საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში (ბოლნისი, ზუგდიდი, ქედა, ხარაგაული, ხაშური) 2022 წლის ზაფხულში გენდერული სტერეოტიპებისა და მავნე წეს-ჩვეულებების კვლევა ჩატარდა.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპების, მოქმედი გენდერული ნორმებისა და მავნე წეს-ჩვეულებების შესწავლა.
კვლევა განხორციელდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, სამიზნე მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით, დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. კვლევის ექსპერტია ლელა ხომერიკი.
გთავაზობთ კვლევის ძირითად მიგნებებს.
მავნე წეს–ჩვეულებები
- მკვეთრად შემცირებულია, მაგრამ ადრეული/ბავშვის ასაკში ქორწინების ფაქტები მაინც ხდება. რესპონდენტთა მხოლოდ 9% მიიჩნევს, რომ ადრეული ქორწინების პრაქტიკა მათ მუნიციპალიტეტებში კვლავ გავრცელებულია, თუმცა რესპონდენტთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, კერძოდ 43% მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს ცალკეულ შემთხვევებს.
გამოკითხულთა 48% თვლის, რომ მათ მუნიციპალიტეტებში 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინების პრაქტიკა არ არის გავრცელებული. სიღრმისეული ინტერვიუებიდან იკვეთება, რომ ამ მიმართულებით, წინა წლებთან შედარებით, შესამჩნევია პროგრესი.
ადრეული ქორწინების პრაქტიკის შემცირებას უკავშირებენ შემდეგ ფაქტორებს: გოგონების ცნობიერების გაზრდა ადრეული ქორწინების და ზოგადად, ადამიანის უფლებების მიმართულებით, კანონის გამკაცრება და კანონის აღსრულების სხვადასხვა შემთხვევების გაშუქება მედიის საშუალებით, მშობლების და ზოგადად, საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა შესაბამისი კანონის მოქმედების შესახებ.
- ოჯახის შექმნის მიზნით გოგონების მოტაცების ტრადიცია წარსულს ბარდება. რესპონდენტთა 81%-ს მიაჩნია, რომ ოჯახის შექმნის მიზნით, გოგონების მოტაცება აღარ ხდება და ბოლო 3 წლის განმავლობაში მსგავსი ფაქტების შესახებ არ სმენიათ. რესპონდენტთა მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ ცალკეულ შემთხვევებს იშვიათად, მაგრამ მაინც აქვს ადგილი, მაგრამ არ ხმაურდება. თუმცა, ყველა რესპონდენტი მიიჩნევს, რომ ოჯახის შექმნის ეს მავნე პრაქტიკა დღეს აღარ არის გავრცელებული.
- წინა წლებთან შედარებით, ნაკლებად, მაგრამ კვლავ გვხვდება მშობლების მიერ შერჩეულ პირზე, გოგონების, მშობლების ნებით დაქორწინების პრაქტიკა. კერძოდ, რესპონდენტთა 13% მიიჩნევს, რომ მათ მუნიციპალიტეტში მსგავსი პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია, 39%-ის აზრით კი, ხდება ასეთი ცალკეული შემთხვევები.
- კვლავ მყარია ოჯახების განსხვავებული დამოკიდებულება გოგონასა და ვაჟის დაბადების მიმართ, ვაჟის დაბადებას კვლავ მეტი უპირატესობა ენიჭება. რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (54%) მიიჩნევს, რომ მათ მუნიციპალიტეტებში ოჯახები ვაჟის დაბადებას ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო გამოკითხულთა 46% თვლის, რომ ოჯახები ვაჟისა და გოგონას დაბადებას თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებენ.
- მყარია სტერეოტიპი, რომ გათხოვების შემდეგ ქალმა ბავშვი მალევე, სასურველია, პირველივე წელს, უნდა გააჩინოს. რეპონდენტთა ურმავლესობა, კერძოდ 65% მიიჩნევს, რომ სასურველია, ქალმა ბავშვი დაქორწინებიდან 1-2 წლის განმავლობაში გააჩინოს. მხოლოდ 35% თვლის, რომ ბავშვის გაჩენა, მაშინ არის სასურველი, როდესაც ქალი თვითონ გადაწყვეტს. სიღრმისეული ინტერვიუებიდან ჩანს, რომ ახლად დაქორწინებულ ქალებზე, საკმაოდ მაღალია ვაჟის ოჯახის ზეწოლა ამ თვალსაზრისით. საზოგადოებაც ამ სახის მოლოდინს აქტიურად გამოხატავს.
