2023 წელის 3 იანვრიდან ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერად დიმიტრი კოჩაძე დაინიშნა. რა სახის მომსახურებების მიღება შეუძლიათ დღეისათვის პაციენტებს ხარაგაულის საავადმყოფოში, რის გაუმჯობესებას აპირებს ახალი ხელმძღვანელი და რომელი სპეციალისტების მოწვევაა აუცილებელი, – ამ საკითხებზე დიმიტრი კოჩაძე გვესაუბრება:
„წარმოშობით ხარაგაულიდან ვარ. ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს სოფელ ვარძიაში ვატარებდი. ხარაგაული ძალიან მიყვარს და მინდა, რომ აქ მაცხოვრებლებს როგორმე დავეხმარო, – ამბობს დიმიტრი კოჩაძე, – ჩვენს კლინიკაში დასაქმებულები მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. თითოეული მათგანი ღიაა ურთიერთობაში. ვამაყობ, რომ მათთან ერთად ვმუშაობ“.
დიმიტრი კოჩაძე მიიჩნევს, რომ ხარაგაულის საავადმყოფოს ყველაზე დიდი გამოწვევა კადრების დეფიციტია. ვიწრო პროფილის სპეციალისტები მეზობელ მუნიციპალიტეტებშიც ძალიან ჭირს. ამიტომ საჭიროა პროფესიონალი კადრების მოზიდვა, რომ პაციენტებმა ყველა საჭირო მომსახურება ერთ სივრცეში მიიღონ. ამ საკითხზე მუშაობა, როგორც ახალი კლინიკური მენეჯერი ამბობს, უკვე დაწყებული აქვთ. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრთან ერთად სხვადასხვა სპეციალისტებს არჩევენ, რომლებიც აქ, კვირაში რამდენიმე დღე, შეთავსებით იმუშავებენ. ხარაგაულის საავადმყოფოში პაციენტებს აუცილებლად უნდა ემსახურებოდნენ შემდეგი სპეციალისტები: გინეკოლოგი, უროლოგი, დერმატოვენეროლოგი, გასტროენტეროლოგი, მამოლოგი. ამ რეგიონში მამოლოგიური პრობლემები ძალიან ხშირია და აუცილებელია, რომ კვირაში ერთხელ მაინც პაციენტებს ამ სპეციალისტთან მისვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
დღეისათვის ხარაგაულის საავადმყოფოში მუშაობენ მიმღებისა და გადაუდებელი დახმარების ექიმები, რეანიმატოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ოჯახის ექიმი, თერაპევტი, კარდიოლოგი, პედიატრი. კვირაში ორი დღე პაციენტებს ოტორინოლარინგოლოგი და ენდოკრინოლოგი ემსახურებიან. სამუშაო დღეებში ხელმისაწვდომია ლაბორატორიული კვლევები, რენდგენი და ექოსკოპია.
დიმიტრი კოჩაძე ამბობს, რომ ხარაგაულის საავადმყოფოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კლინიკის ადგილმდებარეობაა. დაბა ხარაგაულის ცენტრში სოფლებიდან მოსული მოსახლეობისთვის საავადმყოფომდე ტრანსპორტირება ძალიან რთულია; მითუმეტეს, ზამთრის პერიოდში, როცა მუნიციპალური ტრანსპორტი რეგულარულად ვერ მოძრაობს, რის მოგვარებასაც ადგილობრივი მერია აპირებს.
ბოლო ორი თვის განმავლობაში ხარაგაულის საავადმყოფოში მოსახლეობისთვის, – თბილისიდან მოწვეული ანგიოლოგების, ტრავმატოლოგებისა და ნეიროქირურგების მონაწილეობით – უფასო სამედიცინო აქცია ორჯერ გაიმართა. ამ აქციებით ასამდე ადამიანმა ისარგებლა.
ხარაგაულის საავადმყოფოს ახალი კლინიკური მენეჯერი ასეთი აქციების გამართვას, მოწვეული სპეციალისტების ჩართულობით, მომავალშიც გეგმავს და ამბობს, რომ მოსახლეობის ტრანსპორტირებაზეც იზრუნებენ. გაზაფხულიდან ასევე იგეგმება სამედიცინო აქციები მუნიციპალიტეტის სოფლებში, ადგილობრივი სპეციალისტების ჩართულობით.
გაგაცნობთ ხარაგაულის საავადმყოფოში დღეისათვის მომუშავე ექიმ-სპეციალისტთა მიღების დღეებს:
ნევროპათოლოგი, ექიმი ფთიზიატრი – ქეთევან აბრამიშვილი (ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი);
ენდოკრინოლოგი – მარიამ ნაცვლიშვილი (ყოველი კვირის ხუთშაბათი);
თერაპევტი, ოჯახის ექიმი – აზა ფურცელაძე (ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი);
პედიატრი – ნანი არევაძე (კვირაში სამი სამუშაო დღე);
ექიმი ნევროლოგი, ოფთალმოლოგი – ირინე ბიბიჩაძე (კვირაში ორი სამუშაო დღე).
ექიმები ნანი არევაძე და ირინე ბიბიჩაძე, პარალელურად, ხარაგაულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მუშაობენ. ამის გამო საავადმყოფოში მათი მუშაობის გრაფიკი ვერ ზუსტდება.
ქირურგი – ლევან კობახიძე (თვეში ერთხელ);
კარდიოლოგი – ვლადიმერ თხელიძე (კვირის ყველა სამუშაო დღე);
ექიმი ოტორინოლარინგოლოგი – ვახტანგ მატარაძე (ყოველი მეორე კვირის სამშაბათი);
პედიატრი – თამუნა რობაქიძე (ყოველი კვირის სამშაბათი);
ექოსკოპისტი – ხატია გელაშვილი (ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით).
ექიმების მომსახურების მიღება ხარაგაულის საავადმყოფოში დილის 09:00 საათიდან 18:00 საათამდეა შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 577 59 76 52.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი