საქართველოს პარლამენტის არჩევის წესში ცვლილების შესახებ აქტიურად საუბრობენ მმართველ კოალიციაში, არასამთავრობო სექტორსა და არასაპარლამენტო ოპოზიციაში. რა სახის ცვლილებებზეა საუბარი და რა წესით ავირჩევთ 2016 წელს საკანონმდებლო ორგანოს, – ამ საკითხებზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე გვესაუბრება:

-ჩემი აზრით, უმჯობესი იყო ეს პროცესი ცოტა ადრე დაგვეწყო. ინიცირება დავაგვიანეთ. ერთი წლის წინ შეგვეძლო გვემსჯელა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მთლიანად ახალი სისტემით ჩაგვეტარებინა.

კოალიციის პოლიტიკური განაცხადი ძალიან დიდი პროგრესია. პირველად ხდება, რომ ხელისუფლებაში მყოფი უმრავლესობა მიდის ისეთ ცვლილებებზე, რომელიც მას უპირატესობებს უსპობს.

2016 წლის არჩევნებს რაც შეეხება, უნდა გადავდგათ ნაბიჯი და გარკვეულ ოლქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა მცირეა (20 ათასამდე), სხვა ოლქებთან დავამსხვილოთ მაჟორიტარულ არჩევნებში. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 25 მუნიციპალიტეტში აღარ გაიმართება მაჟორიტარული არჩევნები. ამავე დროს გაიზრდება მაჟორიტარის არჩევის ბარიერი 50%-მდე. ცვლილება საარჩევნო კოდექსშიც შევა.

გარკვეული პოზიციები არასაპარლამენტო ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა გამოთქვეს. ისინი თვლიან, რომ 2016 წელსვე შეიძლება არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი რევოლუციური ცვლილება არ იქნება სწორი და ჯერ სხვა ნაბიჯები უნდა გადავდგათ.

ავწონ-დავწონეთ. ერთგვაროვანი პოზიცია არც უმრავლესობაშია. ბევრი თვლის, რომ მაჟორიტარული ოლქის შენარჩუნება აუცილებელია. მე თავიდანვე მქონდა პოზიცია, რომ დღეს მოქმედი მაჟორიტარული არჩევნები არ არის სწორი. არ ვარ მხოლოდ ხარაგაულის დეპუტატი – ინიცირებული მაქვს ორი კანონპროექტი და ერთ მოქმედ კანონში ცვლილება. სოფელი ჩრდილი გამორჩენილია მაღალმთიანი რეგიონების კანონზე დართულ ჩამონათვალში და ჩემი ინიციატივით დაემატება.

მაჟორიტარები, რომლებიც მუდმივად არიან მუნიციპალიტეტებში, საპარლამენტო ცხოვრებას მოწყვეტილები არიან. მეც ძალიან მინდა, ხშირად ვიყო ხარაგაულში, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარლამენტშია ჩემი საქმე. ამისთვის ამირჩიეს. ადგილობრივ პრობლემებზე ადგილობრივი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ვფიქრობთ, სერიოზული საარჩევნო სიახლეებით შევხდებით – ერთი – ოლქების გაერთიანება და მეორე – ბარიერის აწევა. ეს ცვლილებები ამ ეტაპზე გონივრულია. კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალების უმრავლესობა ამას მხარს უჭერს. ეს დეკლარირებული გვაქვს 90-იანი წლებიდან. მთიანი რეგიონების წარმომადგენლები წუხან იმის გამო, რომ მთის რეგიონების ხმა დაიკარგება პარლამენტში. ამ კუთხით დამატებითი ღონისძიებები განხორციელდება.

ნინო კაპანაძე