- კვლავ მყარად მოქმედებს სტერეოტიპი, რომ მშობლების უძრავი ქონების მემკვიდრეს მხოლოდ ვაჟი წარმოადგენს. ხუთ სამიზნე მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა დაახლოებით 70% ფიქრობს, რომ მიწა, საცხოვრებელი სახლი და სხვა უძრავი ქონება მემკვიდრეობით მხოლოდ ვაჟებს ან უმეტესწილად ვაჟებს გადაეცემათ. რესპონდენტთა დაახლოებით მესამედი (30%) თვლის, რომ მიწა როგორც ვაჟებს, ისე ქალებსაც გადაეცემათ.თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ, რესპონდენტთა 54% მიიჩნევს, რომ ქალიშვილებს მშობლების კუთვნილებაში არსებული მიწა ან საცხოვრებელი სახლი იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ ოჯახს ვაჟი არ ჰყავს. დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის მიმართ.
- გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის მიუღებელია ქალის მიმართ ფიზიკური ძალადობა. რესპონდენტთა 94% ფიქრობს, რომ იშვიათ შემთხვევაშიც კი, დაუშვებელია ქმარმა ფიზიკურ ძალადობას მიმართოს. თუმცა, გამოკითხულთა გარკვეულ რიცხვს, კერძოდ, 6%-ს მაიჩნია, რომ იშვიათ შემთხვევაში ქმარი შეიძლება ფიზიკურად გაუსწორდეს ცოლს.
- რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებებს, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ქალმა არ უნდა მოითმინოს ძალადობა (86%) და გაშორდეს ქმარს, თუმცა ამავდროულად, გამოკითხულთა 12% ფიქრობს, რომ მოძალადე ქმართან მცხოვრები ქალებისათვის ურთიერთობის ამგვარი ტიპი მისაღებია.ასევე, გამოკითხულთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, კერძოდ 46% ეთანხმება დებულებას, რომ ქალი უნდა „შეეცადოს ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც ქმარი სთხოვს, რათა არ გამოიწვიოს ძალადობის შემდგომი შემთხვევები“. დებულებას „უთანხმოების შემთხვევაში ქმრის აზრი უნდა იყოს გადამწყვეტი“ ეთანხმება რესპონდენტთა 36%.
- გამოკითხულთა დიდი ნაწილი (75%) მიიჩნევს, რომ ძალადობის შემთხვევაში ქალმა სამართალდამცველებს უნდა მიმართოს. აღსანიშნავია, რომ დაახლობით იმდენივე პროცენტი (77%) ეთანხმება დებულებას რომ მსხვერპლმა „დახმარება უნდა სთხოვოს მშობლებსა და ნათესავებს სიტუაციის რეგულირებისათვის“.
ძალადობის პრობლემის ოჯახის ფარგლებშივე მოგვარების ტრადიციული მოდელის პარალელურად, სამართალდამცავებისათვის მიმართვის გზის თანაბრად აღიარება, საზოგადოებრივ ცნობიერებაში მომხადარ გარკვეულ ცვლილებებზე მიანიშნებს. სიღმისეულ ინტერვიუებშიც გამოიკვეთა, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, სამართალდამცავებისათვის მიმართვა გაზრდილია.ინტერვიუერები ამის მიზეზად მიიჩნევენ, ძალადობის პრობლემაზე მეტი ინფორმაციის არსებობას, ასევე, აღნიშნავენ, მათ მუნიციპალიტეტებში პოლიციის საკმაოდ ეფექტურ რეაგირებას ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე.
- სხვადასხვა ინსტიტუციების საქმიანობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში ეფექტურად გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს.
კერძოდ, პოლიციის საქმიანობა ოჯახში ძალადობის სფეროში ეფექტურად მიიჩნია გამოკითხულთა 51%-მა, სოციალური სამსახურის საქმიანობა 54%-მა, ქალთა კრიზისული ცენტრების 53%-მა, სასამართოს საქმიანობა 38%-მა.
- ხუთივე სამიზნე მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა საკამაოდ დიდი რიცხვი, კერძოდ, დაახლოებით მესამედი პასუხობს, რომ არ იცის პოლიციის ჩართულობა ოჯახში ძალადობის შემთხვევებში ეფექტურია თუ არა. ხარაგაულში გამოკითხულთა შორის, ასეთი რეპონდენტების რიცხვი 40%-ზე მეტს შეადგენდა, ქედაში კი ნახევარზე მეტს.
- დაბალია, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სფეროში მუნიციპალიტეტების საქმიანობის ეფექტურობის შეფასება. კერძოდ, მხოლოდ გამოკითხულთა 21%-მა მიიჩნია, ამ სფეროში მუნიციპალიტეტების საქმიანობა ეფექტურია. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 46% კი აღნიშნავს, რომ არ იცნობს მუნიციპალიტეტის საქმიანობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სფეროში. საოჯახო ურთიერთობები და სტერეოტიპები შრომის გენდერული განაწილების შესახებ.
- დეკლარაციულად რესპონდენტთა უმრავლესობა ოჯახის თანამედროვე სიმეტრიული მოდელის მომხრეა. რესპონდენტთა 82% ეთანხმება დებულებას, რომ „უმჯობესია, ქალიცა და კაციც გამოიმუშავებდეს ფულს, და ქალიცა და კაციც უვლიდეს ოჯახს“. ქალსა და კაცს შორის შრომის ტრადიციული განაწილების მომხრეა, მხოლოდ 18%, მათ მიაჩნიათ, რომ უმჯობესია, ქალი ოჯახს უვლიდეს, ხოლო კაცი ფულს გამოიმუშავებდეს.
- სტერეოტიპი, რომ საოჯახო საქმეების შესრულება ქალის პასუხისმგებლობაა კვლავ მყარია. მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა, კერძოდ 82% ოჯახის სიმეტრიული მოდელის მომხრე იყო და ეთანხმებოდა დებულებას, „ქალიცა და კაციც უნდა გამოიმუშავებდეს ფულს, ქალიცა და კაციც უნდა უვლიდეს ოჯახს“, პასუხებით, უფრო დეტალურ კითხვაზე თუ ვინ უნდა ასრულებდეს კონკრეტული რეპორდუქტიული შრომის სახეებს, შემდეგი სურათი გამოიკვეთა: სახლი უმეტესწილად ქალმა უნდა დაალაგოს, ასე მიიჩნია რესპონდენტების 72%-მა, საჭმელი უმეტესწილად ქალმა უნდა გააკეთოს, ასე თვლის გამოკითხულთა 64%, ხოლო 83%-ის აზრით, სარეცხი, უმეტესწილად ქალმა უნდა გარეცხოს.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი რესპონდენტი არ დაეთანხმა დებულებას, რომ ჩამოთვლილი საქმიანობები უმეტესწილად კაცმა უნდა შეასრულოს. შედარებით, განსხვავებულია რესპოდენტთა გადანაწილება ზოგადი ფორმულირების შემთხვევაში: „ვინ უნდა მოუაროს ბავშვებს“.გამოკითხულთა შედარებით ნაკლები რაოდენობა, კერძოდ 44% თვლის, რომ ბავშვებს უმეტესწილად დედამ უნდა მოუაროს, ხოლო 66% მიიჩნევს, რომ ბავშვებს დედამ და მამამ თანაბრად უნდა მოუაროს.
- სიღრმისეულ ინტერვიუებშიც გამოჩნდა, რომ ქალსა და კაცს შორის საოჯახო საქმეების განაწილებისას შეიმჩნევა გარკვეული ტენდენცია, რომლის მიხედვითაც ზოგი რეპოდუქტიული საქმიანობა კაცისათვის უფრო მისაღებია, ზოგიც ნაკლებად მისაღები. სახლის საქმეებიდან კაცისათვის უფრო მისაღებად გამოიკვეთა; ბაზარსა და მარკეტში წასვლა და პროდუქტების მოტანა, ბავშვის ბაღში წაყვანა, თავისუფალ დროს ბავშვის გასეირნება, გარკვეულ შემთხვევებში, საჭმლის მომზადება. კაცისათვის ნაკლებად მისაღებ საქმიანობებად გამოიკვეთა სახლის დალაგება და სარეცხვის გარეცხვა.
- რეალურად ზრუნვის შრომის უმეტესი ტვირთი ქალს აწევს მხრებზე. გამოკითხვა აჩვენებს, რომ საოჯახო საქმეების უდიდეს ნაწილს ქალები ასრულებენ. კითხვაზე: თქვენს გარშემო, რეალურად ვინ ასრულებს ქვემოთ ჩამოთვლილ საქმიანობებს? შემდეგი პასუხები მივიღეთ: სახლს უმეტესწილად ქალები ალაგებენ (89%), საჭმელს უმეტესწილად ქალები აკეთებენ (86%) სარეცხს ქალები რეცხავენ (95%), ბავშვებს უმეტესწილად ქალები უვლიან (69%).
- როდესაც ქალი შრომით მიგრაციაშია, კაცები მაშინაც კი, არ იღებენ ბავშვებზე ძირითადი მზრუნველის პასუხისმგებლობას და ამ მოვალეობას ბავშვების ბებია ან დეიდა/მამიდა ასრულებს. გენდერული სტერეოტიპები ქალისა და მამაკაცის ურთიერთობების შესახებ.
- ქალისა და კაცის ქცევის შეფასება განსხვავებული სტანდარტებით ხდება, რაც კაცისათვის მისაღებია, ქალისათვის დაუშვებელ საქციელად აღიქმება. გამოკითხულთა 41% თვლის, რომ ქორწინებამდე სექსუალური კავშირი ვაჟისათვის დასაშვებია, მხოლოდ 7% თვლის, რომ ქორწინებამდე სექსუალური კავშირის ქონა, დასაშვებია, როგორც ქალისათვის, ისე კაცისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა 52% თვლის, რომ ქორწინებამდე სექსუალური გამოცდილების ქონა არცერთი სქესისთვის არ არის დასაშვები.
- ძლიერია სტერეოტიპი, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში ვაჟი უნდა იყოს უფრო აქტიური. სამიზნე მუნიციპალიტეტებში გამოკითხულთა საერთო რაოდენობის უმრავლესობას, კერძოდ, 68%-ს მიაჩნია, რომ სიყვარული კაცმა უნდა აუხსნას ქალს, მხოლოდ 2% მიიჩნია, რომ სიყვარული ქალმა უნდა აუხსნას კაცს, დაახლოებით მესამედი თვლის, რომ გრძნობების გამომჟღავნების შემთხვევაში სქესს მნიშვნელობა არა აქვს.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და გენდერული სტერეოტიპები
- გამოკითხულთა დამოკიდებულება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისადმი საკმაოდ პოზიტიურია. ტრადიციულად, პოლიტიკაში ქალთა დაბალი მონაწილეობის ერთ-ერთ მიზეზად ქალი კანდიდატებისადმი ამომრჩევლების ნდობის ნაკლებობა სახელდება.თუმცა, სხვა კვლევებიც აჩვენებს, რომ საქართველოში დამოკიდებულება ქალთა პოლიტიკური აქტივობისადმი არ არის ნეგატიური. ჩვენი კვლევის რესპონდენტთა უმრავლესობა (67%) ფიქრობს, რომ ქალსა და კაცს თანაბარი უნარები აქვთ, გახდნენ კარგი პოლიტიკოსები.
- რესპონდენტთა უმრავლესობას (79%-ს) მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, თუ მათ მუნიციპალიტეტში საკრებულოში ქალთა რაოდენობა გაიზრდება. რესპონდენტთა მხოლოდ 21%-ს მაიჩნია, რომ საკრებულოში ქალთა არსებული რაოდენობა საკმარისია.
- ხუთ სამიზნე მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა უმრავლესობა, არ არის წინააღმდეგი, რომ მუნიციპალიტეტის მერის პოსტზე ქალი იხილოს. რესპონდენტთა 63%-ს მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაზე ქალი და კაცი თანაბრად მისაღებია, ხოლო 17% მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტისთვის ქალი მერი სჯობს. რესპონდენტთა მხოლოდ 20% მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტისათვის კაცი მერი იქნება უმჯობესი.ამ კვლევას უფრო ვრცლად გაეცანით ბმულზე.
ტექსტში გამოყენებულია ამ პროექტის ფარგლებში „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციისგან მომზადებული ვიდეორგოლები, გენდერულ სტერეოტიპებთან დაკავშირებით.