემუშავებულია მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და ტრენინგ-მოდული მასწავლებლებისთვის. გადამზადა 600-მდე პედაგოგი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ამბროლაურში, გორში, მცხეთაში, თელავში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, მარნეულში, ახალციხესა და პანკისში. შეხვედრის მონაწილე პედაგოგებმა ისაუბრეს ტრენინგებისა და საკუთარი გამოცდილების შესახებ. შეხვედრის ბოლოს, მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტს „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“ კომუნიკაციების კომისია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით 2022 წლიდან ახორციელებს.

წყარო