დღეს, 2023 წლის 28 მარტს, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრა მედიის“ შესახებ განაცხადა, რომ ეს მედიასაშუალება „თავისი სარედაქციო პოლიტიკით გახდა ფორმულა ორი, კეზერაშვილის მეორე ტელევიზია“. ამასთან, კობახიძემ „პალიტრა მედიასთან“ დაკავშირებით აღნიშნა, რომ „იქ როგორ გადაფორმდა წილები, საკუთრება და როგორია რეალურად ხარჯები, რასაც გასცემენ ტელევიზიის მესაკუთრეები – ამ დეტალებში მე ვერ შევალ“.

აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე, ერთ-ერთ ვებ-გვერდზე განთავსდა მასალა, სადაც ნათქვამია, რომ „კეზერაშვილი „პალიტრა მედიას“ აფინანსებს”. სტატიას გამოეხმაურა „პალიტრა მედია“ და განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის ცილისწამება.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებას მისთვის მიუღებელი შინაარსის გამო თავს დაესხა.

ქარტია მიიჩნევს, რომ განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია მედია პლურალიზმის, გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტისა და ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალებების არსებობა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მოქმედება და მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლა.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ მაუწყებლების მფლობელების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრში, ხოლო დაფინანსებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე. ქარტია მოუწოდებს მმართველი პარტიის წარმომადგნლებს, განცხადების გაკეთებამდე გადაამოწმონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია ღია წყაროების მეშვეობით.

წყარო