ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ბაზაზე, ახლახან, კიცხსა და მარელისში ხალხური სიმღერის წრეები ამოქმედდა. შენობაში ბუნებრივი აირი შეიყვანეს და ცენტრალური გათბობა დამონტაჟდა. კიდევ რა სიახლეებია ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საქმიანობაში, რა პრობლემები რჩება მოსაგვარებელი და როგორია სამომავლო გეგმები, – ამ საკითხებზე მოსწავლეთა სახლის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე გვესაუბრება.
– ბატონო ჰამლეტ, თითქმის ერთი წელია, რაც ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის დირექტორად დაინიშნეთ. რა გაუმჯობესდა და რა გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაში მოსწავლეთა სახლში, როგორც შინაარსობრივი, ისე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით?
– გასული ერთი წლის განმავლობაში დიდი ხნის მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარდა; კერძოდ, შეიცვალა და გადაიხურა შემოსასვლელი კიბეები. შემოსასვლელში არსებული რკინის კიბე გადავიტანეთ შენობის უკან, სადაც სათადარიგო გასასვლელი გაკეთდა. ხის ძველი ფანჯრები მეტალო პლასტმასის ფანჯრებით შევცვალეთ. ამან მოგვცა შესაძლებლობა, შენობის ბუნებრივი აირით გათბობაზე გვეზრუნა. შენობაში გაზი შემოვიყვანეთ და ცენტრალური გათბობის სისტემა მოვაწყვეთ.
გასულ ზაფხულს მოსწავლეთა სახლის დიდ დარბაზში მოვაწესრიგეთ კონდინცირების სისტემა, რაც ზაფხულის ცხელ დღეებში ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს. სამეცადინო ოთახებისთვის მაგნიტური დაფები შევიძინეთ. ვგეგმავთ მაგიდებისა და რბილი დასაჯდომების – პუფების შეძენას, რომ მოსწავლეებისთვის მეცადინეობის პროცესი უფრო მოსახერხებელი გავხადოთ.
წრეების მუშაობას რაც შეეხება, კიცხში დაგვემატა ხალხური სიმღერისა და საკრავების წრე, რომელსაც რეზო შარიქაძე ხელმძღვანელობს. ლეღვანში ფუნქციონირებდა ხალხური სიმღერის წრე. მარელისელი მოზარდების მოთხოვნით, წრის ხელმძღვანელი ირინა შარიქაძე მეცადინეობებს მარელისის სკოლაშიც ჩაატარებს.
– თქვენ ამბობდით, რომ 2023 წლის საქმიანობის დაგეგვმისას ახალგაზრდების მოსაზრებებს გაითვალისწინებდით. მათი მოთხოვნით კონკრეტულად რა შეცვალეთ და რა გააუმჯობესეთ.
– გასულ ზაფხულს ხარაგაულის მოსწავლეთა სახლში მოეწყო საგაზაფხულო ბანაკი, რომლის ფარგლებშიც აქტივობები მთლიანად მოსწავლეებმა დაგეგმეს. ჩვენ მხოლოდ ადმინისტრაციული კუთხით ვეხმარებოდით. ახალგაზრდებს რომ ვეკითხებით, რას შეცვლით ან რას დაამატებთ ჩვენს საქმიანობაში, სამწუხაროდ, მათგან უკუკავშირი, ჯერჯერობით, არ არის. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ჩემი აზრით ისაა, რომ მოსწავლეთა სახლში უფრო მეტად უმცროსკლასელები სწავლობენ. თუმცა, ყოველთვის მზად ვართ, მოსწავლეებისგან შემოთავაზებულ ინიციატივებზე მათთან ერთად ვიმსჯელოთ, დავგეგმოთ და განვახორციელოთ.
– ახალგაზრდები ახალი წრეების ამოქმედებას თუ ითხოვენ?
– ამისთვის შესაბამისი კადრი და დაფინანსების მოძიებაა საჭირო. დაფინანსება იმდენად პრობლემა არ არის, რამდენადაც სპეციალისტის მოძიება. მოსწავლეებთან არაპროფესიონალმა არ უნდა იმუშაოს. ახალგაზრდები ევროპული ცეკვების შესწავლით არიან დაინტერესებული, თუმცა ამის სპეციალისტი ხარაგაულში არ გვყავს. ღონისძიებებში, სადაც ჩვენი ბავშვები სიმღერით გამოდიან, გვინდა, რომ ცეკვის ნომრებიც დავამატოთ. თუმცა ცეკვის წრის ამოქმედება ვერ შევძელით. ის სპეციალისტები, რომლებიც სხვა ქალაქში საქმიანობენ, დიდ ანაზღაურებას ითხოვენ ხარაგაულში გაკვეთილების ჩასატარებლად.
– მოსწავლეთა სახლში სამოქალაქო განათლების წრის ამოქმედებას აპირებდით. 2023 წლის ბიუჯეტითაც გაწერილი გაქვთ, რომ მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერებისა და თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობთ. რატომ ვერ მოხერხდა სამოქალაქო განათლების წრის ჩამოყალიბება?
– ამ კუთხით სერთიფიცირებული პედაგოგები სკოლებშიც კი ძალიან ცოტაა. სამოქალაქო განათლებას ასწავლის ისტორიკოსი, გეოგრაფი და ა.შ. მოსწავლეთა სახლში სამოქალაქო განათლების წრის გასახსნელად უმაღლესი დონის სპეციალისტი გვჭირდება, რადგან ეს ვერ იქნება საგნობრივი სწავლება. ჯერჯერობით, მე ასეთ სპეციალისტს ხარაგაულში არავის ვიცნობ. თუ ასეთი ადამიანი გამოჩნდება, მზად ვარ, მასთან ვითანამშრომლო. მოსწავლეთა სამოქალაქო კუთხით განათლების გაძლიერება აუცილებელია არა მხოლოდ ხარაგაულის მოსწავლეთა სახლში, არამედ ქვეყნის მასშტაბით ყველგან, სადაც ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნავენ.
– მოსწავლეთა სახლის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად პროფესიული არჩევანის ხელშეწყობა და სპეციალური საჭიროების მოზარდთა საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის საჭირო პირობების შექმნა გაქვთ განსაზღვრული. კონკრეტულად რა კეთდება ამ მიზნების მისაღწევად?
– ჩვენი მოსწავლეები ჩართულები არიან სხვადასხვა წრის საქმიანობაში. სწავლობენ სიმღერას, ხატვას, მეცადინეობენ მათემატიკაში, გეოგრაფიაში, ინგლისურში და ა.შ. წრეებზე მეცადინეობისას მოსწავლე ხვდება, რომელი საგანი და საქმიანობა უფრო აინტერესებს – ეს არის პროფესიული არჩევანის ხელშეწყობა. ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებებს, კონკურსებს, აქტივობებს, რომლებიც მოზარდის გემოვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, – რისი გაკეთება სურს მომავალში და სად გრძნობს თავს კომფორტულად.
საქართველოში თითქმის ყველა ახალგაზრდა უმაღლეს სასწავლებელში აბარებს. თუმცა, მათი უმრავლესობა მიღებული პროფესიით არ მუშაობს და ახალი პროფესიის შესწავლას იწყებს; უმაღლეს სასწავლებელში გატარებული დრო ტყუილად იკარგება. ასეთი მიდგომა უნდა შეიცვალოს. ჩვენს ქვეყანას სჭირდება არა დიპლომიანი, არამედ პროფესიონალი ადამიანები.
მოსწავლეთა სახლის ხელგარჯილობის წრის პედაგოგი მარინე ვეფხვაძე სკოლაში სპეცმასწავლებლად მუშაობდა. ის მოსწავლეთა სახლში ასწავლის სსმ ბავშვებს და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე ურჩევს საქმიანობას.
– მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ და მოსწავლეთა სახლშიდაც აპირებდით მოხალისეს მოწვევას.
– მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა პროგრამის ხელმძღვანელ თეო ნეფარიძისგან ვიცი, რომ პანდემიის გამო შეჩერებული მოხალისეთა პროგრამის ახალი კონკურსი შემოდგომაზე გამოცხადდება. ამ კონკურსში მოსწავლეთა სახლი აუცილებლად ჩაერთვება.
– წელს მოსწავლეთა სახლისთვის განსაზღვრული 215 ათ. ლარიდან ღონისძიებებისთვის 12 ათ. ლარია გათვალისწინებული. რამდენად საკმარისია ეს თანხა მთელი წლის განმავლობაში გამართულად ფუნქციონირებისთვის?
– 12 ათას ლარში შედის არა მხოლოდ ღონისძიებების ხარჯი, არამედ კომუნალური გადასახადი, ასევე წრეებისთვის საჭირო სამუშაო მასალები, ღონისძიებებში მონაწილე ბავშვებისთვის წამახალისებელი საჩუქრები, ტრანსპორტირება, მივლინება და ა.შ. წლის ბოლომდე ეს თანხა საკმარისი არ იქნება. თუმცა, სუბსიდიის გაზრდის პრობლემა შარშან არ დამდგარა და ვფიქრობ, რომ დაფინანსებას წელსაც, მოთხოვნის შესაბამისად, გაგვიზრდიან.
– გამოწვევები, რომელიც მოსწავლეთა სახლში რჩება.
– მოსწავლეთა სახლში დასაქმებულების სხვადასხვა მიმართულებით გადამზადება გვსურს, უკეთესი შედეგების მისაღებად. უკვე მოვიძიეთ ამ მიმართულებით მომუშავე რამდენიმე ორგანიზაცია.
გვსურს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა ბავშვს მივცეთ თავისი ნიჭისა და უნარების განვითარების შესაძლებლობა. სოფლებში გაფართოებაზე უნდა ვიზრუნოთ.
ჩვენს ოთახებს სჭირდება კოსმეტიკური რემონტი, შესაძენია ახალი ინვენტარი, განსაახლებელია კომპიუტერული ტექნიკა და ფოტო-ვიდეო აპარატურა.
– როგორია მოსწავლეთა სახლის გაზაფხულისა და ზაფხულის გეგმები?
– დაგეგმილი გვაქვს მრავალი ღონისძიება, როგორც ტრადიციულ ფორმატში, ასევე განხვავებულ გარემოში. ჩავერთვებით პროექტში „გაზაფხულის ხარაგაული“. ბავშვთა დაცვის დღე 1 ივნისი, ტრადიციულად, აღინიშნება გრანდიოზული ღონისძიებით, ღია ცის ქვეშ. გაიმართება სხვადახვა კონკურსები, ლექცია-სემინარები, გასვლითი კონცერტი სოფელ მოლითში, ასევე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში, კლასიკური მუსიკის კონცერტი, საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი, პიონერფილმის სტუმრობა და სხვ.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი