ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დაამტკიცა. კენჭისყრაში საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ფრაქცია „ხარაგაულისთვის“ წევრები არ მონაწილეობდნენ.
„თავმოსაწონებელი არაფერია იმის მიუხედავად, რომ 2022 წლის ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები შესრულდა, – ამბობს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი, – გასული წლის დაზუსტებული ბიუჯეტი 23 554 200 ლარია.
განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები – სოფლებში დაიგო გზები. თუმცა, თითქმის ყველგან უხარისხოდ და მალე ისევ ხელახლა დასაგები გახდება. სოფლებში მოსახლეობა უწყლოდაა დარჩენილი.
მუნიციპალიტეტში წლიდან წლამდე იზრდება სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის რიცხვი, ხოლო მათთვის ამ მიზნით დასახმარებლად გამოყოფილი თანხები ძალიან მცირეა.
მიმაჩნია, რომ რელიგიის მუხლში განსაზღვრული 30 ათასი ლარი არასაკმარისია იმ დროს, როდესაც წარმომადგენლობითი ხარჯი, რომელიც, ძირითადად, რესტორნებში სტუმრების გამასპინძლებისთვის იხარჯება, 24 ათასი ლარია.
წლიდან წლამდე იზრდება საჯარო მოხელეთა ხელფასები. 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციები უფრო მეტ თანხას ხელფასებისთვის იღებენ, ვიდრე საქმიანობის განსახორციელებელი ხარჯებისთვის. ამიტომ წლის განმავლობაში მათთვის სუბსიდიის დამატება გვიწევს.
ასეა 2023 წლის ბიუჯეტშიც. წლის განმავლობაში საჭირო თანხები საბიუჯეტო ორგანიზაციებს ბიუჯეტის დამტკიცების დროს უნდა განვუსაზღვროთ.
მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები არ უნდა გაიზარდოს. ამის სანაცვლოდ კი შეიძლება საბიუჯეტო ორგანიზაციებს ხარჯი მოვუმატოთ.
ვარძიაში, კოჩაძეების უბანში ჭაბურღილი გაკეთდა, თუმცა, მოსახლეობა ისევ უწყლოდაა.
მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის ხარჯი, 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 188 ათასი ლარია. ამ თანხიდან მხოლოდ 6,5 ათასი ლარი იხარჯება ნარგავებისთვის, დანარჩენი – დასაქმებულთა ხელფასებია. კი, ბატონო, დავასაქმოთ ადამიანები და გადავუხადოთ ხელფასი, მაგრამ ეს მომსახურება მხოლოდ დაბა ხარაგაულშია და სოფლები ამ კუთხით მიტოვებულია“, – ამბობს თორნიკე ავალიშვილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა თორნიკე ავალიშვილისგან 2022 წლის ბიუჯეტის შეფასებას „ვიწრო პოლიტიკური ხედვა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ავალიშვილის შეფასება არგუმენტებს მოკლებულია.
„ამოგიჩემებიათ, 188 ათასი ლარი იხარჯება გამწვანებაზე და აქედან მხოლოდ 6 ათასი ლარი – ღონისძიებებისთვისო, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ხომ არ დაგავიწყდათ, ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე შარშან რომ მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა. ამ და ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებულ სხვა სკვერებს მოვლა-პატრონობა სჭირდება. ამ საქმეს ერთი ჯგუფის უფროსი, ერთი ბრიგადირი, 20 მუშა და ცხრა მეველე ემსახურება და 188 ათასი ლარი მათ ხელფასებზე იხარჯება.
ხელმეორედ გასაკეთებელია გზებიო, ბრძანეთ. კი ბატონო, ზოგი მართლაც გამოვიდა მწყობრიდან და მეწარმეების მიმართ სასამართლო დავები მიმდინარეობს. წინამორბედი მერის დროს რეაბილიტირებულ სკვერებზე, გზებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პრობლემები დაგვხვდა და ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა.
ხარაგაულში დღეს დიდი მშენებლობებია, რომელსაც ვერ გადაფარავთ რაც უნდა გვაკრიტიკოთ. პროექტების რაოდენობაც, სამუშაოების ხარისხიც და დაფინანსებაც გაზრდილია.
რელიგიის მიმართულებით ორჯერ შემოვიდა მარგვეთის ეპარქიიდან თანხის ჩარიცხვაზე მოთხოვნა და რაც მოითხოვეს, ის თანხა გადავურიცხეთ.
სტიქიით დაზარალებულები ბევრი გვყავს. თუმცა, წლების განმავლობაში, თანხას მხოლოდ იმ მოქალაქეებზე ვცემდით, რომელთაც საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაუნადგურდა. ახლა უკვე ფინანსურად იმ მოქალაქეებსაც ვეხიდებით, რომელთა სახლები დაბზარულია და საცხოვრებლად საშიში“.
ვარძიაში, კოჩაძეების უბანში რომ ჭაბურღილი ექსპლოატაციაში შესული არ არის, ამას ამ უბნის მაცხოვრებელი მაკა ხიჯაკაძე და ვარძიაში მერის წარმომადგენელი მზექალა გლუნჩაძე გვიდასტურებენ.
„სათავე ნაგებობა გაკეთებულია, ელექტროენერგია მიყვანილია. თუმცა, მოსახლეობამ უნდა შევიძინოთ მილები, თუ ისევ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა, ეს აღარავინ განგვიმარტა, – ამბობს მაკა ხიჯაკაძე, – უბანში ცხრა ოჯახი ისევ უწყლოდ ვართ. 800 მეტრი სიგრძის მილი გვესაჭიროება. ამ მთავარ მილზე დასაერთებელ პატარა მილებს შევიძენთ. კარგი იქნება, გაგვარკვიონ, რა და როგორ იქნება“.
მერის წარმომადგენელი ვარძიაში მზექალა გლუნჩაძე ამბობს, რომ ჭაბურღილი გამართულია და 12 ოჯახი წყლით სარგებლობს. „მოსახლეობასთან შეთანხმებულები ვიყავით, რომ სისტემას გავმართავდით და წყალს ჭაბურღილიდან თავად წაიყვანდნენ. მილების შეძენას არავის დავპირებივართ. ამხელა საქმე გაკეთდა და 100 ლარი კი უნდა დახარჯოს ოჯახმა, მთელი ცხოვრება წყალი რომ არ აქვს და ჭაბურღილიდან ეზოში მიიყვანოს“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი