საქართველო ევროკავშირის წევრობის კადიდატის სტატუსის მოლოდინშია. ამის მისაღწევად ევროკავშირის 12 რეკომენდაციაა შესასრულებელი. იმ პირობებში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, იმ ტემპებში, რომელშიც 12 რეკომენდაციას ვასრულებთ, როგორ მოხდება კანდიდატის სტატუსის მონიჭება, როგორია ევროკავშირის პრაქტიკა ასეთ შემთხვევებში, – ამაზე ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე გვესაუბრება.  

 – გადაწყვეტილების მიღებამდე 6 თვეა დარჩენილი. მნიშვნელოვანია, რომ ეს დრო ისე გავიდეს, რომ რაიმე არასასურველი ნაბიჯი, რბილად რომ ვთქვათ, არ გადაიდგას ჩვენი მხრიდან და კითხვის ნიშნები, რომლებიც დღეს არსებობს, უფრო მეტად არ გაიზარდოს. ევროკომისიის დასკვნა, შესაძლოა, იყოს დადებითი, მაგრამ საბოლოო სიტყვა მის წევრ ქვეყნებზეა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღწეად, 27-ვე წევრმა ქვეყანამ ერთხმად, ერთსულოვნად უნდა დაგვიჭიროს მხარი.

ევროკავშირის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ეტაპზე, ყველა ნაბიჯის წინ, რასაც საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგამს, აუცილებლად პირობითობა მოჰყვება. ეს გულისხმობს იმას, რომ მოცემულ ეტაპზე პირობები შეიძლება ბოლომდე ვერ იყოს შესრულებული და მიუხედავად ამისა, კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ; თუმცა, ამის შემდგომ ყველა ნაბიჯი ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების ეტაპია. არ მოხდება შეუსრულებელი პირობების დავიწყება. ეს პირობები შემდგომ ეტაპზე გადავა და ამას დაემატება ახალი ვალდებულებები, ქვეყანაში დემოკრატიის მიმართულებით არსებულ პრობლემებთან მიმართებაში.

ისტორიას თუ გადავხედავთ , როგორც წესი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები პოტენციური წევრების – პატარა ქვეყნების ინტერესების ლობირებას ცდილობენ ხოლმე. ევროკავშირის 2004 წლის გაფართოებისას, გერმანია იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფო და ლობისტი, რომელიც პოლონეთის ევროკავშირში შეყვანას ცდილობდა. ამჟამად მოლდოვის ინტერესების დაცვას რუმინეთი ლობირებს. დღეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის გვყავდეს ისეთი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ინტერესებს დაიცავს.

ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვანია ასეთი ქვეყნების მოძიება და მათთან, რაც შეიძლება მჭიდრო თანამშრომლობა. საქართველოს პრეზიდენტის ლიეტუაში ვიზიტი კარგის ნიშანია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით არა მხოლოდ პრეზიდენტმა, არამედ მთავრობის მეთაურმაც იმუშაოს.

ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ ევროკავშირის  კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს ხალხს. ამაზე ვანო ჩხიკვაძე განმარტავს:

– საქართველოში, რამდენიმე კვირის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა. მან ძალიან ცალხაზოვნად განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისას  ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების, ხალხის გამიჯვნა არ ხდება. არ შეიძლება, ერთი ევროკავშირში იყოს და მეორე – არა. თუმცა, ჩვენ გვაქვს პრეცედენტი – გასული წლის დეკემბერში ევროკავშირმა, ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ, ბოსნიასა და ჰერცოგოვინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ჩანაწერში არის ძალიან საინტერესო ფორმულირება, რომ კანდიდატის სტატუსი ენიჭება ბოსნიელ ხალხს იმის იმედით, რომ ხელისუფლება შეეცდება, გარკვეული რეფორმები გაატაროს.

„TV პირველის“ პირდაპირი ჩართვის მიხედვით

მოამზადა

თამთა გოგოლაძემ