ორ კვირაზე მეტია, რაც ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს შმაგი ხიჯაკაძე ხელმძღვანელობს. რა გეგმები აქვს ახალდანიშნულ დირექტორს, – ამ შეკითხვით შმაგი ხიჯაკაძეს მივმართეთ.

შმაგი ხიჯაკაძე 1966 წლის 23 ივლისს დაიბადა. ზესტაფონის #3 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა კემეროვოს სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე გააგრძელა. 1991-92 წლებში იქვე დაამთავრა ინტერნატურა ქირურგიაში და სამი წლის მანძილზე მუშაობდა ქირურგად. 1996 წლიდან ცხოვრობს საქართველოში. ეწეოდა კომერციულ საქმიანობას. 2010-2014 წლებში იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მენეჯერი. ჰყავს მეუღლე, ერთი შვილი და ორი შვილიშვილი.

შმაგი ხიჯაკაძე: -ჩემი სურვილია, რომ წესდებით გათვალისწინებული ყველა პროგრამის განხორციელებასთან ერთად ახალი პროგრამები დავნერგო. უახლოეს დღეებში გავივლი კონსულტაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. ჩვენი მთავარი მოვალეობაა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესება. გვსურს, ფართომასშტაბიანი აქციები განვახორციელოთ სხვადასხვა დაავადების ბრძოლის დღეებთან დაკავშირებით – დავამზადოთ ბანერები, ბუკლეტები, ჩავატაროთ ლექციები მუნიციპალიტეტის ყველა სკოლასა და ადმინისტრაციულ ერთეულში.

ბიუჯეტში ტრანსპორტირების თანხა გათვალისწინებულია. თვეში ორჯერ სოფლებში მისვლა აუცილებელი და მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად. კარგად ვიცნობ სოფლის ამბულატორიების პრობლემებს. მათ მოსაგვარებლად შესაბამის სამსახურებს მივმართავთ. მე და ჩემი თანამშრომლები მოტივირებულები ვართ საქმის საკეთებლად.

ნინო კაპანაძე