13-16 მარტს, საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიისა და ინკლუზიური განათლების ინსტიტუტის თანამშრომლობით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის პარიზში სასწავლო ვიზიტი გაიმართა. საფრანგეთში საგანმანათლებლო მიზნით იმყოფებოდნენ პედაგოგები, დირექტორები, ავტორიზაციის საბჭოს წევრები, კერძო უნივერსიტეტების რექტორები და საგანმანათლებლო ორგანიზაციების დამფუძნებლები.

ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) საკუთარ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

„პარიზში სწავლება ჩაატარეს საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის სპეციალისტებმა. მოწვეული ტრენერი იყო 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა, – ამბობს დეკანოზი პავლე, – ტრენინგი, ძირითადად, სწავლა-სწავლების პროცესს შეეხებოდა.

თითოეული მასწავლებლის დამოკიდებულება მოსწავლის მიმართ უნდა იყოს ინდივიდუალური. ბავშვებს სწავლების პროცესში უნდა შევუქმნათ კომფორტული გარემო არა მხოლოდ ინფრასტრუქტურით, არამედ მათდამი დამოკიდებულებებით.

ტრენინგზე სხვადასხვა ჯგუფური თუ ინდივიდუალური სამუშაოებით გვასწავლეს, როგორ უნდა მოვახდინოთ მოკლე დროში კლასის მობილიზება საგაკვეთილო პროცესისკენ. ყოველთვის ყველა მოსწავლე ვერ იქნება მზად გაკვეთილის მოსასმენად. ამისათვის საჭიროა მათთან სწორი კომუნიკაცია, ურთიერთობა, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს საგნის მიმართ.

ყურადღება გაამახვილეს მასწავლებლების დამოკიდებულებებზე მოსწავლეებისადმი, განსაკუთრებით გაკვეთილის ახსნის მომენტში. შეიძლება პედაგოგს ჰქონდეს უზადო განათლება, იყოს გადამზადებული და სერტიფიცირებული, თუმცა საგნის სწავლება განსაკუთრებულ უნარს მოითხოვს. ამ დროს აუცილებელია სკოლის დირექციის ჩართვა ამ პროცესში. ჩვენ, სკოლის ხელმძღვანელობამ, ეს საკითხი უნდა შევისწავლოთ ორივე მხრიდან, – როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის მხრიდან და სწორი კომუნიკაციით შევძლოთ დარეგულირება.

ტრენინგის ერთი ნაწილი სკოლის მართვას ეხებოდა, – როგორ უნდა იმოქმედოს ხელმძღვანელმა სკოლაში კრიტიკული მომენტების დროს. სკოლის ერთპიროვნულად მართვა დაუშვებელია. სკოლა აუცილებლად მოსწავლეებისა და პედაგოგების თანაჩართულობით უნდა იმართოს.

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ბავშვების აზრები და იდეები, უნდა გავაძლიეროთ სკოლის თვითმმართველობა. აუცილებელია მოსწავლეების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინება. სხვადასხვა ბავშვებს, შესაძლოა, განსხვავებული პრობლემები ჰქონდეთ, რაც მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აისახება. ჩვენი მთავარი ფუნქციაა, გამოვიცნოთ მათი საჭიროებები და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ მათ.

ბავშვები ჩვენი ქვეყნის მომავალია. მათ უნდა მივცეთ განათლება და პიროვნული მზადყოფნა, რომელსაც თავიანთ ცხოვრებასა და ქვეყნის განვითარებაში გამოიყენებენ“.

თამთა გოგოლაძე

ფოტოზე: დეკანოზი პავლე მიწვეულ ტრენერ ლადო აფხაზავასთან ერთად